სამუსიკო განათლება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამუსიკო განათლება – მუსიკალური ხელოვნების სფეროში პროფესიონალების – კომპოზიტორების, მუსიკისმცოდნეების, შემსრულებლების (მომღერლები, ინსტრუმენტალისტები, ორკესტრისა და გუნდის დირიჟორები), პედაგოგების მომზადების სისტემა. სამუსიკო განათლებას საფუძველი ჩაეყარა ძველი აღმოსავლეთის ქვეყნებში, ანტიკურ საბერძნეთში. შუა საუკუნეების ევროპაში სამუსიკო განათლების კერები ყალიბდებოდა ქრისტიანულ ეკლესიებთან. XV ს. ნიდერლანდსა და საფრანგეთში დაარსდა სპეციალური საგუნდო კლასები (მეტრიზები), სადაც ასწავლიდნენ სიმღერას, ორგანზე დაკვრას, მუსიკის თეორიას (აქ აღიზარდნენ გამოჩენილი კომპოზიტორ-პოლიფონისტები გ. დიუფაი, ი. ობრეხტი, ი. ოკეგემი და სხვ.). სამუსიკო განათლება განსაკუთრებით განვითარდა რენესანსის ეპოქაში, როდესაც თეატრებისა და ორკესტრების მომრავლების გამო, საჭირო გახდა პროფესიონალი მუსიკოსების აღზრდა. XVI ს-ში იტალიაში სამუსიკო განათლების კერები იყო ბავშვთა თავშესაფრები, რომლებსაც კონსერვატორიები ეწოდებოდა. თანამედროვე სახის პირველი კონსერვატორია დაარსდა პარიზში (1795).

XIX-XX სს-ში კონსერვატორიები გაიხსნა ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში, სამხრეთ ამერიკისა და აშშ-ის დიდ ქალაქებში.

ამჟამად შექმნილია სამუსიკო განათლების სისტემა: საბავშვო სამუსიკო სკოლები (მოზარდების დაწყებითი განათლება), სამუსიკო სასწავლებლები (ამზადებენ პროფესიონალთა კადრებს საშუალო სამუსიკო განათლებით), სპეციალური სამუსიკო სკოლები (იძლევა ზოგად საშუალო სამუსიკო განათლებას), კონსერვატორიები, ხელოვნების ინსტიტუტები. უმაღლეს სამუსიკო სასწავლებლებთან არსებობს ასპირანტურა და ასისტენტურა. სასწავლო საგანი „მუსიკა“ შეტანილია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების სასწავლო პროგრამაში.

საქართველოში პროფესიულ სამუსიკო განათლებას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. იგი მჭიდროდ არის დაკავშირებული ქართულ ხალხური მუსიკის (სასულიერო და საერო) განვითარებასთან. IX-XIII სს-ში მოღვაწეობდნენ გამოჩენილი ჰიმნოგრაფები, რომლებიც წარმართავდნენ ქართული პროფესიული მუსიკალური კულტურის განვითარებას. მათ შორის იყვნენ გიორგი მთაწმინდელი, ექვთიმე მთაწმინდელი, იოანე მტბევარი, სტეფანე მტბევარი, მიქაელ მოდრეკილი, არსენ იყალთოელი, იოანე მინჩხი. შეიქმნა ქართული ნევმური (სანოტო) სისტემა, რომლის საშუალებითაც მოხერხდა ქართული საგალობლების ჩაწერა. შემორჩენილია რამდენიმე კრებული (ყველაზე ადრინდელი თარიღდება X ს-ით), შედგენილი მიქაელ მოდრეკილის მიერ. ამ კრებულით მტკიცდება, რომ ქართველებს ჯერ კიდევ მაშინ ჰქონიათ საფუძვლიანად დამუშავებული მუსიკის თეორია და თავისუფლად კითხულობდნენ მუსიკალურ ტექსტს ნოტების მიხედვით. პროფესიული სამუსიკო განათლების მაღალ დონეზე მიგვანიშნებს ეროვნული სამუსიკო ტერმინოლოგიაც. ქართული სამუსიკო ხელოვნების განვითარება მრავალგზის შეუწყვეტია უცხოელ დამპყრობთა შემოსევებს. XVIII ს-ში აღინიშნება ქართული მუსიკალური კულტურის ახალი აღმავლობა. მუსიკის სწავლებას სათანადო ადგილი ეთმობოდა სასულიერო სემინარიებში (თბილისი, თელავი), ეკლესიებთან არსებულ სამგალობლო სკოლებში. XIX ს-ში თანდათან გავრცელდა ევროპული და რუსული მუსიკის ტრადიციები. 20-იანი წლებიდან თბილისში დაარსდა კერძო სამუსიკო კლასები. 40-იანი წლებიდან მუსიკას ასწავლიდნენ ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტსა და თბილისის პირველ გიმნაზიაში. ასწავლიდნენ სხვადასხვა ინსტრუმენტებზე დაკვრას და მუსიკის ელემენტარულ თეორიას.

1871 თბილისში გაიხსნა „კავკასიის საზოგადოების“ სამუსიკო სკოლა. 1873-იდან ეროვნული სამუსიკო კადრების აღზრდის მთავარ კერად იქცა ხ. სავანელის, ა. მიზანდარის, კ. ალიხანოვის სამუსიკო კლასები, რომელთა საფუძველზეც 1874-1876 ჩამოყალიბდა სამუსიკო სკოლა, 1886 სამუსიკო სასწავლებელი, ხოლო 1917 სასწავლებელი კონსერვატორიად გადაკეთდა. ეროვნული სამუსიკო კადრების აღზრდის შესანიშნავ კერად იქცია თბილისის ქართული გიმნაზია. აქ მუშაობდნენ ზ. ფალიაშვილი, მ. ბალანჩივაძე, ზ. ჩხიკვაძე, ა. ყარაშვილი. 1905 თბილისში დაარსდა „ქართული ფილარმონიული საზოგადოება“, რომელთანაც 1908 გაიხსნა სამუსიკო სკოლა.

თბილისის კონსერვატორიის გარდა არის თბილისის სამუსიკო კოლეჯი, სამუსიკო სკოლები, სამუსიკო განყოფილება არსებობს საქართველოს სახელმწიფო თეატრალურ უნივერსიტეტში.

მ. ახმეტელი


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები