სარკოფაგების ტექსტები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სარკოფაგების ტექსტები – ჩნდება დაახლოებით ძველი სამეფოს დასასრულიდან და ძირითადად არასამეფო წარმოშობის ეგვიპტელების სარკოფაგებზე თავსდებოდა. მათ დანიშნულებას წარმოადგენდა გარდაცვლილის საიქიოში დაცვა და დახმარება, რომ ის აღზევებულიყო ზეცაში და მარადიული არსებობა ღმერთებთან ერთად გაეგრძელებინა, რაც აქამდე მხოლოდ ფარაონის პრეროგატივას წარმოადგენდა. თუმცა სარკოფაგების ტექსტები პირამიდების ტექსტების კორპუსის განვითარების შემდეგ საფეხურს წარმოადგენს და ბევრი რამ იქიდანაც არის გადმოტანილი, მაინც მასალის ძირითადი ნაწილი ახალია, რაც მათი „არასამეფო“ წარმოშობითაც არის განპირობებული.

ფარაონს გარდაცვალების შემდეგ შეეძლო მოეპოვებინა ადგილი რას გვერდით, თუ ის პირნათლად შეასრულებდა თავის ღვთაებრივ მისიას ამქვეყნიურ ცხოვრებაში. კერძო პირების შემთხვევაში, ამქვეყნიური მოვალეობებიდან გამომდინარე, ვითარება განსხვავებული იყო და მათი მარადიული საიქიო ცხოვრების ლეგიტიმირებაც განსხვავებულ დონეზე წყდებოდა. ეგვიპტეში ჯერ კიდევ ძველი სამეფოდან დაიწყო გარკვეული მორალური წარმოდგენების კოდექსის ჩამოყალიბება, რომელიც საბოლოოდ დაიხვეწა მკვდართა წიგნში და „ცოდვების უარყოფის სიით“ არის ცნობილი. სამუდამო ნეტარებისათვის რიგით ეგვიპტელს ისე უნდა გაეტარებინა ცხოვრება, რომ არ დაერღვია ეს მორალური ნორმები, სხვა შემთხვევაში ის ვერ შეძლებდა მარადიულ კოსმიურ ციკლში მოხვედრას. ასეთმა წარმოდგენამ წინ წამოსწია საიქიო სამსჯავროს ცნება, რომლის წინაშე ყველა გარდაცვლილი ერთნაირად წარდგებოდა, და სადაც თითოეულ მათგანს თავისი უცოდველობა უნდა დაემტკიცებინა, რაც ჯერ ანონიმური „დიდი ღვთაების“ წინაშე ხდებოდა, მაგრამ თანდათან, შუა სამეფოს დროს ოსირისის საოცარ აღზევებასთან ერთად, ოსირისის სამსჯავროს სახეს იღებს. ამდენად, აქ ოსირისი უფრო მნიშვნელოვანი და გამოკვეთილი ფიგურა ხდება, და „გასამართლების“ მიუხედავად, გარდაცვლილი ხან თავად ოსირისად, ხან კი მის მშველელად არის მოვლენილი.

ახალია სარკოფაგების ტექსტებში ასევე საყვარელ ადამიანებთან, ძირითადად ოჯახის წევრებთან საიქიოში შეხვედრის მძაფრი სურვილი. ასევე ახალია წარმოდგენა, რომ გარდაცვლილს საიქიოს ლელიანის მინდვრებში ყანების დამუშავებაში უნდა მიეღო მონაწილეობა, ამიტომ სწორედ აქ ჩნდება პირველი უშებტის (ან შევაბტის) გამონათქვამები – ფიგურების, რომლებსაც ეს სამუშაოები გარდაცვლილის მაგივრად უნდა ეკეთებინათ. გარკვეული გამონათქვამების დახმარებით უნდა მომხდარიყო გარდაცვლილის ტრანსფორმირება სხვადასხვა ღმერთად („ნებისმიერ ღმერთად, რომელიც შეიძლება ისურვო“, CT 290), ასევე ფრინველად, ცეცხლად და სხვ. მრავალ გამონათქვამში მოხსენიებულია სამყაროს შექმნა, რადგან გარდაცვლილი ხშირად შემოქმედ ღვთაებადაც არის წარმოდგენილი. ზოგადად, სარკოფაგების ტექსტებში საიქიო სამყარო უფრო დრამატული და საშიშროებით სავსეა, ვიდრე პირამიდების ტექსტებში, თუმცა აქაც ციურ განზომილებაშია წარმოდგენილი. აქ პირველად ჩნდება აპოპი – გიგანტური გველი, რომელიც ყოველ ღამე ებრძოდა რას მისი ციკლიური კურსის შესაჩერებლად. სარკოფაგების ტექსტებით ფაქტობრივად გაუქმდა ის ექსკლუზიურობა, რომელიც გარდაცვლილ ფარაონს დანარჩენი მოკვდავებისაგან განასხვავებდა, რადგან ამიერიდან ყველა გარდაცვლილი, რომელსაც მატერიალური მდგომარეობა საშუალებას აძლევდა, შესაბამისი სამარხი და სარკოფაგი შეეკვეთა, შეიძლებოდა გარდაცვალების შემდეგ ოსირისი გამხდარიყო და ღმერთების კოსმიურ ციკლში ყოფილიყო ჩართული. ამ მხრივ განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს სარკოფაგების ტექსტების გამონათქვამი, სადაც რა ამბობს, რომ მან ყველა ადამიანი თანასწორი შექმნა და არ უსწავლებია მათთვის ცუდის ჩადენა, მაგრამ ადამიანები ცუდს საკუთარი სურვილით სჩადიან.

სარკოფაგების ტექსტების ძირითადი მასა შუა ეგვიპტეშია ნაპოვნი და XII დინასტიით არის დათარიღებული, თუმცა გამოიყენებოდა მთელ ქვეყანაში, დელტიდან ასუანამდე, ძირითადად შუა სამეფოს დასასრულამდე (XVII ს.ჩვ.წ.-მდე), როცა ისინი მკვდართა წიგნმა შეცვალა. მიუხედავად ამისა, ცალკეული გამონათქვამები ახალი სამეფოს სარკოფაგებზეც გვხვდება. ამას გარდა, მათ ათავსებდნენ სამარხების კედლებზე, კანოპებზე, სტელებზე, მუმიების ნიღბებზე და პაპირუსებზე. მათი ენა ძირითადად შუა ეგვიპტურია, ხანდახან ძველი ეგვიპტურის იმიტაციით. გამონათქვამებს წერდნენ ვერტიკალური სვეტებით, ე.წ. „კურსივის ტიპის“ იეროგლიფებით, ან ადრე-იერატიულით. განსხვავებით პირამიდების ტექსტებისაგან, გამონათქვამები დასათაურებულია. ემფატიურობისათვის გამოყენებულია წითელი მელანი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გამონათქვამები მთლიანად წითელი მელნით არის შესრულებული. ეგვიპტური ტექსტის გამოცემა, რომელიც 1185 გამონათქვამს შეადგენს და დღემდე ყველაზე სრულყოფილად არის მიჩნეული, ეკუთვნის ა. დე ბუკს.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები