ოსირისის სამსჯავრო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ოსირისის სამსჯავრო, მვდართა წიგნიდან

ოსირისის სამსჯავროპირველი გარდამავალი პერიოდის დროს, როცა იწყება მიცვალებულთა კულტის დემოკრატიზაცია და მიცვალებულთა კულტთან დაკავშირებული ტექსტების შექმნა არასამეფო მიცვალებულთათვის, რადიკალურად იცვლება წარმოდგენა საიქიო სამყაროზე და მარადიულ არსებობაზე გარდაცვალების შემდეგ.

მარადიული არსებობა გარდაცვალების შემდეგ ეგვიპტეში ჯერ კიდევ ძველი სამეფოდან ადამიანის სულიერ საწყისთან იყო დაკავშირებული, რომელიც გარდაცვალების მომენტში სხეულს შორდებოდა. თანდათან ჩამოყალიბდა წარმოდგენა, რომ მარადიული ნეტარება შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ მათთვის, ვინც ცხოვრებას გარკვეული მორალური ნორმების შესაბამისად გაატარებდა. ასეთმა წარმოდგენებმა წარმოშვეს „განმსჯელის“ საჭიროება, რომელიც გარდაცვლილთა სულის განსჯას უხელმძღვანელებდა. ეს როლი ბუნებრივად დაეკისრა ოსირისს, რომელიც ამ დროისათვის უკვე საიქიო სამყაროს მბრძანებლად და ყველა ნეკროპოლისის მთავარ მფარველ ღვთაებად იყო მიჩნეული. განსაკუთრებით დეტალურად ოსირისის სამსჯავრო ახალი სამეფოს პერიოდის „მკვდართა წიგნშია“ აღწერილი, მაგრამ ის სათავეს შუა სამეფოს პერიოდის მიცვალებულთა ტექსტებში იღებს.

ეგვიპტელის წარმოდგენით, მიცვალებულის განსჯა შემდეგნაირად ხდებოდა: განსჯის დარბაზში დაშვებამდე, მას უნდა გაეცა პასუხი რამდენიმე კითხვაზე, რომლებიც ავლენდა, თუ რამდენად გააზრებული ჰქონდა მას, თუ სად მოვიდა. ამ დარბაზს ეგვიპტელები „ორივე მაატის დაბაზს“ ეძახდნენ. განსჯის დარბაზში ოსირისი თავის ტახტზე იყო დაბრძანებული. მის გარშემო იყო 42 მოსამართლე. ეს რიცხვი, სავარაუდოდ, ეგვიპტის 42 ნომს შეესაბამებოდა. ოსირისის წინ იდგა სასწორი, რომელზეც გარდაცვლილის გული უნდა აეწონათ. სასწორის მეორე თეფშზე იდო ბუმბული, რომელსაც წონა არ ჰქონდა. იმავდროულად, ბუმბული სიმართლის ქალღმერთის, მაატის სიმბოლოც იყო. უცოდველი და მართალი გული (ეგვიპტელს სჯეროდა, რომ გული აზროვნების წყარო იყო), ეგვიპტელის წარმოდგენით, ისეთი მსუბუქი უნდა ყოფილიყო, რომ ბუმბულს არ გადაწონიდა. სასწორის მეთვალყურე იყო თოტი, ამ შემთხვევაში როგორც მაგიის და რიცხვების ბატონი.

გარდაცვლილი დარბაზში ანუბისს შემოჰყავდა. იქვე იყო საშინელი დემონი, „შთანმთქმელი“, რომელიც შთანთქავდა მათ, ვინც ცოდვებით დამძიმებული აღმოჩნდებოდა. ოფიციალური რწმენის თანახმად, სწორედ ეს ნიშნავდა მეორედ და სამუდამოდ სიკვდილს. თოტი გარდაცვლილს ოთხ კითხვას უსვამდა, რომლებზეც მას პასუხი უნდა გაეცა. მათი შინაარსი იყო, რომ გარდაცვლილი მოვიდა ოსირისთან, რომ განაცხადონ მის შესახებ, და რომ ის თავისუფალია ცოდვებისაგან. ამის შემდეგ თოტი საზეიმოდ აცხადებდა, რომ მიცვალებული „განცხადებულია“. ამის შემდეგ მიცვალებულს უნდა წარმოეთქვა სიტყვა, რომელსაც ეგვიპტოლოგიაში „ცოდვების უარყოფის სიტყვა ეწოდება. ის შედგებოდა იმ 42 ცოდვის უარყოფისაგან, რომლებიც, ეგვიპტელის თვალში, ყველაზე დიდ ბოროტებას განასახიერებდა. მიცვალებული ამბობდა, რომ მას არ მოუკლავს, არ მოუპარავს, არავინ აუტირებია, არ უღალატია ცოლისათვის (ან ქმრისათვის), არ მიუცია ყალბი ჩვენება და ა.შ. ის ასევე ამბობდა, რომ აძლევდა წყალს მწყურვალეს, საჭმელს მშიერს და ტანსაცმელს შიშველს. სიტყვის შემდეგ მის გულს სასწორზე დებდნენ. თუ ცოდვილი გამოდგებოდა, სამუდამო ნეტარების ნაცვლად სამუდამოდ გაქრობა ელოდა. რეალურად, ოსირისი არ განსჯიდა მათ, ის უბრალოდ ესწრებოდა მათ განსჯას. ცოდვილები და ბოროტები ისჯებოდნენ თავიანთი ბოროტების გამო, და არა იმიტომ, რომ მათ ოსირისი სჯიდა.

ოსირისის სამსჯავრო კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ მნიშვნელობას, რომელსაც ეგვიპტელი გულს ანიჭებდა. „მკვდართა წიგნი“, რომელსაც მიცვალებულს სამარხში ატანდნენ, მოიცავდა ბევრ გამონათქვამს, რომელიც მიცვალებულს უნდა „დახმარებოდა“. გარდა ყველაზე მნიშვნელოვანი 125-ე თავისა, რომელიც ცოდვების უარყოფას შეიცავდა, აქ იყო თავები, რომლებიც უნდა დახმარებოდა მიცვალებულის სულს გამოსულიყო საფლავიდან დღისით, რომ არ ემუშავა საიქიოში, რომ ის არ შეეჭამა გველს საიქიოში და ა.შ., მაგრამ განსაკუთრებულ ემოციებს იწვევს თავი 30B, რომელიც შეიცავს თხოვნას საკუთარი გულისადმი: „ჩემო გულო, რომელიც მე დედამ გადმომცა, ჩემო გულო, რომელიც მე სხვადასხვა ასაკში მომყვებოდი, ნუ დადგები მოწმედ ჩემ წინააღმდეგ, ნუ განეწყობი ჩემდამი მტრულად სასწორის მეთვალყურესთან, ნუ იტყვი ტყუილს ჩემ შესახებ ღმერთის წინაშე.

წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები