საწარმოთქმო ორგანოები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საწარმოთქმო ორგანოები – ორგანოები, რომლებიც მონაწილეობენ ბგერათა წარმოქმნაში. საწარმოთქმო ორგანოებს ეკუთვნის ბაგეები, კბილები, ენა, სასა (მაგარი და რბილი), ნაქი, ცხვირის ღრუ, ქვედა ყბა, ხორხი, ხახა, ბრონქები, ტრაქეა, ფილტვები, დიაფრაგმა. არც ერთი ჩამოთვლილი ორგანოსათვის სამეტყველო ფუნქცია არ არის პირველადი. მათ აქეთ ბიოლოგიური, სასიცოცხლო დანიშნულება, სამეტყველო ფუნქცია კი მეორეულია. სამეტყველო ბგერას ქმნის ჰაერნაკადი, რომელიც ამოედინება ფილტვებიდან, გაივლის ბრონქებს, ტრაქეას, ხორხის გსით ხახის გავლით გამოდის გარეთ პირის ან ცხვირის ღრუდან.

მთელი სამეტყველო აპარატი ბგერის წარმოების თვალსაზრისით შეიძლება სამ ნაწილად დაიყოს: 1) ხორხის ქვედა ნაწილი: 2) ხორხი; 3) ზესადგამი მილი. ხორხის ქვედა ნაწილი შედგება ფილტვების, ბრონქებისა და ტრაქეისაგან. ამ ნაწილში ბგერა არ იწარმოება, ხორხი ანუ ლარინგსი შედგება ბეჭდისებრი, ფარისებრი, ციცხვისებრი ხრტილებისა და ხორხსარქვლისაგან. ხორხში მბგერი იოგები ანუ სახმო სიმებია მოთავსებული. აქ იწარმოება ლარინგალური ბგერა. ზესადგამი მილი იწყება ხახის ღრუთი (ფარინგსი), რომელსაც აგრძელებს ორი ღრუ – პირისა და ცხვირის. პირისა და ცხვირის ღრუს ერთმანეთისაგან ყოფს სასა. სასის წინა ნაწილი (პალატუმი) მაგარია, ხოლო უკანა (ველუმი) –– რბილი. რბილი სასა მთავრდება ნაქით. პირის ღრუშია მოთავსებული ყველაზე მნიშვნელოვანი სამეტყველო ორგანო – ენა. პირის ღრუს კეტავენ ბაგეები. პირის ღრუში წარმოითქმის სამეტყველო ბგერათა დიდი უმრავლესობა, რომლებიც ცნობილია ორალური ბგერების სახელწოდებით. ქართულში ცხვირის ღრუში იწარმოება ნაზალური თანხმოვნები. ბგერის წარმოთქმაში მონაწილეობის თვალსაზრისით საწარმოთქმო ორგანოები იყოფა აქტიურ და პასიურ ორგანოებად. აქტიური ორგანოებია ბაგეები, ენა, რბილი სასა ნაქითურთ, ქვედა ყბა, სახმო სიმები. პასიურია კბილები, ნუნები, მაგარი სასა.

ზ. ჯაფარიძე

ლიტერატურა

ახვლედიანი გიორგი ზოგადი ფონეტიკის საფუძვლები. თბ. 1949;

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები