სილე
სილე – ეგვიპტის აღმოსავლეთი სასაზღვრო ციხესიმაგრე და მეთოთხმეტე ქვემოეგვიპტური ნომის დედაქალაქი (სავარაუდოდ, მდებარეობდა თანამედრ. თელ ელ-ჰაბუასთან.
პ. მონტეს აზრით, ტიარუ არის იგივე მესენი. მდებარეობდა „ხორის გზის“ დასაწყისში (ეგვიპტიდან აზიისაკენ მიმავალი მთავარი გზა, რომელიც უნდა გაევლო ყველა აღმოსავლეთით მიმავალ ჯარს). „სილეს“ ან „ზელეს“ ეძახდნენ ბერძნები. მოიხსენიება ასევე, როგორც „ჩარუ“ და „ჯარუ“.
ქალაქი მდებარეობდა უდაბნოში, და ამიტომ ხშირად გამოიყენებოდა, როგორც კანონდამრღვევების გადასახლების ადგილი. სწორედ ასეა მოხსენიებული ქალაქი ხორემხების ცნობილ ედიქტში, სადაც ის კანონდამრღვევთ ცხვირების დაჭრით და „ტიარუში გასახლებით“ ემუქრება. მთავარი ღვთაება, შევარდნის სახის, მჭიდრო კავშირში იყო ედფუს ხორთან და ჰქონდა ეპითეტი „მესენის ბატონი“. შესაბამისად, სილე მოიხსენიებოდა, როგორც „ქვემო ეგვიპტის ედფუ“. ედფუს ლეგენდის თანახმად, ბეხდეტელი ხორი გადაიქცევა ადამიანისთავიან ლომად, როცა ის იბრძვის სილეში. საგულისხმოა, რომ სილეში უძველეს დროში ეთაყვანებოდნენ ლომის სახის ღვთაებას, რომელიც შევარდნის სახის ღვთაებას შეერწყა. აქ მდებარეობს ტაძრის ნანგრევები, რომლებიც ააგეს სეტი I-მა და რამსეს II-მ.