სიპტახი
სიპტახი – (ეგვ. S3-Pth, „პტახის ვაჟი“ დაახლ.ჩვ.წ.-მდე 1204-1198 წწ.), ეგვიპტის XIX დინასტიის ფარაონი. მისი დედა შესაძლოა იყო აზიური წარმოშობის დედოფალი სუტაილია (ან შოტერაია), შესაძლოა ქანაანიდან. მის შესახებ არაფერია ცნობილი. სიპტახის მამა შესაძლოა იყო ამონმესე ან სეტი II. მაგრამ რამსეს III-ის მოსახსენიებელი ტაძრის (მედინეტ ჰაბუ) ცნობილ ფარაონების პროცესიაში ამონმესე და სიპტახი გამოტოვებული არიან, რაც ბადებს ეჭვს, რომ XX დინასტიის ფარაონები მათ არალეგიტიმურად მიიჩნევდნენ, ამიტომ საეჭვოა, რომ სიპტახი სეტი II-ის ვაჟიშვილი ყოფილიყო.
ტახტზე სიპტახი დაახლოებით ათი წლის ასაკში ავიდა და ამიტომ მისი მეფობის დროს მისი დედინაცვალი, სეტი II-ის მთავარი მეუღლე ტაოსრეტი რეგენტის როლს ასრულებდა. სიპტახის გარდაცვალების შემდეგ მან თავი მეფედ გამოაცხადა. სიპტახი დაკრძალეს მეფეთა ველზე, მაგრამ მისი მუმია, სხვა 18 მუმიასთან ერთად, აღმოაჩინეს ამონხეტეპ II-ის დიდ სამარხში (KV 35) 1898 წელს, სადაც ისინი მძარცველებისაგან იყვნენ გადამალული. მუმიის შესწავლით დადგინდა, რომ სიპტახს ჰქონდა წითელი ხვეული თმა და მისი ფეხი სავარაუდოდ პოლიომიელიტით იყო დასახიჩრებული.