ტაკელოტ II

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტაკელოტ II (მარცხნივ) და ამონ-რა, კარნაკი

ტაკელოტ II – ეგვიპტის XXII დინასტიის ფარაონი (დაახლ, ჩვ.წ.-მდე 860-835 წწ.) ოსორკონ II-ის ვაჟი იყო. თავისი სეხნიის, ტაკელოტ I-ის მსგავსად, ტახტზე ადის ტახტის მემკვიდრის, ასევე შეშონკის უდროო გარდაცვალების გამო.

ენერგიული მამისაგან განსხვავებით, ის პრაქტიკულად არ ეწეოდა სამშენებლო სამუშაოებს და სავარაუდოდ მისი სამარხიც კი (მამის სამარხის ტერიტორიაზე) მისმა მემკვიდრემ, შეშონკ III-მ დაასრულა. ჯერ კიდევ უფლისწულად ყოფნისას ოსორკონმა ცოლად შეირთო თებეს მთავარი ქურუმის და თავისი ნახევარი ძმის ქალიშვილი კეროამა, ასე რომ ნიმლოტის სიცოცხლეში ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის მშვიდობა სუფევდა. კავშირების კიდევ უფრო გასამტკიცებლად, ტაკელოტმა თავისი რამდენიმე ქალიშვილი თებელ დიდგვაროვნებზე გაათხოვა, ერთი ქალიშვილი კი გაგზავნა თებეში, როგორც ამონის ტაძრის მომღერალი. მაგრამ ნიმლოტის გარდაცვალების შემდეგ ტაკელოტმა თებეს მთავარი ქურუმის, მთელი ქვეყნის და სამხრეთის მმართველის თანამდებობებზე თავისი უფროსი შვილი და მემკვიდრე, ოსორკონი დანიშნა, რამაც თებეში უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან მათ ამ პოსტებზე თებელის ნახვა უნდოდათ. ქალაქში ჩასვლისთანავე ოსორკონმა დასაჯა მოწინააღმდეგეები და მათი სხეულები დაწვა. იმავდროულად, მდიდარი შესაწირით ამონის ტაძრისადმი და დეკრეტებით, რომლებიც ადასტურებდა ამონის ქურუმების უფლებას ტაძრების მთელ შემოსავალზე, მან თითქოს ქურუმების გული მოიგო, მაგრამ მოწინააღმდეგემ ძალა მოიკრიბა და ტაკელოტის მეფობის მეთხუთმეტე წელს ქვეყანა საშინელმა სამოქალაქო ომმა მოიცვა, რომელმაც დაახლოებით ათ წელს გასტანა. ამასობაში ტანისში გარდაიცვალა ტაკელოტ II, და უიღბლო ოსორკონმა, რომელიც ამ დროს თებეში იყო, სამხრეთში თანამდებობებთან ერთად ტახტიც დაკარგა. ტანისში მყოფმა ოსორკონის უმცროსმა ძმამ, შეშონკმა სასწრაფოდ დაკრძალა მამა ბაბუის, ოსორკონ II-ის სამარხის წინა ოთახში და ტახტს დაეუფლა.

წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები