ტკბილი ფორთოხლები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Citrus sinensis Osbeck

ტკბილი ფორთოხლები - Citrus sinensis Osbeck. სინონიმები: A uratium vulgare medula dulci Fer. Aurantium frusti dulci Volcamer. C. aurantium var. sinensis L. C. aurantium Risso'.

ხალხური სახელები:

დღემდე ჩვენში ფორთოხლის კულტურას ჯეროვანი ყურადღება არ ექცეოდა, რამაც თავისი გამოხატულება პოვა ფართობების ნელი ტემპით ზრდაში. სადღეისოდ ეს ნაკლი უკვე დაძლეულია; ფორთოხლების დიდი კოლექციიდან შერჩეულია ჩვენს პირობებში სამრეწველოდ გასავრცელებელი „ვაშინგტონ ნაველის“ ფორმები და წითელხორციანი ფორთოხლები, რომლებსაც აგრეთვე „კოროლიოკებს“ უწოდებენ.

ფორთოხლები წარმოადგენს ციტრუსების მეტად გავრცელებულ სახეობას, მისი კულტურა განსაკუთრებით გავრცელებულია სუბტროპიკულსა და ტროპიკულ ქვეყნებში. ფორთოხალი, ისე როგორც ყველა ციტრუსი, ძლიერ მუტაბილურია; ხშირია მისი როგორც გენერაციული, ისე ვეგეტაციური ცვალებადობანი. ამ კულტურას საუკუნოებრივი ისტორია აქვს, რომლის მანძილზე წარმოიშვა სახეებისა და ფორმების დიდი რაოდენობა. მრავალი ქვეყნის ციტრუსოვან კულტურებში ფორთოხალს პირველი ადგილი უჭირავს. XIX საუკუნის ბოლო წლების ლიტერატურაში გვხვდება 100-ზე მეტი ჯიშის აღწერილობა; უმრავლესობა ადგილობრივი მნიშვნელობისაა და გამოსადეგია მხოლოდ წარმომშობ რაიონებისათვის; საყოველთაო ყურადღების დამსახურება მხოლოდ რამდენიმემ შეძლო. ფორთოხლების ასეთი მრავალფეროვნება მოითხოვს ყოველმხრივად სრულყოფილსა და სხარტ კლასიფიკაციას, რაც, სამწუხაროდ არ მოგვეპოვება. ტანაკას და ჰიუმის კლასიფიკაციები ვერ არის დამაკმაყოფილებელი. სპეციალისტების უმრავლესობის მიერ მიღებულია კლასიფიკაცია, რომელსაც საფუძვლად უდევს, ხისა და ნაყოფის თავისებურებათა გარდა, ამა თუ იმ ჯიშის ადგილწარმოშობა. ყველა ფორმა დაყოფილია ოთხ დიდ ჯგუფად:

  1. ხმელთაშუა ზღვის;
  2. ესპანეთის;
  3. წითელხორციან და
  4. ჭიპიან ფორთოხლებად.


ფორთოხალი
  1. ხმელთაშუა ზღვის ფორთოხლებს ახასიათებს ნახევრად ნაგალა ან საშუალო ზომის ზრდა, უხვად შეფოთვლა მცირე ან საშუალო სიდიდის ფოთლებით. ხეები უხვმოსავლიანია, საშუალო ზომისა, მოგრძო ან ოდნავ ოვალური ნაყოფით. სასიამოვნო გემო და საკმაო სინაზე მას საუკეთესო ხილის რიგში აყენებს. ნაყოფი, როგორც წესი, მწიფდება ჩანასკვის მეორე წლის ზაფხულზე. ამ ჯგუფის მთავარი ჯიშების წარმოშობის ადგილად ითვლება ხმელთაშუა ზღვის, აფრიკის და იტალიის ნაპირები. გავრცელებულია აგრეთვე აზორის კუნძულებსა და პალესტინაში. ამ ჯგუფში შედის ცნობილი „იაფას“ და „მაიორკის“ ჯიშები, რომლებიც არსებითად განსხვავდება ხმელთაშუა ზღვის სხვა წარმომადგენლებისაგან და დამსახურებული აქვთ საყოველთაო მოწონება. ამ ჯგუფის თითქმის ყველა ჯიში საგვიანოა და სრული დამწიფებისათვის მოითხოვს 16–17 თვეს, რაც ამ ჯიშებს იშვიათი გამონაკლისის გარდა, ჩვენში სუბტროპიკული რაიონებისათვის შეუფერებელს ხდის.
  2. ესპანეთის ჯიშებს ახასიათებს საკმაოდ ძლიერი, მაღალი და დიდი ზრდა. ხეები უხვად შეფოთლილია, ოვალური, საკმაოდ მოზრდილი, მკვეთრად გამოსახული ფრთიანი ფოთლებით; მოსავლიანობა უხვი იცის. ნაყოფი დამაკმაყოფილებელი გემოსია, მხოლოდ რბილის უხეში აპკები მეტად სცემს ამ ფორთოხლების ხარისხს; თუ ამას მივუმატებთ გვიან დამწიფებასა და მრავალთესლიანობას, ამ ჯიშების უვარგისობა ჩვენი რაიონებისათვის აშკარა გახდება. ესპანეთის ტიპის ფორთოხლები სამასი წლის წინათ შეიტანეს ჩრდილო ამერიკაში და განსაკუთრებით ფეხი მოიკიდა ფლორიდაში, სადაც შექმნა მრავალი ადგილობრივი ჯიში.
  3. წითელწვნიანი ფორთოხლების ჯგუფი წარმოადგენს ხმელთაშუა ზღვის ტიპის მსგავს ფორთოხლებს. განმასხვავებელ თვისებას წარმოადგენს: ნაგალა ზრდა, გაცილებით წვრილი და მომრგვალო ოვალური ფოთლები, საშუალო ან წვრილი ნაყოფი; წვენში მრავალი წითელი პიგმენტია, რის გამო ხორცი დამწიფებისას სისხლის ფერს ღებულობს. დამწიფებისას სიწითლე გარედანაც გადაეკვრება ხოლმე. ეს ჯგუფი ხმელთაშუა ზღვის ფორთოხლებზე უფრო ადრეულაა. სრული დამწიფებისათვის საჭიროა 14–15 თვე. სრულად დამწიფებული ნაყოფი მშვენიერი გემოსი და მაღალი ხარისხისაა. წითელწვნიანი ფორთოხლები ჩვენში მოიპოვება რამდენიმე ჯიშისა, რომლებიც, მართალია, ვერ ასწრებს დამწიფებას ერთი სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში, მაგრამ ნაყოფი ზამთრის სიცივის დადგომამდე, როცა მოსავალი უნდა მოიკრიფოს, ისეთ განვითარებას ასწრებს, რომ შენახვისას აღწევს საკმაოდ სასიამოვნო გემოს და წვენის გაწითლებას.
  4. ჭიპიანი ფორთოხლები წარმოადგენს ფორთოხლების მეტად საინტერესო ჯგუფს; ცნობილია მე-17 საუკუნის დასაწყისიდან. ჭიპიანი ფორთოხლების გამასხვავებელ თვისებებს უნდა მიეკუთვნოს შემდეგი: ნაგალა ან პატარა ხეები, ლამაზი, მბზინვარე ფოთლები; ხეებს, როგორც წესი, ეკლები არა აქვს და თუ აქვს – ძლიერ პატარა, მახვილი და წვრილი. ნაყოფი ორმაგია, ძირითადი ნაყოფის წვერზე ჩაზრდილია მეორე, მომცრო ნაყოფი, რომლის გარშემო ან დანაოჭებულია ან გადაზრდილია ძირითადი ნაყოფის კანი და ეს ადგილი, ჭიპთან მსგავსების გამო, გახდა ფორთოხლების ამ ტიპის სახელწოდების მიზეზი. ხე უხვმოსავლიანია. ტენიან რაიონებში მოსავლიანობა მცირეა, მაგრამ ნაყოფი საკმაოდ ყინვის გამძლეა, ყველა ფორთოხალზე ადრეულა და ტრანსპორტაბელურია; კარგად იტანს შენახვას. ნაყოფის სეგმენტები მოზრდილია და უთესლო. უთესლობის მიზეზია მტვრიანების დეფექტივობა, თესლი უჩნდება სხვა ციტრუსების მტვერით განაყოფიერების შემთხვევაში. ჭიპიანი ფორთოხლების ჯგუფიც მეტად მუტაბელურია, არსებობს მრავალი, მეტად საინტერესო, ჯიში და კლონი, რომლებიდანაც 100-ზე მეტი ფორმაა აღწერილი.

ჭიპიანი ფორთოხლები მეტად პერსპექტიულია, მეტადრე საქართველოს სუბტროპიკულ ზოლში, სადაც წარმოდგენილია მეტად ჭრელი კლონების სახით და მათ შორის შესაძლებელია საუკეთესოების არჩევა, სანამ ჭიპიანი ფორთოხლები შესაფერ შეფასებას მოიპოვებდა, კარგა ხანს იმოგზაურა ამერიკა-ევროპის შუა, დღეს კი „ვალენსია“ და „იაფას“ ჯიშებთან ერთად დაპყრობილი აქვს მსოფლიო ბაზარი. გავრცელებულია კალიფორნიაში, ესპანეთში, სამხრეთ ამერიკასა და ავსტრალიაში.

ჭიპიანი ფორთოხალი წარმოადგენს ვეგეტაციურ მუტანტს. ყველა სახესხვაობა ნაკლებად კონსტანტურია და ხშირია დეპრესიული მოვლენებიც.

ცნობილია, რომ ნაყოფი გაცილებით უფრო სათუთია და ტემპერატურის 00C ქვევით დაცემა გამოუსადეგარს ხდის მთელ მოსავალს. აღნიშნულის გამო ყველა ჯიში ჩვენში ვერ იქნება გავრცელებული, გარდა ისეთებისა, რომლებიც შვიდი და რვა თვის განმავლობაში ასწრებს სიმწიფის ისეთ დონემდე მიღწევას, როდესაც ნაყოფში სიმჟავისა და სიტკბოს შეფარდება, ზამთრის სიცივეების დაწყებამდე, შესაძლებელს ხდის მოსავლის მოკრეფას და შენახვისას სიმწიფის დასრულებას. ასეთი თვისება კი აქვს მხოლოდ მეტად მცირე რაოდენობას. მეტადრე ესპანეთის და ხმელთაშუა ზღვის ჯიშები, ჩვენში არსებული ნარგავების მონაცემებით, მცირე გამონაკლისის გარდა, იძლევა მეტად მჟავე და დაბალი ხარისხის მოსავალს.

ფორთოხლის კულტურა ჩვენში უნდა წარიმართოს ყინვაგამძლე, ადრეულა ჯიშების გავრცელების მიმართულებით, სახელდობრ: „ვაშინგტონ-ნაველის“, „ტომსონ-ნაველის“, მათი საუკეთესო კლონებითურთ, ჰამლინის, „იაფასი“, პარსონბრაუნის, წითელწვნიანი ფორთოხლების ზოგიერთი ნაცადი ჯიშისა და რამდენიმე ადგილობრივი ჯიშის მოშენებით, რომლებიც ჩვენში ძველთაგანვეა გავრცელებული.

რაც მთავარია, ჩვენი მიჩურინული მეცნიერების დახმარებით რაც შეიძლება მცირე ხნის განმავლობაში გამოყვანილი უნდა იქნეს ჩვენი ჰავისათვის შესაფერისი ჯიშები. ამ მხრივ ფართო მუშაობა უკვე დაწყებულია.




წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები