ტოპოგრაფიული რუკა
ტოპოგრაფიული რუკა - (topographic map), უნივერსალური დანიშნულების ზოგადგეოგრაფიული რუკა ადგილის დეტალური გამოსახულებით. იყოფა: მსხვილმასშტაბიან (1:50 000 და მსხვილი), საშუალომასშტაბიან (1:100 000 – 1:500 000) და წვრილმასშტაბიან (1:500 000-ზე წვრილი) რუკებად. ყველა ქვეყანას აქვს კარტოგრაფიული პროექციების, მასშტაბების, რუკათა ნომენკლატურის და პირობითი აღნიშვნების ოფიციალურად მიღებული სახელმწიფო სისტემა.
მსხვილმასშტაბიანი ტოპოგრაფიული რუკები (1:50 000 და მსხვილი) იქმნება აეროფოტოგადაღების და საველე ტოპოგრაფიული აგეგმვის მასალებით, ხოლო სხვა მასშტაბის რუკები – უფრო მსხვილმასშტაბანი რუკებიდან. ხმელეთის ტოპოგრაფიული რუკების შინაარსის ელემენტებია: საყრდენი გეოდეზიური პუნქტები, რელიეფი, ჰიდროგრაფია, მცენარეული საფარი, გზები, საზღვრები, სამეურნეო და კულტურის ობიექტები. ტოპოგრაფიულ რუკებს იყენებენ, როგორც საფუძველს, თემატური რუკების, რელიეფის ციფრული მოდელის, გის-ების ციფრული რუკების შესადგენად.
შეიარაღებულ ძალებში გამოიყენება ადგილმდებარეობის შესწავლის და შეფასებისთვის, ოპერაციების დაგეგმვის, ურთიერთქმედების ორგანიზაციის, ჯარების მართვისთვის; მეთაურის სამუშაო რუკებად, საბრძოლო წყობის მიბმის, თავდაცვითი ხასიათის სხვადასხვა ღონისძიებების შემუშავების და მოწყობისთვის. ტოპოგრაფიული რუკები არის სპეციალური რუკების საფუძველი, მათ შინაარსს პერიოდულად განაახლებენ.