ქვემოკლიძე ქეთევან
ქეთევან ქვემოკლიძე – (7 ივლისი 1981, თბილისი), ქართველი მომღერალი (მეცო-სოპრანო).
2005 დაამთავრა თბილისის კონსერვატორიის მაგისტრატურა (პროფ. კარიაულის კლ.). 2002 ჯერ კიდევ კონსერვატორიაში სწავლის დროს შედგა მისი დებიუტი თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე ვერდის ოპერაში „რიგოლეტო“, ამავდროულად გახდა საქართველოს II რესპუბლიკური და ახალგაზრდული კონკურსების ლაურეატი. იმთავითვე მონაწილეობდა თბ. საოპერო სპექტაკლებსა და საკონცერტო პროგრამებში. ქვემოკლიძეს დიდი წარმატება მოუტანა ბელვედერის საერთაშორისო კონკურსმა (ვენა), სადაც დაჯილდოვდა „ლა სკალას“ საოპერო თეატრის სპეციალური პრიზით, რის შედეგადაც უგამოცდოდ ჩაირიცხა ამავე თეატრთან არსებულ აკადემიაში. მნიშვნელოვან ფაქტად იქცა სხვადასხვა დროს ქეთევან ქვემოკლიძის მონაწილეობა „ლა სკალას“ თეატრის წარმოდგენებში. ქეთევან ქვემოკლიძემ გაიმარჯვა ფ. ვინიასის (ბარსელონა), პ. დომინგოს, ე. ობრაზცოვას (სანკტ-პეტერბურგი) და ტულუზის საერთაშორისო კონკურსებზე. განსაკუთრებული ვოკალური და სასცენო მონაცემების, მაღალი პროფესიონალიზმის და დახვეწილი ტექნიკის წყალობით ქეთევან ქვემოკლიძე მსოფლიო წამყვანი საოპერო თეატრების სასურველი სტუმარია. ქეთევან ქვემოკლიძე აღიარებულია როსინისა და მოცარტის ნაწარმოებთა შესანიშნავ შემსრულებლად. ესპანელმა რეჟისორმა კარლოს საურამ ქეთევან ქვემოკლიძე გადაიღო ადრიანა ფერარეზეს (დონა ელვირა) როლში ფილმში „მე დონ ჯოვანი“, რომელმაც დიდი გამოხმაურება პოვა საერთაშორისო კინოფესტივალზე.
ქეთევან ქვემოკლიძის დისკოგრაფია: როსინის „სევილიელი დალაქი“, გუნოს „რომეო და ჯულიეტა“, ვერდის „ოტელო“, შტარუსის „სალომე“, მენდელსონის „ზაფხულის ღამის სიზმარი“ და სხვ.