შეშონკ V
შეშონკ V (ჩვ.წ.-მდე 773-735 წ.წ.) ეგვიპტის XXII დინასტიის ფარაონია. ტახტზე თავისი მამის, პიმაის (ჩვ.წ.-მდე 773-735) ეფემერული მეფობის შემდეგ ადის. მისი გამეფების დროისათვის ელ ჰიბას ფორტში ჯერ კიდევ ტანისური დინასტიის წარმომადგენლები იდგნენ, მაგრამ XXIII დინასტიის მეფეებმა მალე მოახდინეს ფორტის უზურპირება, ასე რომ შეშონკ V-ის ძალაუფლება სავარაუდოდ მხოლოდ ტანისზე და მის რეგიონზე ვრცელდებოდა.
ტანისში, ამონის ტაძრის ტერიტორიაზე მან აუგო პატარა ტაძარი ამონის ტრიადას. მან ასევე ააგო საიუბილეო კაპელა, მიძღვნილი თავისი მეფობის ოცდამეათე წლისთავისათვის. შეშონკ V-ის დროს სიტუაცია დელტაში კიდევ უფრო ირევა. საისის მაშვაშების (ლიბიელების) ბელადებმა თავისი დაქვემდებარების ქვეშ მოაქციეს დასავლეთი დელტა, აღმოსავლეთი დელტა ბუტოს ჩათვლით და დაიწყეს მოძრაობა სამხრეთისაკენ, მემფისის მიმართულებით. შეშონკ V-ის გარდაცვალების დროისათვის საისს მართავდა ვინმე ტეფნახტი, რომელმაც თავი გამოაცხადა „ლიბუს დიდ ბელადად და დასავლეთის დიდ ბატონად“. ტეფნახტს მანეთონი უკვე XXIV დინასტიას მიათვლის.