ჩია არწივი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჩია არწივი

ჩია არწივი (ლათ. Aquila pennata Gmelin, 1788) − ფრინველი ქორისებრთა ოჯახიდან. არწივებს შორის ყველაზე პატარაა, ფრთა 350-405 მმ-ია, კუდი − 200-230 მმ, წონა − 500-900 გ. დედალი დიდია მამალზე. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება არაა, მაგრამ დამახასიათებელია ინდივიდუალური პოლიმორფიზმი. ინდივიდების ნაწილი მუქი, ხოლო ნაწილი — ნათელი შეფერილობისანი არიან, მათ შორის გარდამავალი ვარიაციებით. მუქი ფრინველების მთელი ზედა მხარე მოყავისფრო-მურაა. თავი ზემოდან და გვერდებიდან, აგრეთვე კისერი მოქარცისფროა, მუქი ღერძულა შტრიხებით. მომქნევები და საჭის ბუმბულები მურა-შავია, ოდნავ შესამჩნევი განივი ზოლებით. მომქნევების ნაწილს და საჭის ბუმბულებს წვეროებზე ნათელი არშიები აქვთ. ქვემო მხარეს მოყავისფრო-მურაა. ნათელი შეფერილობის ფრინველები ზემოდან უფრო მკრთალია, რადგან ზურგისა და ფრთების მფარავებს აქვთ ფართო და ნათელი (მოთეთრო, მოქარცისფრო) არშიები. ქვემო მხარეს თითქმის მთლიანად თეთრია, მოშავო ღერძულა შტრიხებით და მკერდზე მოქარცისფრო ელფერით. ფრთისქვეშა თეთრ ბუმბულებზე მუქი ღერძულა ხაზები ან მოშავო ზოლებია.

ცნობილია რამდენიმე ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება ევროპული ჩია არწივი — A. p. pennata Gmel., 1788.

სარჩევი

გავრცელება

სახეობის ბუდობის არეალი ერთობ ვრცელია. ჩია არწივი მოიპოვება სამხრეთ ევროპაში, აფრიკაში, წინა, შუა და სამხრეთ აზიაში, ახალ გვინეასა და ავსტრალიაში. სსრ კავშირში ბუდობს უკრაინაში, სმოლენსკის, ტულისა და ვორონეჟის ოლქებიდან, სამხრეთით — კავკასიასა და ამიერკავკასიაში, შუა აზიაში, ალტაიში, ლენის ზემო დინებაზე, ბაიკალსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ იმიერბაიკალეთში. ევროპისა და აზიის პოპულაციები ზამთრობს ინდოეთსა და აფრიკაში. საქართველოში ცნობილია როგორც მიმომფრენი, თუმცა ზოგან აღმოსავლეთ საქართველოს მთების ფერდობების ტყეებში შეიძლება ბუდობს კიდეც.

ბიოტოპი

ბინადრობს შერეულ, უფრო ხშირად კი ფოთლოვან მაღალტანიან ტყეებში, როგორც დაბლობში, ისე მთებში 1500 მ-მდე ზ.დ.

გამრავლება

ბუდობს ხეებზეფიჭვზე, მუხაზე, წიფელზე და სხვ. ჩვეულებრივად იყენებს სხვა ფრინველების — კაკაჩას, ძერას, არწივს, ფსოვის, ყანჩების ბუდეებს. ზოგჯერ ბუდეს თვითონაც აკეთებს. აპრილში დებს 2 კვერცხს. კრუხად ჯდება უპირატესად დედალი. საინკუბაციო პერიოდი ერთ თვემდე გრძელდება.

კვება

ჩია არწივის საკვებს შეადგენენ საშუალო და პატარა ზომის ფრინველები, როგორიცაა მტრედი, გვრიტი, კაჭკაჭი, ტოროლები, შოშია, ღალღა და სხვა, აგრეთვე თაგვისებური მღრღნელები. მსხვერპლს იჭერს ფრენის დროს.

მნიშვნელობა

კვების ხასიათის მიხედვით მავნე ფრინველად ითვლება, მაგრამ მცირერიცხოვნობის გამო დიდი ზიანის მოტანა არ შეუძლია.


წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები