პლავტუსი ტიტუს მაქციუსი
ტიტუს მაქციუს პლავტუსი – (ლათ. Titus Maccius Plautus, დაახლ. 254-184 ძვ.წ.), ძველრომაელი დრამატურგი.
ტიტუს მაკუსს პლავტუსი, რომაული კომედიოგრაფიის პირველი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი, რომლის შემოქმედება ბერძნული დრამატურგიის მოტივებით საზრდოობის მიუხედავად, ჭეშმარიტი თვითმყოფადობით გამოირჩევა. „ბრტყელტერფიანის“ აღმნიშვნელი პლავტუსის მეტსახელით ცნობილი დრამატურგის საგვარეულო სახელი დღემდე უცნობი რჩება. სახელი ტიტუსი რომაელის აღმნიშვნელ სინონიმს წარმოადგენს, – მაკუსსი კი, სავარაუდოდ იტალიკური სახალხო თეატრის ნიღბების კომედია „ატელანას“ ერთერთი პერსონაჟისგან ნასესხებ მეტსახელს.
გადმოცემის თანახმად, პლავტუსი უმბრიის სარსინაში დაიბადა და რომში გარდაიცვალა. ვარაუდობენ, რომ დრამატულ ხელოვნებას პლავტუსი თავდაპირველად მსახიობობის საშუალებით ეზიარა, კომედიების წერა კი მოგვანებით დაიწყო. პლავტუსის ლიტერატურული მოღვაწეობის პერიოდი ძვ.წ. III საუკუნის დასასრულისა და V საუკუნის დასაწყისს მოიცავს. ძველი დროის სხვა ცნობილ მოღვაწეთა მსგავსად, პლავტუსის ცხოვრების შესახებ დანამდვილებით თითქმის არაფერია ცნობილი, – ვარაუდების სინამდვილესთან შესაბამისობის შემოწმება კი უმეტეს შემთხვევაში შეუძლებელი აღმოჩნდა. გადმოცემის თანახმად, პლავტუსი საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე იტალიკური ხალხური ნიღბების კომედიის, ატელანას მსახიობი იყო, შემდგომ სავაჭრო საქმესაც მიჰყო ხელი, რომის ჯარშიც ექვსი წელი უმსახურია და მეორე პუნიკური ომის მონაწილეც ყოფილა, თუმცა საბოლოოდ სულიერ დაკმაყოფილებასაც და უზრუნველ ცხოვრებასაც დრამატურგიული მოღვაწეობის შედეგად მიაღწია.
პლავტუსს 130 კომედიის ავტორობას მიაწერენ. მწერლის პოპულარობის გამო მისთვის მიწერილ პიესათა დიდი ნაწილი, სინამდვილეში, მას არ ეკუთვნის. ჭეშმარიტად პლავტუსისეულად ჩვენამდე მოღწეული 21 პიესაა მიჩნეული. მისმა თანამედროვეებმა პლავტუსი იმთავითვე კომედია პალიატას შეუდარებელ დიდოსტატად აღიარეს. მისი კომედიის სიუჟეტური მოტივებიც და პერსონაჟთა ტიპებიც ახალი ატიკური კომედიის წარმომადგენელთა, უპირველესად მენანდროსის კომედიოგრაფიიდანაა ნასესხები, თუმცა ამით არ დაკნინებულა პლავტუსის შემოქმედების მხატვრული ღირებულება და თვითმყოფადობა. განსაკუთრებით წარმატებულად, პლავტუსის მიერ შექმნილ საზრიან, მხიარულ, ენაკვიმატ მსახურთა სახეები მიიჩნევიან. როგორც წესი, შეყვარებული ბატონის დასახმარებლად გარჯილი მსახური სასურველ მიზანს თავისი მოხერხებულობის, გამჭრიახი სკეპტიციზმისა და ლაღი არტისტულობის წყალობით აღწევს. სწორედ სიცოცხლის მოყვარეობა ანიჭებს პლავტუსის კომედიათა გმირებს საკუთარ ძალებსა და ფორტუნის კეთილგანწყობაში რწმენას. იღბალიც იმას სწყალობს, ვისაც მისი დაფასებისა და შემთხვევითობის თავის სასიკეთოდ გამოყენების უნარი შესწევს. პალიატას წესების შესატყვისად, პლავტუსის კომედიების მოქმედების ადგილი საბერძნეთი იყო, გმირები ბერძნები, მაგრამ, ამავდროულად, რომაული ყოფის – სწორედ რომაული საზოგადოებისთვის დამახასიათებელი თავისებურებების წარმომჩენნი. ახალი ატიკური კომედიის თავისებურებანი პლავტუსის შემოქმედებაში რომაული ხალხური ატელანას ტრადიციებს ერწყმოდა, – ფოლკლორის, ანდაზების, ენაკვიმატი გამონათქვამების კარნავალური სტიქიის გამომხატველი იყო. თუკი ახალ ატიკურ კომედიაში სიმღერა, ცეკვა და მუსიკა ანტრაქტების დროს შესრულებული ინტერმედიების კუთვნილებას წარმოადგენდნენ. პლავტუსი თავის კომედიებში კანტიკებად წოდებულ (ლათინური სიტყვისგან Canto „ვმღერი“ წარმოებული) მუსიკალურ-ვოკალურ ელემენტებს ხშირად მიმართავდა. კანტიკები მის კომედიებში არიის ან რეჩიტატივის სახით სრულდებოდა.
პლავტუსის კომედიებში გამძაფრებულია როგორც სიტუაციის, ასევე ხასიათების კომიზმი. გადაცმა, მოტყუება, ავანტიურიზმი თუ ოინები არა მხოლოდ კომიკურ ეფექტს, არამედ მოქმედების დინამიკურ განვითარებასაც უზრუნველყოფს. რომაელი დრამატურგის თითქმის ყველა პიესისათვის დამახასიათებელი პროლოგი, უმეტესწილად, დრამატურგიული კონფლიქტის არსის, პიესის ძირითადი სიუჟეტური მოტივებისა და ლიტერატურული პირველწყაროს შესახებ ინფორმაციას გვაწვდის. პლავტუსის თითქმის ყველა კომედიის სიუჟეტის წარმმართველად სასიყვარულო ინტრიგა იქცევა, – კომიკური სიტუაციებით, გაუგებრობებით, კარნავალური გადაცმებითა და ოინებით აღსავსე.
კომედია პალიატას წარმომადგენელი პლავტუსი ე.წ. კონტამინაციის, – რამდენიმე ბერძნული პიესის სიუჟეტური მოტივის გაერთიანების ხერხს მიმართავს, რაც მოქმედების დინამიკურ განვითარებას და მაყურებლის მზარდ ინტერესს განსაზღვრავდა. თუმცა ისიც ცნობილია, რომ პლავტუსის პიესების პოპულარობის მიუხედავად, მისი თანამედროვენი მეტ ინტერესს სპორტული შეჯიბრებების მიმართ იჩენდნენ. გადმოცემის თანახმად, ისეთი შემთხვევებიც ყოფილა, როდესაც თეატრალური წარმოდგენის მიმდინარეობისას, აშკარად უფრო მძაფრი სანახაობის მომთხოვნი მაყურებლის მზარდი უკმაყოფილების დასაშოშმინებლად, ფლეიტისტებს შეუწყვეტიათ მუსიკის დაკვრა და ერთმანეთს შესჭიდებიან. პლავტუსის კომედიებში კი რომაელ მაყურებელს, სავარაუდოდ სწორედ ფარსის, ბუფონადის, ბალაგანურობის, გროტესკის, პაროდიის, გადაცმებისა და ოხუნჯობების სინთეზი იზიდავდა. გარდა ამისა, პლავტუსის კომედია მსახიობს სცენაზე აქტიური ჟესტიკულაციის, სირბილის, აყალმაყალისა და ცემა-ტყეპის გამართვის საშუალებას აძლევდა, რაც განსაკუთრებით სახალისოს ხდიდა წარმოდგენას და იმდროინდელი მაყურებლის გემოვნებას შესატყვისებოდა. მაია გოშაძე