ფარასი
ფარასი – აბუ სიმბელის და ნილოსის მეორე ჭორომს შორის მდებარე ფარასის მიდამოებში ეგვიპტელებმა შუა სამეფოს პერიოდში ააგეს ციხესიმაგრე, რომელსაც ნუბიის შემდგომი კოლონიზაციისათვის ბანაკის როლი უნდა ეთამაშა. მას შემდეგ აქ მშენებლობა მუდმივად მიმდინარეობდა და თანდათან ეს ადგილი ადმინისტრაციულ ცენტრად გადაიქცა.
ერთ-ერთი ტაძარი, აგებული ადრე XVIII დინასტიის პერიოდში და რესტავრირებული ხატშეპსუტის მიერ, მიძღვნილი იყო „იბშეკის ხატხორისადმი“ (იბშეკი აქაური დასახლების ეგვიპტური სახელი უნდა იყოს). მეზობელი ბუხენიდან აქ გავრცელდა ბუხენის ხორის და მასთან დაკავშირებული ქალღმერთების ანუკეტის და სათისის კულტები, რომლებსაც ტაძარი თოტმეს III-მ მიუძღვნა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ტუტანხამონის ტაძარი, რომელიც ააგო ეგვიპტეში ნუბიის ნაცვალმა, ჰუიმ. ტაძარი აქ ტუტანხამონის, როგორც ეხნატონის რელიგიური რეფორმის კონტრრეფორმატორის კულტის დასანერგად აიგო და მის წარწერებში იგი მოხსენიებულია, როგორც „ღმერთების დამამშვიდებელი“. ნასერის ტბის გაშენების შემდეგ ფარასი ნილოსის წყლების ქვეშაა მოქცეული.