კარტოგრაფიის სტრუქტურა
კარტოგრაფიის სტრუქტურა – (structure of cartography), კარტოგრაფიის დაყოფა შემადგენელ ნაწილებად, დარგებად და მიმართულებებად.
გამოიყოფა თეორიული და პრაქტიკული ნაწილები. თეორიულია: კარტოგრაფიის ზოგადი თეორია, რომელიც ერთ მთლიან მეცნიერულ სისტემად აერთიანებს რუკათმცოდნეობას, მათემატიკურ კარტოგრაფიას, რუკათშედგენასა და რედაქტირებას, რუკათგამოყენებას; პრაქტიკულია: გეოგრაფიული კარტოგრაფია და ასტრონომიული კარტოგრაფია. გეოგრაფიულ კარტოგრაფიაში გამოიყოფა ორი დარგი: ზოგადგეოგრაფიული კარტოგრაფია და თემატური კარტოგრაფია. ზოგადგეოგრაფიულ კარტოგრაფიას აქვს ორი მიმართულება: ტოპოგრაფიული და სამიმოხილვო კარტოგრაფირება; თემატურ კარტოგრაფიას აქვს სამი მიმართულება: ბუნების მოვლენების კარტოგრაფირება, საზოგადოებრივი მოვლენების კარტოგრაფირება, ბუნებისა და საზოგადოებრივი მოვლენების კარტოგრაფირება (ა. ასლანიკაშვილი)