კოხტა ჭოვილო
კოხტა ჭოვილო (ლათ. Tringa erythropus Pallas, 1764) − ფრინველი მეჭვავიასნაირთა რიგიდან.
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − მეჭვავიასნაირნი (Charadrilformes)
- ოჯახი − მეჭვავიასებრნი (Charadriidae)
- ქვეოჯახი − ჭოვილოები (Tringinae)
- გვარი − ჭოვილო (Tringa)
კოხტა ჭოვილო შაშვზე დიდი ფრინველია, ფრთა 150-170 მმ-ია, გალო – 55-60 მმ, ნისკარტი – 53-64 მმ, წონა – 115-175 გ. დედალი დიდია მამალზე. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება არაა. ზრდასრული ფრინველის საერთო შეფერილობა ზურგის მხარეს შავია, მაგრამ ზურგისა და ფრთების ბუმბულებს თეთრი კიდეები და კოპლები აქვთ. ზურგის უკანა ნაწილი, წელი და იღლია თეთრია. ყელის, მკერდისა და მუცლის ბუმბულების ბოლოებზე ვიწრო თეთრი ზოლებია. პირველი რიგის მომქნევები შავია, პირველი მომქნევის ღერო – თეთრი. შიგნითა პირველი რიგისა და მეორე რიგის ბუმბულებზე მურა და თეთრი განივი ზოლები და კოპლებია. კუდის ზემო მფარავები და საჭის ბუმბულები მოშავოა, განივი თეთრი ზოლებით. კუდის ქვემო მფარავები შეფერილია სხეულის ქვემო მხარის მსგავსად. საჭის შუა წყვილი ყველაზე მუქია. ნისკარტი მურა-შავია, მაგრამ ნისკარტქვედას ძირი მოწითალო ვარდისფერია. ფეხები მუქი, მოწითალო-მურა, ზოგჯერ თითქმის შავია. ზამთარში ზურგი და ფრთები მურა-რუხია, თეთრი წინწკლებით; კუდი უფრო ნათელია, მისი ზოლიანობა ნაკლებად მკვეთრია. სხეულის ქვემო მხარე თეთრია, მაგრამ მკერდსა და კისრის გვერდებზე მოკვამლისფრო წინწკლებია, ფეხები – წითელი.
სარჩევი |
გავრცელება
ბუდობის არეალი მოიცავს ტუნდრის ზონას პალეარქტიკაში, ჩრდილოეთი სკანდინავიის, კოლის ნახევარკუნძულისა და კარელიიდან, აღმოსავლეთით თითქმის ჩუკოტკამდე. სამხრეთით ზოგან იჭრება ტანბრეცილი ტყის ზონაში, ხოლო ჩრდილოეთით არ შედის იამალისა და ტაიმირის ჩრდილოეთ ნაწილებში, აგრეთვე არქტიკის კუნძულებზე. ზამთრობს ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებზე ევროპასა და აფრიკაში, დასავლეთ და სამხრეთ აფრიკაში, აგრეთვე სამხრეთ აზიაში. საქართველოში მოიპოვება მიმოფრენის პერიოდებში.
ბიოტოპი
ბინადრობს ტბებისა და მდინარეების სანაპირო მდელოებზე, რომლებიც დაფარულია დამდგარი წყლებითა და გუბეებით, თავთხელი წყალსატევების ტალახიან ნაპირებზე ბალახნარებით, მცირე ბუჩქნარებით ან სრულიად ღია ადგილებში.
გამრავლება
მონოგამიური ფრინველია. ბუდობს განცალკევებულ წყვილებად. ბუდეს აკეთებს მიწაზე, პატარა ჩაღრმავებაში, რომელიც ამოფენილია არყის ხის ფოთლებითა და ხმელი ბალახით. მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში დებს 4 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდის ხანგრძლივობა დადგენილი არაა.
კვება
კოხტა ჭოვილოს ძირითადი საკვებია წყლის ორგანიზმები – ბაღლინჯოები, ბუზები, მატლები, მოლუსკები და სხვ.
მნიშვნელობა
სანადირო ობიექტია, მაგრამ ჩვენში, მცირერიცხოვნობის გამო, პრაქტიკული მნიშვნელობა არა აქვს.