ოპერა
ოპერა- (იტალ. opera – სიტყვასიტყვით – თხზულება. ლათ. შრომა, ნაწარმი, ნაწარმოები). მუსიკალურ დრამატული ხელოვნების ჟანრი. ოპერის ლიტერატურული საფუძველი (ლიბრეტო) ხორცშესხმულია მუსიკალური დრამატურგიის, პირველ რიგში, ვოკალური მუსიკის საშუალებით. ოპერა სინთეზური ჟანრია, იგი აერთიანებს მუსიკის, დრამატურგიის, მხატვრობის (დეკორაციები, კოსტიუმები), ქორეოგრაფიის (ბალეტი) ელემენტებს. საოპერო მუსიკის ფორმებია: ვოკალური ნომრები (არია, არიოზო, არიეტა, კავატინა, ბალადა, სიმღერა, მონოლოგი); სხვადასხვა ფუნქცია აქვს რეჩიტატივს. სცენურ დიალოგს ოპერაში შეესატყვისება ვოკალური ანსამბლები (დუეტი, ტერცეტი, კვარტეტი და ა.შ.), გუნდები; დიდი მნიშვნელობა ენიჭება ორკესტრს, როგორც ვოკალური პარტიების თანმხლებსა და შემვსებს. ოპერაში ვხვდებით წმინდა საკრავიერ ეპიზოდებსაც (უვერტიურებს, ანტრაქტებს).
დამოუკიდებელ ჟანრად ო. ჩამოყალიბდა XVI-XVII სს. მიჯნაზე იტალიაში ქ. ფლორენციაში. ი. პერიმ ო. რინუჩინის ლიბრეტოს მიხედვით შექმნა საოპერო ჟანრის პირველი ნიმუშები „დაფნე“ (1597) და „ევრიდიკე“ (1600). ამ პერიოდის ყველაზე თვალსაჩინო ოპერაა კ. მონტევერდის „ორფევსი“ (1607). XVII ს. II ნახევარში საოპერო სკოლა ჩამოყალიბდა საფრანგეთში (ჟ. ბ. ლიულის ოპერები „ალცესტე“, 1674, „არმიდა“, 1685), ინგლისში (ჰ. პერსელის „დიდონა და ენეა“, 1689), გერმანიაში (ჰ. შიუცის „დაფნე“, 1626).
XVII-XVIII სს. მიჯნაზე იტალიაში დაწინაურდა ქ. ნეაპოლის საოპერო სკოლა ა. სკარლატის მეთაურობით, რომელმაც შექმნა ოპერის ახალი ტიპი – ოპერა-სერია (ე.ი. სერიოზული ოპერა).ოპერა სერიასთან დაკავშირებულია გ. ჰენდელის შემოქმედება („რინალდო“, „იულიუს კეისარი“, „რადამისტი“ – ძვ. ქართულ (იბერიულ) სიუჟეტზე და სხვ). XVIII ს. შუა წლებში იტალიაში გავრცელდა ახალი ჟანრი – კომიკური ოპერა (ოპერა-ბუფა), რომლის საფუძველს თეატრალური კომედიები და ოპერა სერიის ინტერმედიები წარმოადგენდა, პირველი ნიმუშია ჯ. ბ. პერგოლეზის − „მოახლე ქალბატონი“ (1733). ჟანრის კლასიკოსები არიან: ჯ. პაიზიელო, დ. ჩიმაროზა („საიდუმლო ქორწინება“ 1792), ჯ. როსინი („სევილიელი დალაქი“, 1816 – ოპერა ბუფას განვითარებისის მწვერვალი). კომედიური ჟანრი ვითარდებოდა XVIII ს-ში აგრეთვე ინგლისში, საფრანგეთში, გერმანიაში, რუსეთში. ოპერის ისტორიაში აღსანიშნავია მისი რეფორმატორების კ. გლიუკისა და ვ.ა. მოცარტის მოღვაწეობა. გლიუკმა შექმნა მუსიკალური დრამები, რომლებშიც ოპერის ყველა კომპონენტი ორგანულ მთლიანობაშია მოყვანილი („ორფევსი და ევრიდიკე“, 1762; „ალცესტე,“ 1767 და სხვ.), მოცარტმა კი ოპერა-ბუფისა და ზინგშპილის საფუძველზე შექმნა ბრწყინვალე რეალისტური კომედიები („ფიგაროს ქორწინება“, 1786), დრამები („დონ ჯოვანი“, 1787), ფილოსოფიური ზღაპარი („ჯადოსნური ფლეიტა“, 1791). ე. წ. „ხსნის“ („გადარჩენის“) ოპერის ჟანრს მიეკუთვნება ლ. კერუბინის, ჟ. ლესიუერის ოპერები, ლ. ბეთჰოვენის „ფიდელიო“ (1805).
XIX საუკუნის I ნახევარში ეროვნულ საოპერო სკოლებში მკვიდრდება რომანტიზმი. 1821 გერმანიაში შეიქმნა პირველი ეროვნულ-რომანტიკული ოპერა. „თავისუფალი მსროლელი“ (კ.მ. ვებერი). რომანტიკულია აგრეთვე რ. ვაგნერის ადრინდელი ოპერები („რიენცი“, 1840; „მფრინავი ჰოლანდიელი“, 1843), საფრანგეთში რომანტიული მიმდინარეობის გავლენით შეიქმნა ე.წ. დიდი ოპერა (ჯ. მეიერბერი „რობერტ-ეშმაკი“, 1831; „ჰუგენოტები“, 1836). იტალიაში მოღვაწეობდნენ ვ. ბელინი („ნორმა“, 1831), გ. დონიცეტი („ლუჩია დი ლამერმური“, 1835), ჯ. ვერდი (შემოქმედების ადრინდელი პერიოდი – „ნაბუქოდონოსორი“, 1842; „ლომბარდიელები“, 1843). ამავე პერიოდში შეიქმნა რუსული კლასიკური ეროვნული ოპერის პირველი ნიმუშები: მ. გლინკას სახალხო-პატრიოტული ოპერა „სიცოცხლე მეფისათვის“ (1836), ზღაპრულ-ეპიკური — „რუსლან და ლიუდმილა“ (1842) და პირველი რუსული სოციალური ყოფითი დრამა ა. დარგომიჟსკის „ალი“ (1856). 60-იანი წლებიდან რუსული მუსიკა გამდიდრდა „მძლავრი ჯგუფის“ კომპოზიტორთა ოპერებით: მ. მუსორგსკის სახალხო მუსიკალური დრამები „ბორის გოდუნოვი“ (1874), „ხოვანშჩინა“ (1886); ნ. რიმსკი-კორსაკოვის ოპერა-ზღაპარი „თოვლია“ (1882), ოპერა-ბილინა „სადკო“ (1897), ოპერა-ლეგენდა „თქმულება უხილავ ქალაქ კიტეჟსა და ქალწულ თებრონიაზე“ (1907), ოპერა-სატირა „ოქროს მამალი“ (1909), ბოროდინის ეპიკური ოპერა „თავადი იგორი“ (1890) და სხვ. მუსიკალური თეატრის უდიდესი მოვლენაა პ. ჩაიკოვსკის საოპერო შემოქმედება: ლირიკულ-ფსიქოლოგიური დრამები „ევგენი ონეგინი“ (1879), „პიკის ქალი“ (1890), მისტორიული – „ორლეანელი ქალწული“ (1881), „მაზეპა“ (1884).