აბუ სიმბალი (ქალაქი)
აბუ სიმბალი – (ინგლ. Abu Simbel, რუს. Абу-Симбел), პატარა ქალაქი, კლიმატური საკურორტო ადგილი ეგვიპტეში, ასუანის რეგიონში, ქ. ასუანიდან 280, ხოლო ქ. ლუქსორიდან 494 კმ-ში, სამხრეთ-დასავლეთით, სუდანის საზღვრიდან 40 კმ-ში, ჩრდილოეთით. მდებარეობს მდინარე ნილოსის შუა წელის მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 188 მ-ის სიმაღლეზე. რელიეფი – ბორცვიან-მთაგორიანი.
ჰავა – ტროპიკული უდაბნოსი. ზამთარი თბილი და მშრალია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 16°C. ზაფხული ცხელია. ივლისის საშუალო ტემპერატურაა 32,8°C. ნალექების წლიური რაოდენობა შეადგენს 0,6 მმ-ს. ნალექების მაქსიმუმი მოდის ზაფხულზე (0,5 მმ).
მცენარეული საფარი – აბუ სიმბალის ტერიტორიაზე გავრცელებულია: ფინიკის პალმები, მარცვლოვანი (ხორბალი, სიმინდი, ქერი) და პარკოსანი (მინდვრის ბარდა, ოსპი) კულტურები. საკურორტო ადგილის მიდამოებში გვხვდება: ქვიშის აკაციები, იალღუნი, ავშანი, აბზინდა და სხვ.
აბუ სიმბალის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორია ტროპიკული უდაბნოს ჰავა.
აბუ სიმბალის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორის გამოყენების მეთოდია პასიური კლიმატოთერაპია.
ჩვენებები აბუ სიმბალში წასასვლელად – თირკმლების ქრონიკული არასპეციფიკური დაავადებები.
ტურისტული ობიექტები აბუ სიმბალის მიდამოებში
ძვ.წ. XIII საუკუნის ტაძრები – რამსეს II-ის ტაძარი, მიძღვნილი ძველი ეგვიპტის ღმერთებისადმი (ამონს, რას და პტაჰს) და დედოფალ ნეფერტარის ტაძარი, მიძღვნილი ქალღმერთ ჰატჰორისადმი და სხვ.; ქ. ასუანსა და ქ. ლუქსორში.