მეფეთა ველი
მეფეთა ველი – (არაბ.араб. وادي الملوك ბიბან ელ მულუქი, „მეფეთა ჭიშკრების ველი“), თებეს ნეკროპოლისის ნაწილი, სადაც დაახლოებით ჩვ.წ.-მდე XVI საუკუნიდან 500 წლის განმავლობაში ეგვიპტის ფარაონებს კრძალავდნენ. მდებარეობს ნილოსის დასავლეთ ნაპირზე, თანამედროვე ლუქსორის პირდაპირ.
ადგილის შერჩევა სავარაუდოდ რამდენიმე მიზეზით მოხდა. ველი გარშემორტყმულია ციცაბო კლდეებით, რომლებსაც პირამიდის მსგავსი მწვერვალი ასრულებს. ეს მწვერვალი თებეს ნეკროპოლისის მფარველი ქალღმერთის, მერეტსეგერის ადგილსამყოფელად იყო მიჩნეული. მეფეთა ველი შედარებით პატარაა და მისი დაცვა ძნელი არ არის. თუმცა მას მოიხსენიებენ, როგორც მეფეთა ველს, აქ იკრძალებოდა მათი დედოფლები, შვილები და წარჩინებული დიდებულები. სამარხების უმეტესი ნაწილი მეფეთა ველის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. დასავლეთი ნაწილი უფრო პატარაა და ფარაონებიდან აქ ჯერ მხოლოდ ამონხეტეპ III-ის და აის სამარხებია აღმოჩენილი. დღეისათვის მეფეთა ველში 64 სამარხია ნაპოვნი. მათგან ზოგი ძალიან პატარაა და სულ ერთი ოთახისაგან შედგება, ზოგი კი 122 ოთახს მოიცავს. მასიური ძარცვა მეფეთა ველზე ჯერ კიდევ რამესიდების პერიოდში დაიწყო. ამ დროს ფარაონების მუმიები ჯერ ამონხეტეპ I-ის და II-ის სამარხებში გადამალეს, შემდეგ კი დეირ ელ-ბაჰარის ცნობილ სამალავში, სადაც XIX ს. დასასრულს ორმოცი ფარაონის მუმია იქნა აღმოჩენილი. დღეისათვის მეფეთა ველზე აღმოჩენილია ერთადერთი თითქმის ხელუხლებელი სამარხი, რომელიც XVIII დინასტიის ფარაონს, ტუტანხამონს ეკუთვნოდა. აღმოაჩინა ინგლისელმა არქეოლოგმა ჰ. კარტერმა 1922 წ.