ხებსედი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხებსედი – (ეგვ. „სედის დღესასწაული“), დღესასწაული, რომლის დროსაც ფარაონის მეფობის გაგრძელებას ზეიმობდნენ. „სედი“ ღვთაება უპუატის ერთ-ერთი სახელი იყო. ხებსედი უკვე პირველი დინასტიის დროს ტარდებოდა, მაგრამ, მიუხედავად მისი ხშირი მოხსენიებისა ეგვიპტურ ტექსტებში, ბევრი რამ მის შესახებ ნათელი არ არის. შესაძლოა, მან შეცვალა რიტუალი, რომლის მიმდინარეობისასაც უძველეს დროში კლავდნენ მეფეს, რომელსაც სიბერის გამო მართვა აღარ შეეძლო. ხებსედის ჩატარების დროც არ არის ერთნაირი. ის გამეფებიდან ოცდამეათე წელს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ დაფიქსირებულია შემთხვევები, როცა უფრო ადრე ტარდებოდა, რადგან ხებსედი ჩატარებული აქვთ ისეთ ფარაონებს, რომლებსაც არ უმეფიათ ოცდაათი წელი (მაგ. ხატშეპსუტი, ამონხეტეპ I, II და IV, თოტმეს IV და სხვ.). მეორე და მესამე ხებსედი ჩვეულებრივ სამი ან ოთხი წლის ინტერვალით ტარდებოდა. ამ მხრივ მასალას იძლევა რამსეს III- ის ხანგრძლივი მეფობა. მისი ხებსედები ჩატარდა მეფობის 30-ე, 34-ე, 36-ე ან 37-ე, 40-ე, 43-ე, 46-ე, 54-ე, 57-ე და 60-ე წლებში. დღესასწაულის ორგანიზება უფლისწულებს ან უმაღლესი რანგის მოხელეებს (მაგ. ვეზირებს) ევალებოდათ. ხებსედი ალბათ ტახტის მემკვიდრის წარდგენასთანაც იყო დაკავშირებული. ეს იყო მრავალდღიანი დღესასწაული, რომლის დროსაც მეფისათვის თაყვანისსაცემად ჩამოდიოდნენ დიდგვაროვნები მთელი ქვეყნიდან და ჩამოჰქონდათ ღმერთების ქანდაკებები სხვადასხვა ქალაქის ტაძრებიდან. ხებსედთან დაკავშირებით საფუძველი ეყრებოდა ახალ ტაძარს.

წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები