ჰაიდნი ფრანც იოზეფ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფრანც იოზეფ ჰაიდნი – (ვარაუდით, 31 მარტი, მოინათლა 1 ზპრილს), 1732, სოფ. რორაუ, ქვემო ავსტრია − 31 მაისი 1809, ვენა), ავსტრიელი კომპოზიტორი, ვენის კლასიკური სკოლის პირველი წარმომადგენელი. 1740-49 ვენაში მღეროდა წმ. სტეფანეს ტაძრის გუნდში. აქვე სწავლობდა სხვადასხვა საკრავზე დაკვრას. ერთხანს იტალიელი კომპოზიტორისა და სიმღერის მასწავლებლის ნ. პორპორას აკომპანიატორი იყო. XVIII ს. 50-იან წლებში ჰაიდნმა დაწერა ზინგშპილი „კოჭლი ეშმაკი“ (დაიდგა 1752 ვენაში) და მთელი რიგი სხვა ნაწარმოებები, რომლებმაც პირველად მოუპოვეს მას სახელი. 1759-61 ჰაიდნი გრაფ მორცინის კარის კაპელმაისტერი იყო. აქ შექმნა თავისი პირველი სიმფონიები. 1761-90 მსახურობდა უნგრელი თავადების ესტერჰაზების კარზე, რომელთა ორკესტრისა და საშინაო თეატრისათვის დაწერა მრავალი სიმფონია (მათ შორის ცნობილი „გამოსათხოვარი“, 1772) და ოპერა.

ჰაიდნის შემოქმედებითი მოღვაწეობა აღმავლობას განიცდის XVIII ს. 80-90-იან წლებში, როდესაც შექმნა საუკეთესო კვარტეტები (დაწყებული ოპუს 33-ით), 6 პარიზული (1785-86) და 12 ლონდონური (1791-92, 1794-95) სიმფონია, ორატორიები, მესები და ა.შ. ინგლისში მოგზაურობამ გააფართოვა ჰაიდნის შემოქმედებითი თვალსაწიერი. 1791 მას მიანიჭეს ოქსფორდის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება. ჰაიდნის უაღრესად დემოკრატიული ხელოვნება დაკავშირებულია ხალხურ შემოქმედებასთან. მისი მუსიკა გამსჭვალულია ავსტრიული, სლავური, უნგრული ფოლკლორის რიტმებითა და ინტონაციებით, ხალხური იუმორით, ცხოველმყოფლობით.

ცენტრალური ადგილი ჰაიდნის შემოქმედებაში უკავია სიმფონიებსა (100-ზე მეტი) და სიმებიან კვარტეტებს (83); ორივე ამ ჟანრში ჰაიდნის მოღვაწეობას დიდი ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა. ზოგიერთი თავისი მხატვრული თვისებით, ფილოსოფიური გააზრებითა და კომპოზიციური ხერხებით (მოტივურ-თემატიკური დამუშავება) ჰაიდნმა შეამზადა ბეთჰოვენის შემოქმედება. განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ორატორიებს „სამყაროს შექმნა“ (1798) და „წელიწადის დრონი“ (1801). მას ეკუთვნის აგრეთვე მრავალი საკრავიერი კონცერტი და ანსამბლი(200-მდე),24 ოპერა, 52 საფორტეპიანო სონატა, საკრავიერი პიესები და სხვ., რომელთა დიდი ნაწილი შესულია საკონცერტო და პედაგოგიურ რეპერტუარში.


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები