ჰომეროსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰომეროსი

ჰომეროსი – (ძვ. ბერძ. Ὅμηρος), ლეგენდარული ძველბერძენი ეპიკური პოეტი. ანტიკური მონაცემებით მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის ხანა თარიღდება ძვ. წ-მდე VIII–VII ს.

ჰომეროსის ავტორობის საკითხი

ჰომეროსი ბერძნებს წარმოდგენილი ჰყავდათ ბრმა სახალხო მომღერლად (რაფსოდად), რომელიც ორი გენიალური პოემის. – „ილიადას“ და „ოდისეას“ ავტორი იყო. თავდაპირველად ეს პოემები ზეპირი გზით გადადიოდა თაობიდან თაობაში და მხოლოდ ძვ.წ. VI ს. ათენის ტირანის პისისტრატეს დროს მოხდა მათი ტექსტების ჩაწერა. პოემების წარმოშობის, აღნაგობის და ჰომეროსის ავტორობის საკითხი ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში იპყრობდა მკვლევართა ყურადღებას, განსაკუთრებული ინტერესი გამოვლინდა XVII-XVIII სს., როდესაც დასაბამი მიეცა მეცნიერების ახალ მიმართულებას – ე. წ. „ჰომეროსის პრობლემა“.

XVII ს. იტალიელმა ისტორიკოსმა ჯანბატისტა ვიკომ, ხოლო XVIII ს. ბოლოს გერმანელმა ფილოლოგმა ფრიდრიხ ვოლფმა უარყვეს ჰომეროსის რეალურობა და ორივე პოემა ხალხური შემოქმედების ნაყოფად გამოაცხადეს. ამ კონცეფციის დამცველებს „ვოლფიანელებს“ უწოდებენ. XIX ს. მათ დაუპირისპირდნენ შილერი და გოეთე, ე. წ. „უნიტარიების“ მიმდინარეობა, ისინი ამტკიცებენ, რომ ორივე პოემა ერთი და იგივე პოეტის ჰომეროსის მიერ არის შექმნილი. ამავე საუკუნეში ჩამოყალიბდა კიდევ ორი მიმართულება: ერთის თანახმად, თავდაპირველად შეიქმნა ცალკეული სიმღერები, რომლებიც შემდეგ გაერთიანდნენ, ესაა ე. წ. „მცირე სიმღერათა თეორია“, მეორეს მიხედვით – ორივე პოემას თაგდაპირველად საფუძვლად ედო მცირე პოემა, რომელშიაც ძირითადი ეპიზოდები იყო შესული და ეს თავდაპირველი „ძირითადი მარცვალი“ ერთ პოეტს, შესაძლოა მართლაც ჰომეროსს ეკუთვნოდა, მაგრამ შემდგომში ამ „ძირითად მარცვალს“ მომდევნო თაობების მომღერალ-რაფსოდთა წყალობით ახალი ეპიზოდები და ცალკეული წვრილმანები ემატებოდა.

XIX ს. ბოლოს და XX ს. დასაწყისში შეიქმნა ე. წ. „სინთეტიკური თეორიები“, რომელთა მიმდევრების აზრით, „ილიადა“ და „ოდისეა“ წარმოადგენდნენ ხალხური ეპოსის ქმნილებებს, რომლებიც შემდგომში ერთმა (ან ორმა) გენიალურმა პოეტმა გადაამუშავა და მისცა დაახლოებით ის სახე, რომელიც მათ დღეს აქვთ. დღეისათვის მიღებულია და ეს კომპიუტერმაც დაამტკიცა, რომ პოემები ერთი ავტორის შექმნილია. როგორც არ უნდა გადაწყდეს ჰომეროსის საკითხი, ერთი რამ ცხადია, რომ „ილიადა“ და „ოდისეა“ იმ სახით, როგორც ისინი ძვ.წ. VI ს. იქნენ ჩაწერილი, შეიქმნა ძვ.წ. VIII. ს. დასაწყისში, მაგრამ მათი სიუჟეტი მიკენის ხანას (ძვ.წ. XIII-XII სს.) განეკუთვნება. პოემებმა შემოინახა მრავალი ცნობა იმ პერიოდიდან, რომელსაც განეკუთვნება მათში მოთხრობილი მოვლენები, ამას გარდა მათში აისახა ძვ.წ. XI-IX სს ელადა თვით ძვ.წ. VIII-VII სს. ამბებიც. მაგრამ ერთი რამ ცხადია, რომ პოემაში აღწერილი საზოგადოებრივი ურთიერთობანი დამახასიათებელია ძირითადად დორიელთა შემოსევის შემდგომდროინდელ ეპოქისათვის.

„ილიადა“ და „ოდისეა“

„ილიადას“ ძირითად სიუჟეტს შეადგენს თესალიელი გმირის აქილევსის რისხვა, მიმართული ბერძენთა ლაშქრის მხედართმთავრის აგამემნონის წინააღმდეგ. პოემის მოქმედება რამდენიმე დღეს მიმდინარეობს, მაგრამ მასში ჩართული მონათხრობებიდან ჩვენ ვგებულობთ როგორც აქილევს-აგამემნონის კონფლიქტის წინამორბედ, ისე შემდეგ დროინდელ ამბებსაც.

რაც შეეხება „ოდისეას“, მისი ძირითადი სიუჟეტიც მხოლოდ რამდენიმე დღეს მოიცავს – კერძოდ, ოდისევსის ითაკაზე დაბრუნების უკანასკნელი წლის რამდენიმე დღეს. მაგრამ აქაც სხვადასხვა ჩართულ მონათხრობ-მოგონებათა საშუალებით აღწერილია ოდისევსის მოგზაურობის და ტროას ომის ზოგიერთი სხვა მონაწილის ომიდან სახლში დაბრუნების ამბები.

„ოდისეას“ ზოგიერთი მოტივი გვხვდება ქართულ ხალხურ ზღაპრებში.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები