ალეგორია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალეგორია – (ბერძნ. alegoria – სხვაგვარად თქმა), ტროსის სახე, გამონათქვამის ერთ-ერთი ფორმა, როდესაც ზოგადი, განყენებული ცნება ან აზრი გადმოცემულია კონკრეტული სახეებით. სხვაგვარად. ალეგორია გულისხმობს საგნისა და მოვლენის პირდაპირი მნიშვნელობით გამოხატვის გზით სხვა საგნისა და მოვლენის წარმოსახვას. კავშირი მხატვრულ სახესა და ალეგორიის შინაარსს შორის ანალოგიით მყარდება. სიმბოლოსაგან განსხვავებით, ალეგორიას ყოველთვის ერთი მნიშვნელობა აქვს.

ტერმინი „ალეგორია“ პირველად გეხედება ფსევდოლონგინესა და ციცერონის ტრაქტატებში ორატორული ხელოვნების შესახებ. ლიტერატურაში ბევრი ალეგორიული სახე შემოტანილია მითოლოგიიდან და ფოლკლორიდან. მელა – მოხერხების კონკრეტულ-ალეგორიული სახეა, მგელი – სიხარბისა, ლომი – ვაჟკაცობისა, არწივი – შორსმჭვრეტელობისა, ჯორი – ჯიუტობისა და ა.შ.

ალეგორიულობის პრინციპი უდევს საფუძვლად ანდაზას, გამოცანას, იგავ-არაკს, ზოგჯერ სხვა ჟანრის ნაწარმოებებსაც. ალეგორიის მიზანია ავტორის აზრის შენიღბვა. ალეგორიულ ჟანრს, მეთოდსა და ხერხს განსაკუთრებით ხშირად იყენებდნენ შუა საუკუნეების ქრისტიანულ ლიტერატურაში, როცა მწერლობა ძირითადად აბსტრაქტულ ცნებებს მიმართავდა. XIX ს.II ნახ. ალეგორიის გაგება შეიზღუდა და მხატვრული ხერხის ვიწრო მნიშვნელობა შეინარჩუნა. ალეგორიას ხშირად იყენებენ სახვით ხელოვნებაში, პუბლიცისტიკაში და სხვ.

ქართულ ლიტერატურაში ალეგორია ბიბლიური წიგნებიდან მომდინარეობს და ფართოდ გამოიყენებოდა როგორც სასულიერო ისე საერო მწერლობაში. ალეგორია, როგორც დიდაქტიკური ხერხი, გამოყენებულია სულხან-საბა ორბელიანის იგავარაკებში. განსაკუთრებით ხშირად მიმართავდნენ მას აღორძინების ხანის ავტორები. ალეგორიულ ხერხს იყენებდნენ ნ. ბარათაშვილი, ი. ჭავჭავაძე, ა. წერეთელი, ვაჟა-ფშაველა და სხვ. თანამედროვე მწერლობაში ალეგორია ფსიქოლოგიურად უფრო განვითარებულ სიმბოლურ სახეებს უთმობს ადგილს.

ც. ბარბაქაძე


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები