ასურული ენა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ასურული ენა – ახალსირიული ენა, საერთო სახელწოდება თანამედროვე აღმოსავლეთ არამეული დიალექტებისა, რომლებზედაც ლაპარაკობენ ასურელები (სირიელები).

ასურულ ენაზე მოლაპარაკეთა საერთო რიცხვი 3 მლნ-მდე აღწევს, აქედან 8 ათასამდე ცხოვრობს საქართველოში, სადაც მათი უმრავლესობა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოვიდა. მაგრამ ასურელები აქ გაცილებით ადრე, VI ს-იდან, ჩანან, როდესაც ასურელი საეკლესიო მოღვაწეები („ასურელი მამები“) სირიიდან ჩამოვიდნენ. მათი მოღვაწეობის მიზანი იყო ქრისტიანული რელიგიის დაცვა და გავრცელება ჩრდილოეთ კავკასიაში. აღმოსავლეთ საქართველოში მათ მრავალი მონასტერი (გარეჯა, შიომღვიმე, იყალთო, ალავერდი, ზედაზენი და სხვ. ააშენეს, რითაც საფუძველი ჩაუყარეს სამონასტრო ცხოვრებას. ეს სავანეები შემდეგ მწიგნობრობისა და განათლების ცენტრებად იქცნენ. ასურელ მამათა ღვაწლს ქართველი საზოგადოება ყოველთვის აფასებდა. მათ შესახებ მნიშვნელოვანი ლიტერატურაც არის შექმნილი.

ასურული ენა თავისი სტრუქტურით საკმაოდ დაშორდა სემიტურ ტიპს, რასაც წარმოშობით განეკუთვნება: დაიკარგა ზოგიერთი ფონემა, გაჩნდა ახალი; ასპექტის მიხევით ზმნის უღვლილება შეიცვალა უღვლილებით დრო-კილოთა მიხედვით. ზმნაში პირიანი ფორმის გადმოსაცემად გამოყენებულია ნაზმნარი სახელი. დიდი გავრცელება პოვა ანალიზურმა წარმოებამ. ლექსიკაში ფართოდ შეიჭრა თურქული, ირანული და არაბული წარმოშობის სიტყვები. ასურული ენა მდიდარია დიალექტებით, რომელთაგან საქართველოში გვხვდება სალამასის, ვანის, ჯილუს, ტიარისა და ურმიის დიალექტები. ურმიული დიალექტი საფუძვლად დაედო სალიტერატურო ენას, რომელიც გასული საუკუნის 40-იან წლებში ჩამოყალიბდა. მასზე შექმნილია მხატვრული, საეკლესიო და სასწავლო ლიტერატურა, გამოდიოდა ჟურნალ-გაზეთები, 1989 წ. თბილისში ჩამოყალიბდა ასურელთა კულტურის ცენტრი, რომლის ბაზაზე 1992 წ. შეიქმნა საქართველოში მცხოვრებ ასურელთა საერთაშორისო ეროვნული კონგრესი. 1997-იდან გამოდის (არაპერიოდულად) ამ კონგრესის გაზეთი „ავიუთა“ („თანხმობა“).

კ. წერეთელი




ლიტერატურა

  • წერეთელი კ. ნარკვევები თანამედროვე ასურული დიალექტების შედარებითი ფონეტიკისა, თბ., 1958;
  • მისივე, თანამედროვე ასურული ენის გრამატიკა, თბ., 1968.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები