აფროსნობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აფროსნობა

აფროსნობა (ინგლ. Sailing). საწყლოსნო სპორტის ერთ-ერთი უძველესი და გავრცელებული სახეობა – შეჯიბრება აფრიანი იახტების ოსტატურად მართვაში, რბოლა ქარის ძალის გამოყენებით განსაზღვრულ მანძილზე და შერჩეული მარშრუტით.

სარჩევი

ისტორია

იალქნიანი ხომალდები და ნავები უხსოვარი დროიდან სერავენ ჩვენი პლანეტის ზღვებსა და ოკეანეებს. აფროსნობის, ანუ საიალქნო სპორტის წარმოშობა საიალქნო ფლოტის ისტორიას უკავშირდება. ხომალდმშენებლობის განვითარებას, ახალი კონსტრუქციებისა და კლასების შემოღებას პირველი შეჯიბრებებიც მოჰყვა. აფროსნობის სამშობლოდ ჰოლანდია ითვლება. XVII საუკუნის შუა წლებში სწორედ იქ მოეწყო იალქნიანი ნავების პირველი გამოცდა სისწრაფეში. უფრო ადრე, 1601 წელს, ჰოლანდიელმა ქირურგმა ჰენრი დე ვოგტმა თვითნაკეთი იალქნიანი ნავით პირველმა იმოგზაურა ინგლისამდე. ევროპაში საიალქნო სპორტს „იახტინგი“ ჰქვია, „იახტა“ კი ჰოლანდიური სიტყვაა და, ოქსფორდული ლექსიკონის მიხედვით, გამოდევნებას, დაწევას ნიშნავს. საყოველთაოდ ცნობილია ლეგენდა მფრინავ ჰოლანდიელზე, რომელმაც, ძლიერი შტორმის მიუხედავად, იალქნიანი ნავით ერთი უსახელო კონცხის შემოვლა მოინდომა და ამ სითამამისთვის მკაცრად დაისაჯა: ნაპირს ვერ მიადგა და ზღვაში სამუდამო ხეტიალისთვის გაიწირა თავი. აფროსნობის ჰოლანდიურ წარმოშობაზე მეტყველებს კარლ მეორესთან დაკავშირებული ისტორიაც. ინგლისის ტახტის მემკვიდრეს იახტა პირველად ჰოლანდიაში უნახავს და სამშობლოში დაბრუნებულს იალქნიანი ნავების წარმოება ფართოდ გაუშლია. ამ საქმით კარლის ძმა იაკობიც დაინტერესებულა.

პირველი საიალქნო რეგატა მოეწყო მდინარე ტემზაზე 1661 წლის 1 სექტემბერს, იმ დროს, როცა კარლ II უკვე ინგლისის მეფე იყო, ხოლო იაკობი - იორკის ჰერცოგი. გრინვიჩიდან გრეივზენდამდე, 23-მილიან დისტანციაზე პროფესიონალი მეზღვაურების ეკიპაჟები გავიდნენ და გამარჯვებულმა ჯილდოდ 100 გირვანქა სტერლინგი მიიღო. აფროსნობა, როგორც ძვირად ღირებული საქმე, ყველასთვის ხელმისაწვდომი არ იყო და მას უმთავრესად დიდგვაროვნები მისდევდნენ.

საიალქნო ფლოტის პატარა ხომალდების ბაზაზე შეიქმნა პირველი სპორტული (კილიანი) იახტები, რომლებსაც მხოლოდ ღია ზღვაში გასასვლელად იყენებდნენ. XVII საუკუნეში ჰოლანდიელებმა ააგეს ე.წ. შვერტბოტები შიდა წყლებისა და მცირე წყალსატევებისთვის. მოგვიანებით აღმოცენდა ორგანიზებული საიალქნო სპორტი.

ეგვიპტური იალქნიანი ნავი, რეკონსტრუქცია

პირველი იახტკლუბი 1720 წელს შეიქმნა კორკში (ირლანდია). მრავალი ათეული წლის შემდეგ ასეთი კლუბები გაჩნდა ნიუ-იორკში (1811), | სტოკჰოლმში (1832), ბერლინში (1835), ჰავრსა (1838) და სანქტ-პეტერბურგში (1860). XIX საუკუნის მეორე ნახევარში აფროსნობა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გავრცელდა, გახშირდა შეჯიბრებები, მათ შორის მარათონული რეგატები და რბოლები მსოფლიოს გარშემო. ყველაზე ძველი და პრესტიჟული ასპარეზობაა „კემბერლენდის თასი“ (ინგლისი), რომელიც სათავეს 1715 წლიდან იღებს. ასევე პოპულარულია „ამერიკის თასი“, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის რეგატები, „ადმირალის თასი“ და სხვ.

აფროსნობის ოლიმპიური ისტორია I ოლიმპიადაზე (1896) უნდა დაწყებულიყო, მაგრამ უამინდობის გამო შეჯიბრება არ გამართულა. პირველი მედლები 4 წლის შემდეგ განაწილდა პარიზში მდინარე სენაზე და ჰავრში (საფრანგეთი). 6 ქვეყნის აფროსნებმა 8 კლასში იასპარეზეს. III თამაშებში (1904, სენტ-ლუისი) აფროსნებს მონაწილეობა არ მიუღიათ, მას შემდეგ კი ეს სახეობა ყველა ოლიმპიადის პროგრამაშია. პერიოდულად იცვლებოდა იახტის კლასები და რბოლების რაოდენობა. მაგალითად, VII თამაშებში (1920, ანტვერპენი) გამარჯვებულები 14 კლასში გამოვლინდნენ, მომდევნო ოლიმპიადაზე კი (1924, პარიზი) ასპარეზობა მხოლოდ 3 კლასის იახტებით გაიმართა. ადრეულ წლებში ოლიმპიურ თამაშებზე ძირითადად ევროპელი და ამერიკელი აფროსნები დომინირებდნენ, მოგვიანებით კი, მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის წარმომადგენლებმა.

აფროსნობა საქართველოში

„საქართველოში აფროსნობის განვითარებას საფუძველი ჩაეყარა XIX საუკუნის 90-იან წლებში. უცხოელ დიპლომატთა და მეწარმეთა სახსრებით ბათუმში გაიხსნა პირველი იახტკლუბი, რომელმაც 1920-იან წლენამდე იარსება. 1924-30 წლებში ბათუმის საზღვაო სადგურის მეზღვაურთა ინიციატივით აფროსანთა არაერთი შეჯიბრება გაიმართა, 1931 წელს კი მოეწყო პირველი გაცურვა ბათუმიდან სოხუმამდე და უკან. მოგვიანებით, საქართველოს აფროსნები „დ-1“ და „ს-60“ ნავებით სევასტოპოლსა და ოდესაში ჩავიდნენ. პირველი თაობის წარმატებული აფროსნები იყვნენ ანასტასი ავალიშვილი, შაენ ავაქოვი და მიხეილ ქორიძე. 1950-იან წლებში ბათუმში ამ საქმეს სათავეში ჩაუდგნენ გივი კალანდაძე და ნიკოლოზ კადიევი, სოხუმში – ვალერი მანშინი და სერგეი ლაპუშკინი. ფოთში – თამაზ ზოიძე, თბილისში – რევაზ გაჩეჩილაძე, ჯონი ბეიტრიშვილი და ნიკო ენუქიძე.

1963 წელს თბილისის ზღვაზე გაიხსნა იახტკლუბი. თბილისის წყალჯომარდობის სადგურის დირექტორის ვლადიმერ ასათიანის თაოსნობით და ქალაქის სპორტკომიტეტის მხარდაჭერით რუსეთიდან ჩამოიტანეს მსუბუქი ნავები, მოაწყვეს პირველი საწვრთნელი გასვლები. 1963 წელს გაიმართა საქართველოს პირველი ჩემპიონატი, რომელშიც მონაწილეობდნენ თბილისის, სოხუმის, ბათუმისა და ფოთის აფროსნები. 1964 წლიდან საქართველოს გუნდი სისტემატურად გამოდიოდა სსრკ ჩემპიონატებსა და ხალხთა სპარტაკიადებში. 1971 წელს სოხუმში გამართულ ზამთრის საკავშირო ჩემპიონატში სპორტის ოსტატის ნორმატივი პირველებმა შეასრულეს გიორგი შაქიაშვილმა, თამაზ ზოიძემ, ილია ფერაძემ და ზაურ ხუხუამ. 1970-იანი წლებიდან განვითარდა საკრეისერო აფროსნობაც. იახტა „კოლხეთის“ ეკიპაჟი ხშირად მონაწილეობდა შავი ზღვის. საკრეისერო რეგატებში, 1992 წელს კი თურქეთის ღია ჩემპიონატში („ეგეოსის ზღვის რეგატა“) მეორე ადგილი დაიკავა პირველი კლასის იახტებს შორის.

საქართველოს აფროსანთაგან ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია თბილისელმა გურამ ბიგანიშვილმა, რომელიც „ვარსკვლავის“ კლასში გამოდიოდა. 1982 და 1984 წლებში მან ორჯერ მოიპოვა სსრ კავშირის ჩემპიონის წოდება, 1984 წელს კი ევროპის ჩემპიონი გახდა. მონაწილეობდა ბარსელონისა და ატლანტის ოლიმპიურ თამაშებში.

წესები

შეჯიბრება იმართება ზღვაზე ან ტბაზე აფროსნობის საერთაშორისო ფედერაციის მიერ დადგენილი წესებით. რეგატის ორგანიზატორებს უფლება აქვთ, თავად განსაზღვრონ სარბოლო დისტანციის საშუალო სიგრძე (30-40 კმ). სტარტის, მოხვევისა და ფინიშის ადგილები მონიშნულია ფერადი ქერქელაჭებით. ძალიან ძლიერი ან სუსტი ქარის დროს, მსაჯების გადაწყვეტილებით, შეიძლება შეიცვალოს დისტანციის მანძილი ან მიმართულება, შეწყდეს ან გადაიდოს რბოლა. კლასების მიხედვით, იახტები სხვადასხვა ზომის და წონისაა. კორპუსი მზადდება მინაპლასტიკის ან ხის მასალისგან, ანძა - დურალუმინისგან, იალქანს კი დაკრონის ქსოვილისგან კერავენ. იახტის აღჭურვილობაში შედის ღუზა, ე. წ. საპროტესტო ალმები, გამოსაცნობი ნიშნები იალქანზე, სამაშველო მოწყობილობა. იახტის პარამეტრები ზუსტად უნდა შეესაბამებოდეს წესების მოთხოვნებს. ამ ნორმების ნებისმიერი დარღვევისთვის დაწესებულია დისკვალიფიკაცია. აფროსანს აცვია მსუბუქი კალიფსო, ელასტიკ-კომბინეზონი და ბოტასი.

იახტის სიჩქარის შენარჩუნება, მომატება ან დაკლება ხდება მხოლოდ ქარის ძალის მეშვეობით, იალქნისა და იახტის კორპუსის რეგულირებით. შეჯიბრების მონაწილეებმა დისტანციის მიმართულების მაჩვენებელი ნიშნები (ქერქელაჭები) უნდა გაიარონ ზუსტი თანამიმდევრობით და წინასწარ განსაზღვრული მხრიდან. აფროსნობაში ერთ-ერთი მთავარია გზის დათმობის წესი:
1. როცა იახტები სხვადასხვა ჰალსზე არიან (ჰალსი – იახტის მდგომარეობა ქარის მიმართ), გზას უთმობს მარცხენა ჰალსით მიმავალი;
2. როცა ორივე იახტა ერთ ჰალსზეა, უპირატესობა ენიჭება უკანას;
3. როცა ერთ-ერთ-ერთი იახტა ჰალსს ცვლის, გზა მან უნდა დაუთმოს;
4. როც იახტა ჰალსს ერთდროულად ცვლის თმობს მეტოქის იახტის მარცხენა ბორი მხარეს მყოფი ეკიპაჟი;
5. როცა ორი იახტა ურთიერთგადამკვეთი კურსით მოძრაობს, უპირატესობა ენიჭება მარჯვენა ჰალსით მიმავალს.

ყოველი რბოლის დამთავრებისთანავე აფროსანი ვალდებულია აღიაროს დაშვებული შეცდომები. ამავე დროს, მას უფლება აქვს გააპროტესტოს მეტოქეების მოქმედება. აღიარებული დარღვევებისთვის ეკიპაჟი ჯარიმდება 2 სრული საჯარიმო წრით. თუ ეკიპაჟმა დარღვევები არ აღიარა, საქმეში ერთვება სააპელაციო ჟიური. იახტა, რომელმაც შეჯახება გამოიწვია, დაუყოვნებლივ ტოვებს რბოლას. რეგატა შედგება 7 რბოლისგან. ყოველ რბოლაში I ადგილისთვის ეკიპაჟს ერიცხება 1 საჯარიმო ქულა, II ადგილისთვის – 2, III ადგილისთვის – 3 და ა. შ. საბოლოო ჩათვლაში შედის 6 საუკეთესო შედეგი. იმარჯვებს ეკიპაჟი, რომელსაც ყველაზე ნაკლები საჯარიმო ქულა დაუგროვდება.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები