ბავშვის ფსიქოლოგია საქართველოში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბავშვის ფსიქოლოგია საქართველოში / განვითარების ფსიქოლოგია საქართველოში - Child Psychology in Georgia / Psychology of development in Georgia - Психология ребенка в Грузии // детская психология в Грузии Психология развития в Грузии
(ბერძ. psychё სული + logos მცოდნეობა, მოძღვრება)

ფსიქოლოგიის ქართულ სკოლაში განვითარების ფსიქოლოგია. საქართველოში ფსიქოლოგიის ამ დარგს დასაბამი მისცა დ. უზნაძის წიგნმა „ექსპერიმენტული პედაგოგიკა” (1912). მასში პრინციპულად არის გატარებული აზრი, რომ მეცნიერული პედაგოგიკა მხოლოდ ბავშვის ფსიქოლოგიის ცოდნაზე შეიძლება იქნეს დაფუძნებული. წიგნში წარმოდგენილია მასალა, რომელიც იმ დროისთვის იყო დაგროვებული პედოლოგიაში ბავშვის ყურადღების, ინტერესის, მეხსიერებისა და დაღლილობის საკითხებთან დაკავშირებით. მომდევნო წლებში უზნაძე მთავარ ყურადღებას თავისი ზოგადფსიქოლოგიური სისტემის, განწყობის თეორიის შექმნას უთმობდა, მაგრამ პედოლოგიაშიც განაგრძობდა მუშაობას, რაც დაგვირგვინდა წიგნით „პედოლოგია” (1933). 1936 წელს, საბჭოთა მთავრობის საგანგებო იდეოლოგიური დადგენილების შემდეგ, პედოლოგია მთელ საბჭოთა კავშირში განადგურდა. უზნაძემაც ერთგვარად დაამუხრუჭა თავისი კვლევა და აღარ უწოდებდა მას „პედოლოგიურს”. მისი წიგნი „ბავშვის ფსიქოლოგია” მხოლოდ 1947 წელს გამოიცა. ეს იყო წიგნი, რომელზეც აღიზარდა ქართველი ფსიქოლოგებისა და პედაგოგების რამდენიმე თაობა. ბრწყინვალე ერუდიციამ ავტორს საშუალება მისცა, გადმოეცა ბავშვის ფსიქიკური განვითარების სრული სურათი დაბადებიდან უფროსი სასკოლო ასაკის ჩათვლით. წიგნი შეიცავს თვით უზნაძის მიერ ჩატარებული ემპირიული კვლევის მონაცემებს და ორიგინალურ შეხედულებებს მთელ რიგ საკვანძო თეორიულ საკითხებზე. განსაკუთრებით აღსანიშნავია თამაშის ფსიქოლოგიური არსის კონცეფცია, რომელიც ემყარება განწყობის თეორიისა და საზოგადოდ მთელი ფსიქოლოგიის უმნიშვნელოვანეს ცნებას − ფუნქციონალურ ტენდენციას. ასევე უარღესად საყურადღებოა ე.წ. კოინცინდენციის თეორია, რომელიც გაშლილი სახით „პედოლოგიაშია” გადმოცემული. მასში საუბარია განვითარების მამოძრავებელი თანდაყოლილი (შინაგანი) და შეძენილი (გარეგანი) ფაქტორების არსებითი კავშირის შესახებ. ბავშვის განვითარება უნდა მიმდინარეობდეს მის განვითარებად შესაძლებლობათა შესაბამის გარემოში, რომელიც სოციალური წრის მიერაა ორგანიზებული და სახეშეცვლილი. ესაა ასაკობრივი გარემო. ყველა ასაკს თავისი სპეციფიკური გარემო აქვს, რაც საშუალებას აძლევს უზნაძეს, გარემოს თავისებურებათა თანმიმდევრული ცვლილების შესაბამისად გამოყოს ბავშვის განვითარების ასაკობრივი პერიოდები {ბავშვის ასაკთა პერიოდიზაცია}. უზნაძემ მოგვცა ყველა ასაკის საფუძვლიანი დახასიათება იმ დროს მსოფლიო მეცნიერებაში არსებულ მონაცემებზე დაყდნობით, რომელთაც საკუთარი კვლევის მრავალი მონაცემიც დაუმატა. ეს პირველ რიგში ეხება 1920-იან წლებში შესრულებულ ექსპერიმენტულ კვლევებს, რომლებშიც შესწავლილი იყო ბავშვის ინტერესი სასწავლო საგნებისადმი, ასევე განზოგადებისა და ცნების არსებით ნიშანთვისებათა წვდომის ონტოგენეზთან დაკავშირებული საკითხები. მიღებული მონაცემები გერმანულ ჟურნალებში გამოქვეყნდა და სპეციალისტების დიდი ყურადღება დაიმსახურა (ლ. ვიგოტსკი, ა. ლაჩინსი, ს. რუბინშტეინი, ვ. შტერნი და სხვანი).

ბავშვის ფსიქოლოგიის დარგში უზნაძე სიცოცხლის ბოლომდე ნაყოფიერად მუშაობდა თავის თანამშრომლებთან ერთად (ნინო ადამაშვილი, ელენე კეჟერაძე, ბარნაბ ხაჭაპურიძე, ფატი ხუნდაძე და სხვანი). ეს ტრადიცია გაგრძელდა ფსიქოლოგიის ქართულ სკოლაში, რომელშიც ფსიქიკური პროცესებისა და პიროვნული თვისებების ონტოგენეზის შესწავლას ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა. შესრულებულია მრავალი ასეული გამოკვლევა და მიღებულია ფრიად მნიშვნელოვანი მეცნიერული შედეგები. აზროვნების ონტოგენეზის საკითხებს იკვლევდნენ: რევაზ ნათაძე, მელენტი ზარანდია, ე. კეჟერაძე, შოთა ნადირაშვილი, ზურაბ ვახანია, მარინე ჯაფარიძე; მეტყველების ონტოგენზს − აკაკი ავალიშვილი, დარეჯან რამიშვილი, ნათელა ჭრელაშვილი, არჩილ ალხაზიშვილი, გიორგი მჭედლიშვილი, ნათელა იმედაძე; აღქმის ონტოგენეზს − ქეთევან მდივანი; მეხსიერების ონტოგენეზს − ე. კეჟერაძე; წარმოსახვის ონტოგენეზს − ფ. ხუნდაძე; ყურადღების ონტოგენეზს − ვიტალი კაკაბაძე, ალექსანდრე მოსიავა, ჟუჟუნა ნეფარიძე; ნებელობის ონტოგენეზს − შალვა ჩხარტიშვილი, ნოდარ ბარამიძე, ნოდარ როგავა, ირაკლი იმედაძე; ჩვევის ონტოგენეზს − ოთარ ტაბიძე, ზოსიმე ხოჯავა; პიროვნებას, მის ზნეობრივ და სოციალურ ჩამოყალიბებას − ნინო ადამაშვილი, მზია გომელაური, ნ. როგავა, ფ. ხუნდაძე, ნ. ჭრელაშვილი; ესთეტიკური აღქმის ონტოგენეზს − გიორგი კეჩხუაშვილი, დ. რამიშვილი, ფ. ხუნდაძე, დოდო ჯვარშეიშვილი; განწყობის ონტოგენეზს − ბ. ხაჭაპურიძე და ე. კეჟერაძე.

განვითარების ფსიქოლოგია საქართველოში თითქმის მხოლოდ ბავშვის ფსიქოლოგიით იფარგლებოდა (არ გვქონია მოწიფული ასაკის ფსიქოლოგია, არც გერონტოფსიქოლოგია). მცირედ გვქონდა ფილოგენეზის კვლევა {ზოოფსიქოლოგია საქართველოში}. ამის გარდა, ზ. ვახანიამ ონტოგენეზისა და კულტურგენეზის პარალელები გამოიკვლია (ონტო-კულტურგენეზური განვითარება).

სხვადასხვა წლებში ბავშვის ფსიქოლოგიის სახელმძღვანელოები შექმნეს თამაზ გოგიჩაიშვილმა, ვლადიმერ ნორაკიძემ, მამია ყოლბაიამ.


წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ზურაბ ვახანია, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები