ბაჰაიზმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბაჰაიზმის სიმბოლო

ბაჰაი - დამოუკიდებელი მსოფლიო რელიგიაა, რომელიც, ენციკლოპედია „ბრიტანიკას“ ინფორმაციით, 1992 წლისათვის გეოგრაფიული გავრცელების მიხედვით, მსოფლიოში მეორე ადგილზეა ქრისტიანობის შემდეგ. ბაჰაის იდეალი და მთავარი მოწოდება რელიგიათა გაერთიანებაა.

მსოფლიოში დაახლოებით ექვსი მილიონი ბაჰაი ცხოვრობს, მათ შორის არიან 2100 ეროვნებისა და ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები. ამ რელიგიის ფუძემდებელია სპარსი დიდგვაროვანი ოჯახის წევრი მირზა ჰუსეინ ალი (1817-1892), რომელსაც „ბაჰა'უ'ლა“ - არაბულად „ღვთის დიდება“ - ეწოდა. ბაჰაის რწმენით ბაჰაულა არის აღთქმული ყველა დროისა.

ბაჰაის სარწმუნოების სიმბოლოდ ცხრაქიმიანი ვარსკვლავი გამოიყენება.

სარჩევი

ისტორია

ბაჰა-ულა XIX ს-ის შუა წლებში ცხოვრობდა. იგი მუსლიმანი იყო, მაგრამ ქრისტიანული და სხვა მონოთეისტური ლიტერატურით დაინტერესდა და მოწიფულ ასაკში საკუთარი რელიგიურ-თეოლოგიური სისტემა შეიმუშავა, რომელსაც ბაჰაი („დიდება“) ეწოდა, მის მიმდევრებს კი ბაჰაელები.

ხელისუფლებასა და მოლებს ახალი მოძღვრების ანტიისლამური ორიენტაცია შეუმჩნეველი არ დარჩენიათ. ბაჰა-ულა და ბევრი მისი თანამოსაგრე დააპატიმრეს. ბაჰა-ულა ყველაზე მკაცრ საპყრობილეში დაამწყვდიეს და სასტიკად გაუსწორდნენ, მაგრამ ბაჰაელთა რიცხვის შემცირება ვერ მოახერხეს და არც ბაჰა-ულას შეუწყვეტია საქმიანობა. იგი სამოღვაწეო ასპარეზზე გამოსვლიდან ორმოცი წლის შემდეგ, 1892 წელს, გარდაიცვალა. დაკრძალულია წმიდა მიწაზე, ისრაელში, ქ. ბაჰდჯიში. მისი საფლავი ბაჰაელების სათაყვანებელი ადგილია.

ბაჰაელები თვლიან, რომ ახალ მოძღვრებას და მის მქადაგებელს ღმერთმა წინამორბედი დაახვედრა. მისი სახელია ბაბი, რაც არაბულ ენაზე კარს ნიშნავს. მის მიზანს და მისიას ბაჰაელები იოანე ნათლისმცემლის მიზანთან და მისიასთან ათანაბრებენ და ამბობენ: რამდენიმე წლის წინათ, ვიდრე ბაჰა-ულა თავის საღვთო მისიას გააცხადებდა, ღმერთმა მახარებელი მოავლინა, რომელსაც მისთვის გზა უნდა მოემზადებინა და კარიბჭის ფუნქცია შეესრულებინა. ბაბი ქადაგებდა: „ვადასტურებ, რომ ღვთის აღთქმული დღის განთიადი დადგა... მიწიერი სურვილებისაგან განწმინდეთ გულები და ანგელოზებს დაემსგავსეთ, რათა აღთქმას ეზიაროთ, ვინაიდან ღვთის გამოცხადების შეცნობა მხოლოდ განწმენდილ გულებს ძალუძთ“. ცნობილია ბაბის ეპისტოლე, რომელმაც ირანში საკმაო პოპულარობა მოიხვეჭა. ავტორი შეიპყრეს და თებრიზში გადაასახლეს. იქ 1850 წელს დახვრიტეს და გვამი თხრილში ჩააგდეს, მაგრამ მოწაფეებმა ამოიღეს, შეინახეს, რამდენიმე წლის შემდეგ წმ. მიწაზე გადაასვენეს და ქარმელის მთაზე დაკრძალეს.

ბაჰა'უ'ლა. მირზა ჰუსეინ ალი (1817-1892)

ბაბისა და ბაჰა-ულას იდეები მათმა მოწაფეებმა გაავრცელეს. ამ საქმეში ყველაზე დიდი წვლილი ბაჰა-ულას უფროს ვაჟს აბდულ-ბაჰას მიუძღვის. სიკვდილის წინ მამამ იგი „აღთქმის ცენტრად და თავისი მოძღვრების ერთადერთ განმმარტებლად“ გამოაცხადა. ფიქრობენ, რომ ამით („ერთადერთ განმმარტებლად“ გამოცხადებით) რელიგიის დამფუძნებელს სამომავლოდ აზრთა სხვადასხვაობისა და უთანხმოებებისათვის საფუძველის გამოცლა ჰქონდა ჩაფიქრებული. შესაძლებელია ასეც იყოს, რადგან, როგორც ბაჰაელები ამტკიცებენ, მათ შორის სექტანტურ დაყოფას და განხეთქილებას დღემდე ადგილი არ ჰქონია.

აბდულ-ბაჰამ მამის ხვედრი გაიზიარა. იგი დიდხანს იჯდა სატუსაღოში, მაგრამ ირანის შაჰმა, რომელსაც ჰუმანიზმსა და ცივილიზაციაზე პრეტენზია ჰქონდა, აბდულ-ბაჰა გაათავისუფლა და საზღვარგარეთ წასვლის საშუალება მისცა. მან, ხანდაზმულობის მიუხედავად, ევროპისა და ამერიკის კონტინენტები შემოიარა და მიმდევართა შესამჩნევი რიცხვი შეიძინა. ასე რომ, ბაჰაელთა სარწმუნოებას საბოლოო სახე აბდულ-ბაჰამ მისცა.

მოძღვრება

ბაჰაელთა რწმენით ღმერთმა სამყარო სიყვარულით შექმნა და ადამიანები იმდენად უყვარს, რომ მათთან აღთქმა ანუ ხელშეკრულება დადო. ხელშეკრულება კი ორმხრივ ვალდებულებას გულისხმობს, რის გამოც ღმერთი ჩვენ ობლად არ გვტოვებს და თავის ნებას და განზრახვას გვატყობინებს. როდესაც კაცობრიობა გზიდან გადაუხვევს და სულიერად ავადდება, ღმერთი დედამიწაზე თავისი ნების წარმომჩენსა და განმცხადებელს გზავნის. იგი ადამიანებს ღვთის სიტყვას და განზრახვას აუწყებს. ამგვარი განმცხადებელი ძველ დროში ქრისტე იყო, ახალ დროში კი - ბაჰა-ულა. ერთიც და მეორეც, ბაჰაელთა თქმით, ისე არეკლავენ ღვთის სახეს, როგორც გაპრიალებული სარკე მზის სხივებს. თუ გვინდა შევიმეცნოთ ღმერთი და გავიგოთ მისი ნება, ქრისტეს და ბაჰა-ულას უნდა მოვუსმინოთ. ღვთის ნება კი ერთი მწყემსის ერთ სამწყსოში კაცობრიობის გაერთიანებაა.

თვალის ერთი გადავლებაც საკმარისია, რომ შევნიშნოთ - ბაჰაის სარწმუნოების არსებითი ნიშანი რასათა და ტომთა ერთიანობისაკენ, კაცობრიობის ერთიანობისკენ მოწოდებაა. ბაჰაელთა იდეალი კაცობრიობის ერთი სარწმუნოების ორბიტაში გაერთიანება და ამ სახით ღვთის სასუფევლის დედამიწაზე დამკვიდრებაა. ეს სარწმუნოება არის ბაჰა-ულას მოძღვრება, რომლის თანახმად კაცთა მოდგმა მშვენიერი ბაღის მსგავსია, სადაც სხვადასხვა ფორმისა თუ სურნელის ყვავილები ხარობენ. მშვენიერების საწინდარი სწორედ ყვავილების სიმრავლე და მრავალფეროვნებაა. კაცობრიობის ხიბლიც რასათა და ტომთა ნაირგვარობაა. „ადამიანებო, თქვენ ერთი ხის ნაყოფები და ერთი ტოტის ფოთლები ხართ!“ - ქადაგებს ბაჰა-ულა.

მოძღვრება და პრაქტიკა

ბაჰაელთა ღვთისმსახურების მთავარი მომენტი ყოველდღიური ინდივიდუალური ლოცვაა. ლოცვა შესაძლებელია ყველგან, რადგან ღმერთი ყველგანმყოფია: საგანგებო შენობები საჭირო არაა. მთავარი აქცენტი პიროვნების გაუმჯობესებაზე უნდა იქნას გადატანილი, უნდა აიკრძალოს მაგარი სასმელები და უაზრო გართობები, რათა საზოგადოებაში მშვიდობამ და ჰარმონიამ დაისადგუროს. ბაჰა-ულას მოძღვრება „ახალ მსოფლიო წესრიგს“, ახალი ქვეყნის მშენებლობას გულისხმობს.

ბაჰაელებს დადგინებული სასულიერო პირები არ ჰყავთ. თითოეული საკრებულო ყოველწლიურად ირჩევს ცხრა პიროვნებას, რომლებიც „ადგილობრივ სასულიერო კრებულს“ ქმნიან. მათ სპეციალური სკოლები არა აქვთ. რჯულში განსწავლა ურთიერთკონტაქტის შედეგად ხდება.

ბაჰაიზმი სინკრეტული (გაერთიანებული) რელიგიაა. როგორც თეორიის, ისე პრაქტიკის თვალსაზრისით იგი ქრისტიანობის, იუდაიზმის, ისლამისა და ზოროასტრიზმის კონგლომერატად წარმოგვიდგება.

საქართველოში, თბილისში, 1993 წლიდან „ბაჰაის სასულიერო ასამბლეა“ მოქმედებს, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 500-მდე მოქალაქეს აერთიანებს.


წყარო

მსოფლიო რელიგიები საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები