ბერიძე ვახტანგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვახტანგ ბერიძე

ბერიძე ვახტანგი – (დ. 30. 05. 1914, ქ. ქუთაისი – გ. 21. 12. 2000, ქ. თბილისი), ქართველი მეცნიერი – ხელოვნებათმცოდნე, არქიტექტორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1959), პროფესორი (1960), საქართველოს მეცნიერების ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრი (1974). საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1964). საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.

სარჩევი

ბიოგრაფია

დაიბადა ცნობილი მეცნიერის, ვუკოლ ბერიძის ოჯახში. 1929 წელს დაამთავრა თბილისის I საშუალო სკოლა, შემდეგ სწავლობდა თსსა-ში არქიტექტურის ფაკულტეტზე; 1936 წელს დაამთავრა ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტის არქიტექტურის განყოფილება; 1936-1938 წლებში შ. ამირანაშვილის ხელმძღვანელობით სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიის ასპირანტურაში. 1941 წლიდან მუშაობდა ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში – თავდაპირველად სწავლულ მდივნად, შემდეგ – ინსტიტუტის დამაარსებლისა და დირექტორის, გ. ჩუბინაშვილის მოადგილედ. 1973-1988 წლებში და 1996-2000 წლებში იყო გ. ჩუბინიშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის დირექტორი.

ფართო და მრავალმხრივი იყო ბერიძის, როგორც მეცნიერ-მკვლევრის, ინტერესთა სფერო. მისი კვლევის უმთავრესი საგანი იყო ქართული ხუროთმოძღვრება, როგორც ძველი ისე ახალი და თანამედროვე. გარდა უამრავი წერილისა და ნარკვევისა, რომელიც ბერიძემ სხვადასხვა ტიპის არქიტექტურის ცალკეულ ძეგლს მიუძღენა, სამეცნიერო წრეებში ფართოდ არის აღიარებული მისი ფუძემდებლური გამოკვლევები: „სამცხის ხუროთმოძღვრება. XIII-XVI საუკუნეები“; „XVI-XVIII საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრება“ (ორტომეული); „ძველი ქართული ხუროთმოძღვრება“; „ქართული გუმბათური არქიტექტურის განვითარება“. მონოგრაფიაში, რომელიც ტაო-კლარჯეთის ძეგლებს ეხება, პირველადაა ასეთი სისრულით წარმოჩენილი საქართველოს, ამ ძირძველი კუთხის ხუროთმოძღვრული ხელოვნების მხატვრულ-ისტორიული ღირებულება, მისი სრულიად განსაკუთრებული როლი და მნიშვნელობა შუა საუკუნეების ქართული კულტურის ისტორიაში.

ბერიძე ნაყოფიერად მუშაობდა არა მარტო ხუროთმოძღვრებაში, არამედ იკვლევდა ხელოვნების სხვა დარგების ისტორიასაც: ძველ ფერწერას (მცხეთის სვეტიცხოვლის „ცხოველი სვეტის“ მოხატულობა წმ. ნინოს ცხოვრების სცენებით); ნაქარგობას (მონოგრაფია „ქართული ნაქარგობის ისტორიიდან“), თანამედროვე ხელოვნების ყოვლისმომცველ ისტორიას (გამოცემულია რუსულ ენაზე ნ. ეზერსკაიასთან თანაავტორობით); გამოქვეყნებული აქვს ლ. გუდიაშვილის, დ. კაკაბაძის, ნ. ფიროსმანის შემოქმედებისადმი მიძღვნილი მონოგრაფიები და სხვ. საგანგებოდ უნდა აღინიშნოს ბერიძის მიერ შედგენილი ერთგვარი ენციკლოპედია – „ძველი ქართველი ოსტატები“.

უაღრესად მნიშვნელოვანია ბერიძის ღვაწლი თბილისის ისტორიის და ხუროთმოძღვრების კვლევის საქმეში. მისი ნაშრომი – „თბილისის ხუროთმოძღვრება“ – დღესაც სამაგიდო წიგნია იმ მკითხველისთვის, ვინც ქ. თბილისის ისტორიითა და მისი სიძველეებით არის დაინტერესებული. ბერიძის ძალისხმევით 1986 წელს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის ძალითაც დადგინდა ძველი თბილისის დაცვითი ზონები და შედგა ძეგლად აღრიცხული ნაგებობების სია.

ბერიძის ინიციატივითა და უშუალო ხელმძღვანელობით 1974 წლიდან ტარდებოდა ქართული ხელოვნებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სიმპოზიუმები (I – 1974, ბერგამო, იტალია; II – 1977, თბილისი; III – 1980, ბარი-ლეჩე, იტალია; IV – 1983, თბილისი; V – 1986, პავია, იტალია; VI – თბილისი, 1989).

სამეცნიერო კვლევა-ძიების გარდა, მნიშვნელოვანია ბერიძის წვლილი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საქმეში. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას სამხატვრო აკადემიაში, კონსერვატორიაში, თეატრალურ ინსტიტუტში, ასევე მონაწილეობდა ძეგლთა დაცვის სამეცნიერო-მეთოდური საბჭოს, მხატვართა კავშირის სექციების, სხვადასხვა სამეცნიერო საბჭოს მუშაობაში. მინიჭებული ჰქონდა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.

დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

მ. დიდებულიძე

თხზულებები

  • სავანე – XI ს. ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, „ქართული ხელოვნება“, 1942, ტ. 1;
  • ეხვევის ტაძარი „დედა ღვთისა“, „ქართული ხელოვნება“, 1942, ტ. 2;
  • თბილისის „ლურჯი მონასატერი“, იქვე, 1948, ტ. 2;
  • მცხეთს კათედრალი „სვეტიცხოველი“ და ქართლის მოქცევის სიუჟეტები მის ფრესკებში, „საქართველოს სახელმწ. მუზეუმის მოამბე“, 1948, ტ. 15;
  • კაცხის ტაძარი, „ქართული ხელოვნება“, 1950, ტ. 3;
  • ქართული საბჭოთა არქიტექტურის ისტორია, იქვე, 1955, ტ. 4;
  • სამცხის ხუროთმოძღვრება, თბ., 1955;
  • მაღალაანთ ეკლესია, „ქართული ხელოვნება“, 1959, ტ. 5;
  • თბილისის ხუროთმოძღვრება (1801-1917), ტ. 1-2, თბ., 1960-63;
  • გიორგი ჩუბინაშვილი, თბ., 1963;
  • ძველი ქართველი ოსტატები, თბ., 1967;
  • ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974;
  • XVI-XVIII საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრება, ტ. 1, თბ., 1983;
  • XVI-XVIII საუკუნეების ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრება, თბ., 1994;
  • ნიკო ფიროსმანაშვილი, თბ., 2007;
  • Рпотив искажения истории грузинского искусства, Tб., 1949;
  • Искусство Советской Грузии, М., 1975 (ნ. ეზერსაკიასთან ერთად);
  • Некоторые аспекты грузинской купольной архитектуры со второй половины Хо. до конца XIII века, Tნ., 1976;
  • Meсто памятников Tao-Клаpджети в истории грузинской apxитектуры, Tб., 1981;
  • Давид Какабадзе, M., 1989;
  • Art and Architecture in Medieval Georgia, Louvaine-la-Neuve, 1980 (თანაავტ.: A. Alpago-No-vello, J. Lafontaine-Dosogne, E. Hybsch, G. leni, N. Kauchtschishvili);
  • Die Baukunst des Mittelalters in Georgien, Berl., 1980 [Edith Nenbauer-თან ერთად];
  • Monuments de Tao-Klardjétie dans l'histoire de l'architecture géorgienne, Tbl., 1981;
  • I tesori della Georgia, Mil., 1983 (თანაავტ.; G, Alibegasvili, A. Volskaja, L. Khuskivadze).

იხილე აგრეთვე

ვახტანგ ბერიძე

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები