გარსევანიშვილი იესე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გარსევანიშვილი იესე – (1792, ქ. გორი, ქართლი, – 23.11.1864, იქვე), მღვდელი, პედაგოგი, მთარგმნელი, გადამწერი.

დაიბადა დეკანოზის ოჯახში. ეკუთვნოდა აზნაურთა წოდებას. მამამისი, დეკანოზი იაკობი, ანტონ კათოლიკოსთან დაახლოებული პირი იყო, ხოლო ძმა მთავარეპისკოპოსი პაისი, გორისა და სამთავროს ეპარქიას განაგებდა იაკობმა თავის შვილებს, იესესა და სვიმონს, შესაფერისი განათლება მიაღებინა. 1814 წ. გარსევანიშვილმა დაამთავრა თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელი. კარგად იცოდა რუსული ენა. 1818 წ. 6 დეკემბერს ეგზარქოსმა თეოფილაქტემ (რუსანოვი) დიაკვნად აკურთხა, ამავე წლის 12 დეკემბერს მღვდლად დაასხა ხელი და გორის „ოქონის“ ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში განაწესა. 1819 წ. თავადმა გრიგოლ წერეთელმა გარსევანიშვილი ქუთაისში მიიწვია თავისი შვილის ალესანდრეს მასწავლებლად. აქ იგი ასევე რუსულ ენას, ფილოსოფიასა და საღვთო სჯულს ასწავლიდა სამეგრელოს მთავრის ძეს – დავით დადიანსაც. გარსევანიშვილი ქუთაისში ოთხი წელი დარჩა. 1822 წ. ისევ გორში დაბრუნდა. ამ პერიოდში მისი ინიციატივით და ფინანსური მხარდაჭერით ოქონის ეკლესიას გალავანი შემოავლეს. 1824 წ. 15 მარტს ხერსონის გრენადერთა პოლკის სამხედრო კაპელანად დაინიშნა. 1825 წ. 28 თებერვლიდან გორის მაზრის მთავარხუცესია. იმავე წლის 2 ივლისს ოლქის სამღვდელოების მხრიდან დეპუტატად იქნა არჩეული. 1829 წ. ერთგული სამსახურისთვის სკუფია უბოძეს.

ი. გარსევანიშვილი რუსულიდან ქართულ ენაზე თარგმნიდა საეკლესიო და ისტორიულ-ფილოსოფიური ხასიათის თხზულებებს. გადაწერა და გაავრცელა ძველი ქართული ხელნაწერები. თავის რძალს – ნანას (შვილის სვიმონის მეუღლეს) გადააწერიანა რამდენიმე თხზულება, მათ შორის, „ვეფხისტყაოსანი“. 1833 წ. დავით დადიანის დავალებითა და თხოვნით მან თარგმნა ბერძნული პოემა „ილიადა“. კ. კეკელიძის სახელობი საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულია მღვდელ გარსევანიშვილის მიერ თარგმნილი „ილიადა“ ტყავგადაკრული ხის ყდით, რომელსაც ახლავს ანდერძიც: „ფრიადთა ღვაწლის დადებითა ვსთარგმნე კმაც მოწყინებისა შინა მე, იესე გარსევანოვმა. ახმარონ ღმერთმან ბედკეთილობისა შინა დავით დადიანს“. უფრო ადრე, ასევე დადიანის დავალებით, გარსევანიშვილმა თარგმნა „ოდისეა“ (ა. სვეტუშინის რუს. თარგმ.). მისი თარგმანებია პლუტარქეს „შედარებითი ცხოვრების აღწერანი“, ბერძენი ისტორიკოსის, ჰეროდოტეს ისტორია 9 წიგნად, აბატი მილოტის „ყოვლად ზოგადი ისტორია“, პეტრე იმპერატორის „კანონები“, „პითაღორას მგზავრობანი“, „სამხედრო ტიპიკონი“, „ისტორია მწერთა სავნებელთა“. 1829 წ. თარგმნა ვოლტერის „ლუდოვიკო მეთოთხმეტეს საუკუნე“. როდესაც საქართველოში რუსეთის აკადემიის წევრი, ბერძენ კლასიკოსთა მთარგმნელი ივანე მარტინოვი (1771-1833) ჩამოვიდა, გ. წერეთელმა გარსევანიშვილს სთხოვა ეთარგმნა „ქართლის ცხოვრება“. იგი წერდა გარსევანიშვილს: „ამას ესაჭიროება „ქართლის ცხოვრება“ ათარგმნინოს რუსულად, გირჩევ სთარგმნე. ეგებ საბრალო ჩვენის მამულის სახელიც იხსენიოს სადმე, – ისტორიას აკეთებს“. გარსევანიშვილმა გადაწერა ანტონ I-ის „სხვადასხვა ქადაგებები“. იგი ლექსიკოგრაფიც იყო. შეადგინა რუსულ-ქართული ლექსიკონი.

1837 წ. იგი წერდა: „ჟამსა სიყრმისასა, ოდეს კეთილმან მამამან ჩემმან წამიყვანა სიცოცხლესავე თვისსა საქართველოს სატახტო ქალაქსა ტფილისს, სასწავლებლად რუსულის ენისა ყოვლად სასარგებლოდ ჩემდა, აღსამაღლებლად მხედრობისა ძალისა, სრულვყავ ლექსიკონი“. გარსევანიშვილ ავტორია რამდენიმე პატრიოტული და სახოტბო ლექსისა, რომელიც თავის ნათარგმნ ან გადაწერილ თხზულებათა ბოლოს დაურთავს.

გარსევანიშვილს შესანიშნავი ბიბლიოთეკა ჰქონდა. მისი უშუალო თაოსნობით ჟამთასვლას გადაურჩა და ჩვენამდე მოაღწია რამდენიმე ათეულმა სიგელ-გუჯარმა, სხვადასხვა ხელნაწერმა და ნაბეჭდმა წიგნმა. გარსევანიშვილი დაკრძალული იყო გორის ოქონის ეკლესიაში. 1928 წ. კომუნისტების მიერ ტაძრის დანგრევის შემდეგ, მისმა შთამომავლებმა ნეშტი გორის საერო სასაფლაოზე გადაასვენეს.

დიაკ. გ. მაჩურიშვილი


წყაროები და ლიტერატურა

  • სცსა, ფ. 489, აღწერა 1, საქმე №62080.
  • გარსევანიშვილი ე., „მღვდელი იესე იაკობის ძე გარსევანიშვილი“ (ჰომეროსისა და ჰეროდოტეს მთარგმნელი), ჟურნ. „ქაროზი“, 2004, №7(22).

წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები