გერმოგენი (აბაშიძე გიორგი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გერმოგენი – (აბაშიძე გიორგი), (1884-1937)] მღვდელ-მონაზონი.

მღვდელ-მონაზონი გერმოგენი (აბაშიძე), 1917წ.

დაიბადა აზნაურის ოჯახში. პირველდაწყებითი განათლება სოფლის სამრევლო-საეკლესიო სკოლაში მიიღო. 1912 წ. 20 აპრილიდან ნოვგოროდის ეპარქიის, მაცხოვრის ფერისცვალების მონასტრის მორჩილია (ზუსტად არ არის ცნობილი, როდის გაემგზავრა რუსეთში). ამავე წლის 3 ოქტომბერს საქართველოში დაბრუნდა და გარეჯის წმ. იოანე ნათლისმცემლის მონასტერში დაიწყო მორჩილება. გერმოგენმა უმოკლეს დროში საფუძვლიანად შეისწავლა წმ. წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი. 1913 წ. 29 მაისს წმ. იოანე ზედაზნელის მონასტერში გადაიყვანეს. 1913 წ. 1 ოქტომბერს თბილისის ფერისცვალების მონასტერში განაწესეს და ამავე წლის 5 ოქტომბერს გორის ეპისკოპოსმა ანტონმა (გიორგაძე) გერმოგენის სახელით ბერად აღკვეცა. მეორე დღეს სიონის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში მისივე ხელდასხმით დიაკვნად, იმავე წლის 15 დეკემბერს კი მღვდლად ეკურთხა. 1914 6. 20 თებერვალს მონასტრის ხაზინადრობა ჩააბარეს. 1914 წ. 21 მაისს გათავისუფლდა ხაზინადრობიდან და იმავე წლის 31 მაისს ჯავახეთში, ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების მონასტერში განაწესეს. 1914 წ. 7 ივლისს გარეჯის წმ. იოანე ნათლისმცემლის მონასტერში გადაიყვანეს, სადაც 1915 წ. 5 მარტს ხაზინადრად დაინიშნა. 1916 წ. საგვერდულით დაჯილდოვდა.

1917 6. 20 მარტს გერმოგენმა თხოვნით მიმართა დავითგარეჯის ლავრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ დოსითეოსს (ბერძნიშვილი): „მის მაღალღირსებას, წმ. დავით გარეჯელის უდაბნოს წინამძღვარს, მამა არქიმანდრიტ დოსითეოსს: მაქვს რა სურვილი განვლო ჩემი მონაზონებრივი ცხოვრება დავით გარეჯელის უდაბნოში, ვითხოვ თქვენი მაღალღირსებისაგან, აღძრათ ჯეროვანი შუამდგომლობა სრულიად საქართველოს კათალიკოსის მოსაყდრის წინაშე, რათა ვიქმნე გადმოყვანილ თქვენდამი რწმუნებულ გარეჯის უდაბნოში სამღვდელმონაზნო ადგილზე. ამასთანავე მოგახსენებთ, რომ ამაზე არ არის დაბრკოლება აწინდელ ჩემ წინამძღვრის მხრიდან“. მართლაც, მეორე დღესვე არქიმანდრიტმა დოსითეოსმა თხოვნით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოსის მოსაყდრეს, მიტროპოლიტ ლეონიდეს (ოქროპირიძე): „მოგართმევთ რა ამასთანავე 20 მარტის თარიღით თხოვნას იოანე ნათლისმცემლის მონასტრის უდაბნოს ხაზინდრისა მღვდელ-მონაზონ გერმოგენისას, შესახებ მის ჩემდამი რწმუნებულ უდაბნოში გამწესებისა და მოგახსენებთ რა, რომ დღევანდელი ვითარების გამო, გართულებული არის მოპოვება სურსათ-სანოვაგისა, რისათვის მიუცილებელ საჭირო და სასარგებლო იქნება ჩემდამი რწმუნებულ უდაბნოსათვის კაცი ახალგაზრდა და ჭარმაგი ენერგიით ხაზინადარის თანამდებობის აღსასრულებლად, უმორჩილესად ვთხოვ თქვენს მეუფებას ზემოხსენებული მღვდელ-მონაზონი გერმოგენი გადმოიყვანოთ გარეჯის უდაბნოში მღვდელ-მონაზონის თავისუფალ ადგილზე და მიანდოთ მას აღსრულება ხაზინადარის თანამდებობისა. ამასთანავე დავსძენ, რომ მის გადმოსაყვანად არავითარი დაბრკოლება არ აქვს მის წინამძღვარს არქიმანდრიტ ნაზარს“.

1917 წ. 28 აგვისტოს საქართველოს დროებითმა საეკლესიო მმართველობამ გერმოგენი დავითგარეჯის ლავრის წინამძღვრის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა. 1918 წ. 10 იანვარს დავითგარეჯის ლავრას თავს დაესხნენ თათართა შეიარაღებული რაზმები, სასტიკად დაარბიეს და გაძარცვეს სავანე. ბერები გალახეს, ყარაულს იარაღი აჰყარეს და უმოწყალოდ სცემეს, დაამტვრიეს კანკელები, ტრაპეზები, ხატები. გერმოგენი ცდილობდა ეს ამბავი ქართველი საზოგადოების ყურამდე მიეტანა და გარეჯის ლავრის მძიმე ბედს გაზეთ „საქართველოს“ ფურცლებზე აღწერდა: „აი, ეს ძველის ძველი საუნჯე გასძარცვა ბრბომ. როგორც ამას წინად ვწერდი, წაიღეს დიდძალი ოქრო-ვერცხლის ნივთები, დიდძალი სპილენძეულობა რამდენიმე ათეული ფუთის წონისა. გადარჩა სულ რამდენიმე სახარება და ვერცხლის ჯვრები. თავის დროზე, როცა კანტიკუნტად გაჩნდა თათართაგან რბევა-გლეჯა და ავაზაკობა, განვუცხადე ჩემს მთავრობას, წამოეღოთ და მუზეუმში დაეცვათ ეს სიმდიდრე, მაგრამ ამაოდ და, აი, დღეს ეს სიმდიდრე დატოვებული ჩვენთა წინაპართაგან, დაიკარგა იმ დროს, როდესაც ასე ძვირფასია ჩვენი ერისათვის ყოველივე ქონება. დღევანდელ ფასებში ის სიმდიდრე თითქმის ერთ მილიონ მანეთს უდრის და ეს სიმდიდრე თუნდა დღევანდელ საერო საბჭოს მოხმარებოდა, დიდი საქმე გაკეთდებოდა... ეს ადგილები ჩვენია, გვიყვიროდნენ ისინი შეკითხვაზე, – მთავრობამ ჩვენ გვაკუთნა, როგორც გვსურს, ისე მოვიხმართო; გვნებავს – დავანგრევთ, გვნებავს დავწვამთო. მე მგონია, ქართველი ერი მოვალეა, ხმა ამოიღოს და მოსთხოვოს თათართა ეროვნულ საბჭოს, ალაგმონ თავისი ხალხი, ნუ იწვევენ უსიამოვნობის და გადახდის ჟინსა“.

მღვდელ-მონაზონი გერმოგენი

1923 წ. 16 თებერვალს დეკანოზი ალექსი გულისაშვილი საკათოლიკოსო საბჭოს სწერდა: „დავით გარეჯის მონასტერი რევოლუციის დროს სრულიად გაიძარცვა თათრების შემოსევებით, რაც თავის დროზე ეუწყა სასულიერო მთავრობას. ამჟამად გარეჯის უდაბნოს ქონებას შეადგენს მარტო ოთხი სახარება, ხუთი ვერცხლის ჯვარი და სხვა არაფერი. სახარებები და ჯვრები დაცულია საგარეჯოს წმ. იოანე ნათლისმცემლის ტაძარში. რაც შეეხება ს, იგი არ სჩანს, შენახულია სადმე თუ დაკარგულია. 1922 წ. მამა გერმოგენს საქართველოს ჩაუბარებია უნივერსიტეტის წარმომადგენლისათვის 100 ცალი ხელნაწერი და დაბეჭდილი წიგნები, მის ხელშია ამჟამად ზვარი (3 დესიატინა) და წისქვილი. იგი ცხოვრობს ზვარეში და ამუშავებს. მასვე აუშენებია ორი დიდი ფარეხი – გომი მონასტრისათვის მინდვრებში იმ მიზნით, რომ ისევ გავლენა ჰქონდეს უდაბნოს მინდვრებზე და საქონლის პატრონებს დავალებული აქვთ ყური უგდონ დავით გარეჯის და იოანე ნათლისმცემლის მონასტრებს და საქონლის სიარულით არ წარყვნან წმინდა ადგილები. ბარძიმ-ფეშხუმი გატაცებული თათრებისგან მართლა სოფ. შიხალოში აღმოჩენილა და გადაუციათ მამა გერმოგენისთვის, ამ უკანასკნელს კი შიშის გამო, რომ ისევ თათრებმა არ წამართვანო, მიუბარებია შესანახად ნაცნობ თათრისათვის. შემდეგში გერმოგენი ერთი მხლებლით ჩუმად მისულა სოფ. შიხალოში და წამოუღია ხსენებული ნივთები და ეხლა ინახება მასთან საგარეჯოში. გერმოგენის სიტყვით, ბარძიმ-ფეშხუმი მის საკუთრებას შეადგენს, შეძენილი აქვს ნათლისმცემლის მონასტრიდან და შემდეგ თავის სიკვდილისა უტოვებს დავით გარეჯის მონასტერს. მღვდელ-მონაზონ გერმოგენის შესახებ ორი აზრი ტრიალებს საგარეჯოს საზოგადოებაში: ერთნი აქებენ მის მოღვაწეობას, მეორენი ამბობენ: „ბერი განდეგილად უნდა ცხოვრობდეს მონასტერში და არა სოფელშიო“. მე ვემხრობი პირველებს, ეხლანდელ უკუღმართ დროში რა უნდა გააკეთოს ერთმა მშიერ-მწყურვალმა კაცმა მონასტერში, თუ არ მიეცა მას სახსარი ცხოვრებისა. მარტო ერთი მხარეა გერმოგენის მოქმედებაში დასაგმობი. მას არა აქვს კავშირი სასულიერო მთავრობასთან, თავის ინიციატივით მოქმედებს, საჭიროა იგი სასულიერო მთავრობის გავლენის ქვეშ იმყოფებოდეს. ისე, სხვა მხრივ, მღვდელ-მონაზონი გერმოგენი გამსჭვალულია წმინდა მიზნით და მას ბერობა სწამს, ამაში ეჭვი არავის უნდა ჰქონდეს, რომ გერმოგენს ჯვარი აეხსნას მკერდიდან და ანაფორა გაეხადა, რასაც ძლიერ ცდილობენ მისი ნათესავები, რომ ერისკაცობას დაუბრუნდეს და ზვარი და წისქვილი საბჭოს მთავრობასთან შეთანხმებულად ამუშავოს, მაგრამ მან ეს არ მოინდომა, იგი აღფრთოვანებულია იმ აზრით, რომ დავითგარეჯის მონასტერი ისევ აღორძინდება და რა ადგილებიც სჭერია მონასტერს, ისევ უნდა დაიჭიროსო. იგი ამბობს: მე რომ ზვარს თავი დავანებო, გლეხები ეზოებად დაიყოფენ და მერე მათი გამოყვანა ძნელი იქნებაო“.

თ. ბედიაშვილი გერმოგენის შვილის, ბ. აბაშიძის მონაყოლზე დაყრდნობით წერს: „გერმოგენმა უდაბნოს საზღვრები საქართველოს სახელმწიფო საზღვრებს დაამთხვია. ივ. ჯავახიშვილი ჩადის გარეჯის მონასტერში და მადლობას უხდის გერმოგენს, აზერბაიჯანელ მუსულმანებთან „უომრად“ მორიგებისათვის. მან დიდძალი ხალხი შეაგროვა და თათრებისგან წართმეული დაიბრუნა. მამა გერმოგენი ნათესაურ კავშირში იყო სერგო ორჯონიკიძესთან. მასთან ორსაათიანი საუბრის შემდეგ გადაწყდა, რომ საქმისთვის აჯობებდა ბერ გერმოგენს გაეხადა ანაფორა, გამხდარიყო საერო პირი და სათავეში ჩადგომოდა ყოფილი მონასტრის მამულების განკარგვას. როგორც ვხედავთ, მონასტრის წინამძღვარში ეროვნულმა მოვალეობამ დასძლია მორწმუნისას. ამჯერად გარეჯის მონასტრისა და მისი მამულების შენარჩუნების მიზანმა აიძულა იგი საერო ტანსაცმელში გამოჩენილიყო“.

1929 წ. გერმოგენის თაოსნობით გარეჯის მონასტერთან ახლოს დაარსდა სოფელი უდაბნო. გერმოგენი 1937 წლის რეპრესიებს შეეწირა.

დიაკ. გ. მაჩურიშვილი


ყაროები და ლიტერატურა

  • გაზ. „საქართველო“, 1917, №14, №19;
  • საქართველოს საპატრიარქოს არქივი, აღწერა 1, საქმე №134;
  • სცსა, ფ. 489, აღწერა 1, საქმე №57648; ფ. 1699, აღწერა 1, საქმე №56;
  • Журн., Вестник Грузинского Экзархата, 1916, №7.
  • ბედიაშვილი თ., „საგარეჯოს რაიონში მოღვაწე სასულიერო პირები (XIX ს-ის ბოლო და XX ს. დასაწყისი)“, თბ., 2002.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები