გვაზავაისძენი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გვაზავაისძენი – (XI ს.), ოქრომჭედლები (ასან, თევდორე, გიორგი), მოღვაწეობდნენ ზემო სვანეთში.

ნაკიფარის ტაძრის წმ. გიორგის ხატი

ასანის გამოჭედილია წმ. გიორგის ორი ოქროდაფერილი ვერცხლის ხატი, შემონახული ზემო სვანეთის სოფ. ნაკიფარის (იფარის თემი) წმ. გიორგის ეკლესიაში. ორივეზე წარმოდგენილია მხედარი წმ. გიორგი, რომელიც შუბით გმირავს დიოკლეტიანე მეფეს, ანუ ამ თემის ის მოდელი, რომელიც წმინდა ქართულ ვერსიადაა აღიარებული (ნაცვლად საყოველთაოდ გავრცელებული იმ ვარიანტისა, როცა ბოროტების სიმბოლოდ გველი ან გველეშაპია გამოსახული). ასანის ამ ხატთაგან ერთი (ზომით 41x34 სმ), ძლიერ შელახული, უფრო ადრინდელი ნამუშევარია; ჩანს ოსტატის ჯერ კიდევ გაუწაფავი ხელი. მეორე ხატი (50x41) უკვე ნამდვილად ხელოვნების შესანიშნავი ძეგლია ზოგადი კომპოზიციური ასახულობით, ფიგურათა კარგად „გამოძერწილი“ სკულპტურული ფორმებით და ჩარჩოს არშიებზე განთავსებული ძარღვიანი ორნამენტით. ტალანტთან ერთად ასანი აქ უკვე გამოცდილი, კარგად გამოწრთობილი ოსტატია. მისი ამ ხატებიდან პირველზე წარწერის მხოლოდ ერთი სტრიქონია შემორჩენილი: „მოიჭედა ხელითა ასან გვაზავასძისაითა“. მეორე ხატის წარწერა მეტ ინფორმაციას გვაწვდის: „მოიჭედა ხატი ესე წმიდისა გიორგისა: იფარისა, ჩემგან მარუშის მიერ, ჩემითა ოქროითა და ვერცხლითა, ხელითა ასან ოქრომჭედლისაითა“. მარუში საერო პირი ჩანს, მის შესახებ სხვა არაფერია ცნობილი.

ნიჭიერება და ოსტატობა არც თევდორე და გიორგი გვაზავაისძეთა ხატებს აკლია. თევდორეს ნახელავია ტახტზე მჯდომი მაცხოვრის ვერცხლის ხატი (35×26 სმ), რომელიც სოფ. თელის მაცხოვრის ეკლესიამ შემოგვინახა (ამჟ. მესტიის მუზეუმშია). ასომთავრული წერწერა ტახტის ფეხებთანაა: „მოიჭედა ხატი ესე ხელითა თევდორე გვაზავასძისათა“. იგივე შინაარსისაა გიორგი გვაზავაისძის მიერ შესრულებული ხატი სოფ. ლანჩვანის მაცხოვრის ეკლესიიდან. ინახება მესტიის მუზეუმში. ხატი უფრო მოზრდილია (51x40 სმ) და ბევრად უფრო დაზიანებული – დაკარგულია ცენტრალური გამოსახულების თითქმის მთელი ქვედა ნახევარი, ნაკლულია ჩარჩოს არშიებიც, თუმცა შემორჩენილია (გამქრალი ტახტის აქეთიქით) ასომთავრული წარწერა, სადაც იხსენიება მარცხნივ ხატის შემწირავი ვინმე იოანე დორობელასძე და მარჯვნივ – „ხელითა მოიჭედა გიორგი გვაზავასითა“. ორივე ამ ხატზე ოქრომჭედელ ოსტატთა უპირველესი ამოცანა მაცხოვრის ფიგურის სკულპტურული გამოვლენაა, რაც ორივეგან წარმატებულად არის გადაწყვეტილი, თუმცა ამ ფიგურებს შორის სხვაობაც თვალსაჩინოა. თევდორეს ხატზე ქრისტე აშკარად უფრო დახვეწილი ფიგურაა – ტანადი აღნაგობით, პირისახის თხელი ნაკვთებით, რბილად მოდელირებული, შთაგონებული სახით. სულ სხვა მოდელს გვთავაზობს გიორგი ოქრომჭედელი შედარებით მოკლე ტანი, ფართოდ გადაშლილი მხრები, მომრგვალებული თავი, მსხვილი, ნესტოებგაფართოებული ცხვირი, მტკიცედ მოკუმული ტუჩები, მსხვილად ჩახუჭუჭებული თმის კულულები და წვერი; შესაბამისად – მკაცრი, თითქოს დაძაბული გამომეტყველება.

არ ვიცით, რა ნათესაური კავშირი იყო ამ ერთ დროს და ერთ რეგიონში მოღვაწე სამ გვაზავაისძეს შორის, მაგრამ ერთი რამ ცხადია – სამივენი (ასანი, თევდორე, გიორგი) XI ს. I ნახ-ის ქართველ ოქრომჭედელთა რიგებს განეკუთვნებიან თითოეული უაღრესად ნიჭიერი, მაღალი კლასის პროფესიონალი და საკუთარი, ინდივიდუალი ხელწერით გამორჩეული ოსტატია.

თ. საყვარელიძე


ლიტერატურა

  • ბერიძე ვ., ძველი ქართველი ოსტატები, თბ., 19;
  • Чубинашвили Г.Н., Грузинское чеканное искусство Tб., 1957.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები