გუჯარეთისხევი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გუჯარეთისხევი – ისტორიული თორის შემადგენელი ნაწილი, ძირითადად მოიცავდა მდინარე გუჯარეთისწყლის ხეობას (ბორჯომის მუნიციპალიტეტი, ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქია).

აქაურ სოფელთა უმრავლესობა მთის ძირზეა შეფენილი. სახნავ-სათესი ფართობი მდინარეთა ნაპირებამდე აღწევს. სატრანსპორტო და საცალფეხო გზები ადვილად სავალ ხევებს მიჰყვება. ეს გზები მოხერხებულად უკავშირდება თავდაპირველად თრიალეთსა და ნარიანს, შემდეგ კი – ჯავახეთს. გუჯარეთისხევის დიდი ნაწილი დაფარულია ფოთლოვანი, ნარევი და წიწვნარი ტყეებით, რომელთაც 2000 მ. ზემოთ ალპური საძოვრები ენაცვლება. ბუნებრივი პირობების შესაბამისად, ეს ხეობა ხასიათდება მთისთვის დამახასიათებელი მეურნეობით: მცირე მემინდვრეობა, დაწინაურებული მესაქონლეობა, მონადირეობა (ამავე დარგებს მისდევდნენ ისტორიულადაც, იმ განსხვავებით, რომ მაშინ სელის ზეთსაც აწარმოებდნენ). 1904 წ. ნასოფლარ თელოვანში აღმოაჩინეს ბრინჯაოს ცულების, მათი ჩამოსასხმელი ყალიბებისა და ბრინჯაოს ზოდებისგან შემდგარი განძი.

გუჯარეთისწყლის ზემო წელზე, მდინარის ორივე ნაპირას, მდებარეობს სოფელი. გუჯარეთი, რომელიც შემდგომ ხეობის ცენტრი გამხდარა. სავარაუდოდ, მის დაწინაურებას ხელი შეუწყო ირგვლივ მდებარე მდიდარმა საძოვრებმა და ძამის, ტანის ხეობების, თრიალეთისა და ტაბაწყურ-ნარიანიდან მომავალმა გზასაყარმა.

გუჯარეთისხევის მნიშვნელოვანი ციხეები იყო: თოთხამი, ალეწი, მომწვარა, სარბიელა, გვირგვინა, უზნარიანი, რომლებიდანაც კონტროლდებოდა გზები. ისინი ასრულებდნენ რეზიდენციების ფუნქციასაც ადგილობრივი ფეოდალებისთვის და ქმნიდნენ საციხისთავო ერთეულებს, სადაც ერთიანდებოდა ამ ციხეთა ირგვლივ განლაგებული სოფლები.

გუჯარეთისხევის თითქმის ყველა სოფელსა და ნასოფლარში შემორჩენილია უმეტესად IX-XIII სს-ში აგებული ეკლესიების ნანგრევები. ზოგ მათგანზე ქტიტორთა ან მშენებელ ხელოსანთა წარწერებიც არის. მაგ., გულსუნდის „წითელი ეკლესიის“ წარწერაში მოხსენიებულია ეკლესიის მაშენებელი ვინმე მახარობელი (X-XI სს. მიჯნა), ტყემლოვანის ეკლესიის წარწერაში – კვირიკე და გიორგი (X ს.), ხოლო თელოვნის ელიას ეკლესიის წარწერაში – თევდორე (X ს.).

გურჯარეთისწყლის მარცხენა შენაკადზეა სამძივისხევი (ახლანდ. სოფ. მზეთამზე). აქედან მომდინარეობს გვარსახელი სამძივარი, რომელიც თორელების განაყოფი უნდა იყოს. სამძივრებისა და თორელების დაწინაურებამ გააერთიანა თორისა და გუჯარეთის ტერიტორიული ერთეულები (ამ დროიდან გუჯარეთისწყალს თორისწყალი შეერქვა). ისინი 1065 წ. ალფ-არსლანს დაურბევია სამხრეთ საქართველოს სხვა კუთხეებთან ერთად.

გუჯარეთისხევის ყველაზე ღირსშესანიშნავი ძეგლია ტიმოთესუბნის ტაძარი. XIII ს. II ნახ-ით თარიღდება ნასოფლარ დიდი თონეთის ნაეკლესიარში ნაპოვნი ქვაჯვრის მომაღლო ბაზისზე ამოკვეთილი რელიეფური გამსახულება და წარწერა.

შემდგომი ხანის ძეგლთაგან მნიშვნელოვანია სოფელ დაბის წმ. გიორგის დარბაზული ეკლესია.

XV ს-იდან გუჯარეთისხევი ძამის ხეობასთან ერთად დაექვემდებარა ციციშვილთა ფეოდალურ საგვარეულოს, XVI ს. ბოლოს კი ოსმალებმა დაიპყრეს. „გურჯისტანის ვალაიეთის დიდ დავთარში“ გუჯარეთისხევის სოფელთაგან მხოლოდ 6 იხსენიება: დაბა (2 კომლი), წაღვერი (ცარიელი), სამზიოსხევი (3 კომლი), გოგოსუბანი (3 კომლი), კიმოთისმანი (2 კომლი), მიტარბი (ცარიელი). 1639 წ., ირან-ოსმალეთის ზავის შემდეგ, თორი ქართლს შეუერთდა და გუჯარეთისხევს ისევ ციციშვილები დაეპატრონენ. მოსახლეობაც თანდათან დაბრუნდა, რასაც ყოველნაირად ხელს უწყობდა როგორც საერო, ისე სასულიერო ხელისუფლება.

გუჯარეთისხევი ქართლის კათოლიკოსის სამწყსო იყო და ისიც ცდილობდა გაპარტახებული სოფლების აღორძინებას. XVIII ს. 60-იანი წლებიდან ციციშვილები აქტიურად ცდილობდნენ, რომ მოსაზღვრე ჯავახეთიდან თავიანთ მამულებში მოსახლეობა გადაეყვანათ, რის ნიადაგზეც ხშირი იყო მცირემასშტაბიანი სამხედრო შეტაკებები. ასეთ მცდელობას არსებითი შედეგი არ მოჰყოლია. XIX ს-ში ამ სოფლების უმეტესობა თითქმის უკაცრიელი იყო. XIX ს. 30-იან წლებში მეფის რუსეთის მთავრობამ პოლტავის გუბერნიიდან გადმოსახლებულთა ნაწილი წაღვერში ჩაასახლა. ახალმოსახლენი ჩამოვიდნენ იმერეთიდან და ქართლიდანაც. XIX ს. II ნახ-ში ცხინვალის მიდამოებიდან გადმოსახლდნენ ოსები.

დ. ბერძენიშვილი


ლიტერატურა

ბერძენიშვილი დ., გიორგიძე მ., ჩაჩხუნაშვილ ი ც., ჭანიშვილი გ., გუჯარეთი, თბ., 1987.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები