დიდი ატენის ღვთისმშობის მცირეგუმბათოვანი ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ორბელიანების ეკლესია

დიდი ატენის ღვთისმშობის მცირეგუმბათოვანი ეკლესია (ორბელიანების ეკლესია) - ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, მისგან სამხრეთით მდებარე სოფელ დიდი ატენის ცენტრში. სტილისტური ანალიზით თარიღდება VII-IX საუკუნეებით.

დიდი ატენის მცირეგუმბათოვანი ეკლესიის დასავლეთ ფასადის კარის ტიმპანზე ამოკვეთილია რელიეფური კომპოზიცია და ასომთავრული წარწერა: „ქრისტე ადიდე ორსავე ცხოვრებასა აქა ხორციელებრ და წინაშე შენსა სულიელებრ რატ ერისთავი ძე იგი ლიპარიტ ერისთავისაი რომელმან აღაშენა ესე სახლი ღმრთისაი და ბჭეი ცათაი წმიდაი ეკლესიაი, სალოცველად სულისა მათისა”. საფიქრებელია, რომ რატი ერისთავმა X საუკუნეში განაახლა „სახლი ღმრთისაი” და თავისი თავი აღმშენებლად გამოაცხადა. ამავე საუკუნეში გუმბათის ყელი მოუპირკეთებიათ მომწვანო ტუფით და ზედ წარწერაც ამოუკვეთიათ.

დასავლეთის მინაშენი (5,7X3,9 მ), სამხრეთის კარის არქიტრავზე მოთავსებული მხედრული წარწერის თანახმად, 1870 წელს აუგია მღვდელს დავით დავიდოვს.

აღწერილობა

ჯვარგუმბათოვანი ეკლესია (7,2X7,9 მ) გეგმით წარმოადგენს მარტივ თანაბარმკლავიან ჯვარს. ნაგებია რიყის ქვით, ფასადებზე ზოგან გამოყენებულია მწვანე ტუფის ქვაც.

შესასვლელები სამხრეთით და დასავლეთითაა. ეკლესიის სამი მკლავი სწორკუთხაა, მეოთხე, აღმოსავლეთისა, აფსიდით მთავრდება. გარედან მკლავების კედლები ქმნიან არათანაბარგვერდებიან ტრაპეციას. ყოველ მკლავში თითო სარკმელია, რვაწახნაგიანი გუმბათის ყელში – ოთხი. გუმბათის ყელის სიგანე, ჯვრის მკლავებთან შედარებით, ერთნახევარჯერ მეტია, რაც ზრდის გუმბათქვეშა კვადრატის სივრცეს. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის ყელზე გადასვლა ტრომპების ორი რიგით ხდება. აღმოსავლეთის ფასადზე საკურთხევლის ფანჯარა დასრულებულია თლილ ქვაში ამოკვეთილი ნალისებრი თაღით. სამხრეთ ფასადის ფრონტონზე, სარკმლის ორივე მხარეს, სიმეტრიულად, ორი საკმაოდ ღრმა ნახევარწრიული ნიშია. კარის დეკორირებულ ტიმპანში და ნიშებში მოგვიანებით მომწვანო ქვები ჩაუსვამთ. ქვებზე ამოკვეთილი წარწერები დაზიანებულია და მათი წაკითხვა შეუძლებელია. გუმბათი გადახურულია კარგად გამოყვანილი ქვის ლორფინებით.


წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები