ეპისკოპოსი გრიგოლი (დადიანი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გრიგოლი, (დადიანი გიორგი) (1824, სოფ. ქვიშხორი, სამეგრელოს სამთავრო, – 12.10.1907, სოფელი მარტვილი, სენაკის მაზრა, ქუთაისის გუბერნია), საეკლესიო მოღვაწე, მისიონერი, ეპისკოპოსი.

იღუმენი გრიგოლი (დადიანი)

დაიბადა სამეგრელოს მთავრების გვერდითა შტოს წარმომადგენლის, ელიზბარ დადიანის ოჯახში. პირველდაწყებითი განათლება ნახარებაოს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების მონასტერში მიიღო, სადაც ქართულ ენაზე საფუძვლიანად შეისწავლა წმ. წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი. შემდეგ დაამთავრა სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლის სრული კურსი და საქართველოს ეგზარქოსის, მიტროპოლიტ ისიდორეს (ნიკოლსკი) ლოცვა-კურთხევით, რამდენიმე წელი ისმენდა ლექციების კურსს თბილისის სასულიერო სემინარიაში.

1845 წ. 1 იანვარს არქიმანდრიტმა თეოფანემ (გაბუნია) ანაფორა უკურთხა და ნახარებაოს მონასტრის მორჩილად განაწესა. 1849 წ. 3 აპრილს ზუგდიდის მაცხოვრის კარის ეკლესიაში სამეგრელოს ეპისკოპოსმა ანტონმა (დადიანი) ბერად აღკვეცა, სახელად გრიგოლი უწოდა და იმავე დღეს დიაკვნად აკურთხა (სხვა მონაცემებით 1849 წ. 25 მარტს აღიკვეცა ბერად, ხოლო 1849 წ. 13 აპრილს დიაკვნად აკურთხეს). 1849 წ. 14 დეკემბერს, თავისი თხოვნის საფუძველზე, გრიგოლი რუსული ენის შესასწავლად თბილისის მაცხოვრის ფერისცვალების მონასტერში გადაიყვანეს. 1850 წ. 19 იანვარს ამავე მონასტრის დასში ჩარიცხეს და ეკონომოსად დანიშნეს.

ეპისკოპოსი ანტონი დიდ ყურადღებას იჩენდა გრიგოლის მიმართ და მფარველობას არ აკლდებდა. ამის დასტურია მისი წერილი (1852 წ. 2 აპრ.) თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორისა და ფერისცვალების მონასტრის წინამძღვრის, არქიმანდრიტ ისრაელისადმი (ლუკინი), რომელშიც იგი იმედს გამოთქვამს, რომ არქიმანდრიტი „მამობრივ ყურადღებას“ არ მოაკლებს გრიგოლს.

1853 წ. 28 მარტს თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში ეგზარქოსმა ისიდორემ (ნიკოლსკი) მღვდლად დაასხა ხელი. 1857 წ. 1 ნოემბერს მღვდელ-მონაზონი გრიგოლი აფხაზეთის ეპარქიაში განაწესეს და სოხუმის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურად დანიშნეს. 1858 წ. 12 აპრილიდან ბიჭვინთის ოლქის მთავარხუცესია. 1859 წ. 12 აგვისტოს კეთილსინდისიერი და ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის საგვერდულით დაჯილდოვდა. 1859 6. 15 სექტემბრიდან 1862 წ. 25 მაისამდე აბჟუის ოლქის მთავარხუცესი იყო. 1862 6. 25 მაისს იღუმენის პატივი მიენიჭა და სოხუმის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა. ამავე წლის 11 მაისს სინოდმა მადლობის სიგელი უბოძა. სოხუმის ეპარქიაში მოღვაწეობის პერიოდში 500 მაჰმადიანი და წარმართი მოაქცია ქრისტეს სარწმუნოებაზე.

1865 წ. 15 ოქტომბერს გრიგოლი კახეთში გადაიყვანეს და ბოდბის წმ. ნინოს ტაძრის წინამძღვრად დანიშნეს. 1867 წ. 11 მაისს ჯილდოდ სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო.

1868 წ. 29 იანვარს ორი თვით მიავლინეს ირანში, ქ. თავრიზში, რუსული მისიის ეკლესიაში, რათა ჩაეტარებინა დიდი მარხვისა და აღდგომის სადღესასწაულო მსახურება. 1868 წ. 29 ნოემბერს ხობის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. 1869 წ. 1 იანვარს არქიმანდრიტის პატივი მიენიჭა. 1870 წ. 4 დეკემბერს კავკასიაში მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების მეოთხე განყოფილების წევრად აირჩიეს და სამახსოვრო ჯვარი უბოძეს. 1871 წ. 22 იანვრიდან 1873 წ. 30 აგვისტომდე დროებით განაგებდა სამეგრელოს ეპარქიას. 1871 წ. 22 ივლისს წმ. ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1875 წ. 6 მარტიდან საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის წევრი იყო. 1877 წ. 22 მაისს წმ. ანას II ხარისხის ორდენი ეწყალობა. 1877 წ. 22 ოქტომბერს, სინოდალური კანტორის გადაწყვეტილებით, იმერეთისა და გურიის ეპარქიის მონასტრებისა და საკათედრო ტაძრების ქონების აღწერა დაევალა. 1879 წ. 28 ივლისს დავითგარეჯის მონასტრის წინამძღვრად განაწესეს. 1881 წ. 12 ივნისს წმ. ვლადიმერის IV ხარისხის ორდენი მიიღო. 1883 წ. 12 იანვარს ყოფ. გურიის ეპარქიის სასარგებლოდ 105 მან. გაიღო, რის გამოც ეგზარქოსმა პავლემ (ლებედევი) მწყემსმთავრული მადლობა გამოუცხადა. 1884 წ. 7 აპრილს წმ. ვლადიმირის III ხარისხის ორდენი ეწყალობა. ასევე დაჯილდოებული იყო ყირიმის ომის სამახსოვრო ბრინჯაოს ჯვრით.

არქიმანდრიტი გრიგოლი (დადიანი)

1886 წ. 1 მარტს რუსეთის წმ. სინოდმა გრიგოლი მღვდელმთავრად გამოარჩია. 1886 წ. 23 მარტს ეგზარქოსის წმ. ჯვრის კარის ეკლესიაში მოხდა მისი სახელდება. 1886 წ. 25 მარტს სიონის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში საქართველოს ეგზარქოსმა პავლემ (ლებედევი), იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე), გორის ეპისკოპოსმა ალექსანდრემ (ოქროპირიძე) და ალავერდის ეპისკოპოსმა ბესარიონმა (დადიანი) ეპისკოპოსად დაასხეს ხელი, რის შემდეგაც ახლად შექმნილი გურია-სამეგრელოს ეპარქიის მმართველად დანიშნეს. 1886 წ. 27 მარტს გაზ. „ივერია“ ამის შესახებ წერდა:

გუშინწინ, 25 მარტს, სიონის საკრებულო ტაძარში აკურთხეს ეპისკოპოსად არქიმანდრიტი გრიგოლ დადიანი. გრიგოლ დადიანი უმაღლესი ბრძანებით დაინიშნა გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსად. კურთხევის დღეს დიდი ამბავი იყო სიონში. ხალხი იმდენი შეიკრიბა 8 საათზევე, რომ ტევა აღარ იყო უზარმაზარ ეკლესიაში. ყველას უნდოდა დასწრებოდა ამ იშვიათ ამბავს. ეპისკოპოსად კურთხევა საყვარელის მქადაგებლის გრიგოლ არქიმანდრიტისა ყველას უხაროდა და სასიამოვნოდ ჰქონდა. დიდ-ძალი ნაცნობნი და ნათესავნი ქართველნი-იმერისანი ჩამოსულიყვნენ ამ ამბის სანახავად. ჩვენი სასიქადულო ეპისკოპოსი გაბრიელ, სამეგრელოს ეპისკოპოსად ნამყოფი ბესარიონ და გორის ეპისკოპოსი ალექსანდრე მოწვეულნი იყვნენ ამ დღისათვის კურთხევის წესის შესასრულებლად. მთავარეპისკოპოსი პავლე ეგზარქოსი სრულიად საქართველოსი მობრძანდა სიონს დილის 10 საათზედ. წირვის უწინარეს დაიწყო კურთხევა გრიგოლ არქიმანდრიტისა ეპისკოპოსად. არქიელ პავლეს სამის ეპისკოპოზითურთ ალაგი კათედრაზედ ეჭირათ. მარცხნივ და მარჯვნივ იყვნენ ჩამწკრივებულნი საკურთხევლისკენ არქიმანდრიტნი და სამღვდელოთა კრებული. გამოცხადდა უმაღლესი ბრძანება გრიგოლის ეპისკოპოსად დანიშვნისა და კურთხევისა. წირვის დროს ახალი ეპისკოპოსი შემოსილ იქმნა ეპისკოპოსის შესამოსელითა. წირვა რომ გათავდა, მრავალნი სამღვდელონი და პატივცემულნი საერო პირნი და ნათესავნი გრიგოლისა მოწვეულნი იყვნენ ეგზარქოსის სახლში სადილად ახლად ეპისკოპოსად ნაკურთხის მიერ. სადილზედ ბრძანდებოდა თვით მთავარმართებელი თავადი დონდუკოვ-კორსაკოვი“.

გრიგოლი ჩვეული ენერგიითა და მონდომებით შეუდგა ახალშექმნილი გურია-სამეგრელოს ეპარქიის მართვა-გამგეობას. იქ ჩასვლისთანავე გადაწყვიტა თავისი ფეხით მოევლო და დაეთვალიერებინა მასზედ მინდობილი სამწყსო, თავისი თვალით ეხილა, თუ რა უჭირდა მრევლს და როგორი სულიერი მდგომარეობა სუფევდა სამღვდელოებაში. ერთ-ერთი ასეთი პირველი მოგზაურობა სვანეთსა და ლეჩხუმში 1887 წ. ზაფხულში მოეწყო, რომელიც იმჟამად გამომავალმა საეკლესიო ჟურნალმა „მწყემსმა“ თავის ერთ-ერთ ნომერში გააშუქა. აი, რას წერდა მღვდელი ნ. ფრუიძე ამ მოგზაურობის შესახებ:

ეპისკოპოსი გრიგოლი (დადიანი)

მთელი ლეჩხუმის მაზრის ხალხი დიდის სიხარულით ეგებებოდა თავის ახალ მღვდელმთავარს. ხალხის აღტაცებას და სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა დაინახა, რომ მწყემსმთავარი ყველას მამაშვილურად ექცეოდა. დიდი ზეგავლენა მოახდინა ყოვლადსამღვდელოს მობრძანებამ ადგილობით სამღვდელოებაზედაც, რომელიც ამის შემდეგ, იმედია, გააორკეცებს თავის სამსახურს თავიანთ სამწყსოთა სასარგებლოდ. ყოვლადსამღვდელო დიდ მადლობას უცხადებდა იმ მღვდლებს, რომელთაც ეკლესიები და საეკლესიო საბუთები რიგიანად ჰქონდათ. საყვედურს უცხადებდა მათ, რომელთაც თავიანთი სამსახურის შესახებ რაიმე ნაკლი ემჩნეოდათ, მაგრამ ამ პირებს, შენიშვნასთან ერთად, ყოვლადსამღვდელო აძლევდა მამაშვილურ დარიგებას, რომ შემდეგში გაესწორებინათ მათ თავიანითი ნაკლულევანებანი“.

1889 წ. 6 მაისს გრიგოლი წმ. ანას I ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1890 წ. 10 თებერვალს ბათუმის ოლქის სამისიონერო განყოფილების თავმჯდომარედ დაადგინეს.

XIX ს. II ნახევარში რუსეთის მთავრობა სამეგრელოს სკოლებიდან ქართული ენის განდევნას ცდილობდა, რასაც გრიგოლი აქტიურად ეწინააღმდეგებოდა. რუსეთის იმპერიამ იმ ეტაპზე ხელი აიღო ამ საქმის განხორციელებაზე, თუმცა გრიგოლმა ამის გამო მრავალი უსიამოვნება გადაიტანა. მის შესახებ გავრცელებულმა უამრავმა ცილისწამებამ და დასმენამ საბოლოოდ წმ. სინოდს მისი ეპარქიის მმართველობიდან გადაყენების საშუალება მისცა. 1898 წ. 20 მარტს გრიგოლი ჩამოაცილეს ეპარქიას და მოსკოვში გაიწვიეს სინოდის კანტორის წევრად, დაუნიშნეს 3000 მანეთი პენსია და საცხოვრებლად წმ. სიმონის სტავროპიგიალური მონასტერი მიუჩინეს.

1898 წ. 22 აგვისტოს გრიგოლმა უკანასკნელი წირვა ჩაატარა ფოთის საკათედრო ტაძარში და მრევლს ამ სიტყვებით დაემშვიდობა: „მშვიდობით, ჩემო სამწყსოვ, თუმცა გშორდებით ხორციელად და მივემგზავრები ცივს ქვეყანაში, მაგრამ სულიერად თქვენთან ვიქნები და თქვენთვის მუხლმოდრეკით ვილოცებ მოსკოვის ივერიის ღვთისმშობლის წინაშე თქვენთვისო“. სამღვდელოებამ და მრევლმა მას სამახსოვრო კვერთხი მიართვა წარწერით: „პატივცემულ მღვდელმთავარს და უფლისა სიტყვითა მჭერმეტყველ მქადაგებელს“.

1901 წ. 8 ივნისს გრიგოლმა უარი თქვა წმ. სინოდის წევრობაზე და სამშობლოში დაბრუნება ითხოვა. მას ნება დართეს ეცხოვრა გელათის მონასტერში. გრიგოლმა მარტვილის მონასტერში ითხოვა ცხოვრება, რაზედაც თანხმობა მისცეს. სიცოცხლის უკანასკნელი წლები მხცოვანმა მღვდელმთავარმა მარტვილის მონასტერში გაატარა. გულით დაავადებულმა გრიგოლმა ბოლოს მხედველობაც დაკარგა, რასაც წყალმანკიც დაერთო.

გრიგოლი 18 ოქტომბერს მარტვილის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს. წირვა და წესი ანდერძისა შეასრულეს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გიორგიმ (ალადაშვილი) და იმერეთის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) სამი არქიმანდრიტისა და მრავალრიცხოვანი სამღვდელოების თანამწირველობით.

დიაკ. გ. მაჩურიშვილი


წყაროები და ლიტერატურა

  • ჟურნ. „მწყემსი“ 1886, №10; გაზ. „ივერია“, 1898, №103, №187;
  • გაზ. „ისარი“, 1907, №246, №257;
  • სცსა, ფ. 489, აღწერა 1, საქმე №14140; საქმე №15406; საქმე №21743; საქმე №26551; საქმე №36050; საქმე №45673; საქმე №48984;
  • გაზ. „საპატრიარქოს უწყებანი“, 2008, №18.

წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები