მარტვილის მონასტერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მარტვილის მონასტერი

მარტვილის მონასტერი (ინგლ. Martvili Monastery) – VI-VII საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების მნიშვნელოვანი ძეგლი, მარტვილის სამონასტრო კომპლექსი. მდებარეობს სამეგრელოს მხარეში, მარტვილის მუნიციპალიტეტში, ქ. მარტვილში. კომპლექსში შემავალი ნაგებობებია: ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი, გალავანი, ოთხკუთხა სათავსი („სვეტი“), ჩიქვანების ეკლესია, სამრეკლო, ეგვტერი.

გეგმა

სიტყვა მარტვილი წარმოსდგება ბერძნული სიტყვისგან, რომელიც ნიშნავს წამებულს, ხოლო მეგრული სახელწოდება ჭყონდიდი წარმოიშვა „დიდი ჭყონის“ – დიდი მუხისგან. გადმოცემის თანახმად, ძველად დღევანდელი ტაძრის ადგილას დიდი მუხის ხე მდგარა. მასზე კერპი იყო მიმაგრებული, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა თაყვანს სცემდა, ხოლო აქაური ქურუმები – ჭყონდარები ჩვილ ბავშვებს სწირავდნენ. პირველი ეკლესია სწორედ ამ მუხის ადგილას აშენებულა VII საუკუნის დასაწყისში (ზუსტი თარიღი უცნობია) სამეგრელოში ქრისტიანობის მქადაგებლის ანდრია პირველწოდებულის სახელზე. ეკლესიის ტრაპეზი დაფუძნებული იყო დაფლულ სიწმინდეზე – მოჭრილ მუხის ფესვებზე. არაბი სარდლის მურვან ყრუს ურდოს შემოსევისას (735-737 წწ.) ტაძარი გადაწვეს. X საუკუნეში აფხაზთა მეფე გიორგი II-მ (922-957 წწ.) ტაძარი აღადგინა და საეპისკოპოსო კათედრა ზღვისპირა ფაზისიდან ქვეყნის სიღრმეში, მარტვილში გადაიტანა. საუკუნის ბოლოს ტაძარს დასავლეთი კარიბჭე მიუშენეს. მონასტერში არსებობდა გადამწერ ბერთა სამყოფი (სკრიპტორიუმი), სადაც ითარგმნებოდა წიგნები და ითხვზებოდა ორიგინალური ნაწარმოებები. XI საუკუნის დასასრულს მონასტერი აოხრებული იქნა თურქ-სელჩუკების შემოსევების შედეგად (XI საუკუნის 80-იანი წლები), რომელიც შემდეგ საუკუნეში კვლავ აღადგინეს.

გუმბათის ყელი
აღმოსავლეთი ფასადი

კოპლექსის მთავარი ნაგებობა – ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი აგებულია VII საუკუნეში და თავისი არსებობის მანძილზე ბევრჯერაა გადაკეთებულ-აღდგენილი. ტაძრის თავდაპირველი გეგმა (თავდაპირველი სახით ის იმეორებს მცხეთის ჯვრის გეგმას. ზომით, შედგენილობით და ელემენტთა განლაგებით ძალიან ახლოს დგას მასთან, მაგრამ აქ ტიპის თავისებური ინტერპრეტაციაა, რაც კარგად იგრძნობა შიგა სივრცეშიც, პროპორციათა შეფარდებებშიც და კიდევ უფრო ფასადთა მორთვის სისტემაში) ჯვრისებრი იყო და ძალიან ჰგავდა მცხეთის ჯვრის ტაძრის გეგმას, თუმცა არ იმეორებდა მას. ხუროთმოძღვარს მიუმართავს თავისუფალი გეგმარებისათვის და ფაქტობრივად ახალი დამოუკიდებელი ძეგლი შეუქმნია. შეცვლილია კვადრატიდან თექვსმეტწახნაგოვან გუმბათის ყელზე გადასვლის ტრომპების სისტემა (საფეხურისებრი ფორმა აქვს). კუთხის ნიშები გაზრდილია, გაზრდილია აგრეთვე აფსიდების მკლავების სიღრმე. გადიდებულია კუთხის სათავსების ზომა. შეცვლილია ფასადთა რელიეფებიც. ამჟამად უცვლელი სახით შემორჩენილია აღმოსავლეთის ფასადი რომლის ნაპირა ფრთებთან შედარებით, ვიწრო ხუთწახნაგა საკურთხევლის აფსიდის შვერილს ამშვენებს ერთ კომპოზიციურ ჩარჩოში ჩასმული ლავგარდანი და ფრიზი, რომელშიც ერთიან უწყვეტ დეკორაციულ ხლართს ქმნის ადამიანთა და ცხოველთა ფიგურები სტილიზებულ მცენარეულ ორნამენტთან მონაცვლებით. დასავლეთის ფასადი დაფარულია X საუკუნეში მინაშენი კარიბჭითა და ორი ეგვტერით. ტაძრის შიგა კედლებში დატანებულია საიდუმლო ხვრელები ქვის საფეხურებით, რომლებიც შვერილთა სხვენზე განთავსებულ საიდუმლო ოთახებში შედის. ტაძრის იატაკს ამშვენებს წრიულად დაწყობილი უძველესი ქვაფენილი. ტრაპეზი გაკეთებულია XVIII საუკუნეში. ტაძარს ამშვენებდა ფრესკული მხატვრობა, რომლის ორიოდე ფრაგმენტია შემორჩენილი. უკეთ გამოიყურება ჩრდილოეთი კედლის XVI-XVII საუკუნეების მხატვრული მორთულობა, სადაც რამდენიმე რეგისტრზე დაცულია ჩიქოვან-დადიანთა ოჯახის წევრების პორტრეტები.

ჩიქვანების ეკლესია

მონასტერს იცავს მაღალი, მძლავრი ბურჯებით გამაგრებული რიყის ქვით ნაგები გალავანი, რომლის ჩრდილოეთ კედელთან დგას სამსართულიანი ჯვრის ტიპის პატარა გუმბათიანი ჩიქვანების ეკლესია აგებული X საუკუნეში. სავარაუდოდ იგი მცირე სენაკი – სამლოცველო იყო. მეორე სართულის ჩრდილოეთ, აღმოსავლეთ და სამხრეთის მკლავებს დატანებული აქვს თითო სარკმელი. სათავსის შიგნით, აღმოსავლეთით დგას ქვის ტრაპეზი. აფსიდებში შეჭრილ თაღებზე დადგმულია მაღალყელიანი, ექვსსარკმლიანი გუმბათი. სარკმლები მორთულია რელიეფური არშიებით.

ოთხკუთხა სათავსი „სვეტი”

მთავარი ტაძრის სამხრეთ-დასავლეთით დგას გეგმით ოთხკუთხა (დაახლოებით 5,0x5,0 მ) ე.წ. „სვეტი“, რომლის სიმაღლე 20 მეტრია. მისი ჩრდილოეთი და სამხრეთი კედლები მასიურია, ხოლო დასავლეთი და აღმოსავლეთი – თაღებითაა გახსნილი. აგებულია X-XI საუკუნეებში. სვეტის ქვედა ნაწილში გასასვლელია მოწყობილი, ზევით კი სენაკი და ეკლესია ყოფილა. გადმოცემის თანახმად XI საუკუნეში აქ მესვეტე ცხოვრობდა, ხოლო XIX საუკუნის შუა წლებში – მეუდაბნოე. მონასტრის ძველ კომპლექსს ამკობდა მედალიონებით შემკული ულამაზესი სამსართულიანი სამრეკლო, რომელიც სამწუხაროდ 1930 წელს დაინგრა და შემდეგ ააგეს ახალი ორსართულიანი ფანჩატურიანი სამრეკლო.

მარტვილის მონასტერში მოღვაწეობდნენ ქართული სულიერების მატარებელი მწიგნობრები და განმანათლებლები: ჰიმნოგრაფი იოანე მინჩხი (X ს.), სტეფანე სინანოისძე ჭყონდიდელი (X ს.), მეფე დავით აღმაშენებლის აღმზრდელი, მწიგნობართუხუცესი გიორგი ჭყონდიდელი (XI ს.), საქართველოს მეფე ბაგრატ IV-ის ელჩი ბიზანტიის იმპერატორის კარზე იოანე ჭყონდიდელი (XI ს.), ცნობილი კალიგრაფი სვიმონ ჭყონდიდელი, წიგნი „სააქიმიოს“ მთარგმნელი, თამარ მეფის თანამედროვე ანტონ ჭყონდიდელი, საქართველოს სამეფოს ვაზირთუპირველესი, არსენ ჭყონდიდელი (XIII ს.), ქართველი საეკლესიო მოღვაწე, სამეგრელოს მთავრის ოტია დადიანის ვაჟიშვილი, ფილოსოფოსი ანტონ ცაგარელ-ჭყონდიდელი (XVIII ს.), მწიგნობარი რომანოზ მესვეტე (XIX ს.).

მონასტრის მთავარ ტაძარში დაკრძალული არიან: საქართველოს მეფე ბაგრატ IV (ამჟამად საფლავი დაკარგულია), სამეგრელოს მთავარი ლევან დადიანი, დედოფალი ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანისა, სამეგრელოს უკანასკნელი მთავარი დავით დადიანი, აგრეთვე დადიანთა საგვარეულოს ოჯახის წევრები.

საბჭოთა პერიოდში მარტვილის მონასტერში ხანგრძლივი დროით შეწყვეტილი იყო ღვთისმსახურება, რომელიც საქართველოს პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით აღდგა 1998 წელს, ხოლო 2007 წლიდან ისევ სამონასტრო კომპლექსად იქცა, ტაძრის მიმდებარედ აიგო საპატრიარქო რეზიდენცია, დაარსდა წმ. ანდრია პირველწოდებულის მამათა და წ. ნინოს სახელობის დედათა მონასტრები, აშენდა ახალი კარიბჭე და გალავანი და განახლდა ბერ-მონაზონთა ცხოვრება.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები