თეთრი მდოგვი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თეთრი მდოგვი - Sinapis alba L.

Sinapis alba L.თეთრი მდოგვი.

მეგრულად – დონგი, დონგვი.

ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარეა, 1 მ-მდე სიმაღლის სწორი, ზედა ნაწილში დატოტვილი, ხეშეშბეწვიანი ღეროთი. ფოთლები ჩანგისებრ-ფრთისებრ განკვეთილია კვერცხისებრ მოგრძო ფორმის მახვილწვერიან ნაკვთებად და 2-3 წყვილ გვერდით სეგმენტებად. გვირგვინი ყვითელია, მისი გადანაღუნი უკუკვერცხისებრია, ყვავილის ყუნწები ნაყოფობისას საყვავილე ღერძიდან ჰორიზონტალურადაა გადახრილი, უფრო იშვიათად აღმავალია. ნაყოფი ორსაგდულიანი ჭოტია, სწორი ან მოხრილი, უხეში ხორკლებით, ხეშეში ბეწვით მოფენილი, 2-4 სმ სიგრძის. თესლი სფერულია, მოყვითალო-თეთრი, 2-2,5 მმ სიგრძის. ყვ. V-VI; ნაყ. V-VII.

იზრდება ნათესებში, მდინარეებისა და გზის პირებზე, ყამირებზე.

ეთერზეთოვანი კულტურაა. ზეთი მეტად გამძლეა, დიდხანს ინახება და არ მძაღდება. გამოიყენება საკვებ, ტექნიკურ და ქიმიურ-ფარმაცევტულ დარგებში. ზეთი განსაკუთრებით ფასეულია პურის ცხობისას და საკონსერვო მრეწველობაში. გაუცხიმებელ ფხვნილს უმატებენ სადილის მდოგვს, სუნის ფიქსატორად. თესლების მნიშვნელოვანი რაოდენობა იხმარება კვების მრეწველობაში ბოსტნეულისა და სოკოების კონსერვირებისათვის, სხვადასხვა სახის ნაკრებების, სანელებლების საწარმოებლად.

თესლები გამოირჩევა მდიდარი ქიმიური შემადგენლობით. შეიცავს მნიშვნელოვანი რაოდენობით ცხიმოვან და ეთერზეთებს, ნატურალურ ამინომჟავებს – ლინოლენის, ლინოლევის, ოლეინის, არახინის და პალმიტინისას, აგრეთვე სასარგებლო ბუნებრივ ცილებს, ფერმენტ მიროზინს და ბუნებრივი წარმოშობის მნიშვნელოვან მინერალურ შენაერთს – სინალბინს.

მდოგვის საკვებად გამოყენება ხელს უწყობს საკვებმომნელებელი სისტემის ნორმალიზებას. ჰიპოკრატესა და გალენის დროიდან მას აფასებდნენ როგორც კარგ ამოსახველებელ და ხველების საწინააღმდეგო საშუალებას, აგრეთვე როგორც მადის გასაუმჯობესებელ გემრიელ სანელებელს. ავიცენას მიერ რეკომენდირებული იყო სახვევების სახით გამოყენება ასტმის დროს, ფოთლების მიდება ანთებითი სიმსივნეებისას, გარეგანად ტრაქომის სამკურნალოდ, სახსრების ტკივილისა და სედატური ნერვის ანთებისას.

სხვადასხვა ქვეყნის ხალხურ მედიცინაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ფართოდ გამოიყენებოდა სხვადასხვა ეთნოსის ხალხურ მედიცინაში. იყენებდნენ შხამების საწინააღმდეგო საშუალებად, კბილის ტკივილის, ციებ-ცხელების საწინააღმდეგოდ, პნევმონიის, გლანდების ანთების, ბრონქიტისა და ნევრალგიის, იპოქონდრიის, სიყვითლის, ნაწლავების ათონიის, ყაბზობის, მეტეორიზმის, ქრონიკული რევმატიზმის, ნიკრისის ქარის, მხედველობისა და სმენის გასაუმჯობესებლად.

კოსმეტიკაში იყენებდნენ კანის გასაწმენდად, მისით იშორებდნენ სისხლჩაქცევებს, სილურჯეებს.

მდოგვის თესლები ოფიცინალურია თურქეთსა დაა ვენესუელაში. ჩინეთში უნიშნავენ ფხვნილის სახით როგორც გამაღიზიანებელ საშუალებას გაციებისა და ნევრალგიიის სამკურნალოდ, კანის ქრონიკული დაავადებებისას, ჰიპერტონიის, ძვლის ტუბერკულოზის დროს. ქვევით მოგვყავს კონკრეტული დაავადებების დასახელება, რომელთ დროსაც დაშვებულია მეცნიერულ მედიცინაში მდოგვის გამოყენება:

სასუნთქი სისტემის ორგანოების დაავადებები, ქრონიკული ბრონქიტი, მწვავე რესპირატორული დაავადებები, პნევმონია; კოლაგენოზები – რევმატიზმი; საკვებმომნელებელი ორგანოების დაავადებები – ყაბზობა; ინფექციური დაავადებები – ციებ-ცხელება; ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები – სურდო; ნერვიულ-ფსიქიკური დავადებები – ნერვული აღგზნება, სედატური ნერვის ანთება, ისტერია; კანის ჭორფლი; ფიტოთერაპიაში ყველაზე მეტად გამოყენებულია – როგორც პირსასაქმებელი, მადის გასაძლიერებელი, საკვების მონელების გასაულჯობესებელი და მატონიზირებელი საშუალება.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები