კვირკელია მანუჩარ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მანუჩარ კვირკელია

მანუჩარ კვირკელია — (დ. 12 ოქტომბერი, 1978, ოზურგეთი), ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავე ( 66 კგ, 74 კგ). 2008 წლის პეკინის XXIX ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (74 კგ) - ოქრო. 2004 წლის ათენის XXVIII ოლიმპიური თამაშებზე (66 კგ) მიიღო დისკვალიფიკაცია. მსოფლიოს ჩემპიონი (2003) და მესამე პრიზიორი (2002, 06), ევროპის ჩემპიონი (2007), მეორე (2002) და მესამე (2006) პრიზიორი. 2014-16 წლებში იყო საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი. ვახტანგ გორგასლის II ხარისხის და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენების, ღირსების ორდენისა და მედლის კავალერი.

2008 წლის ოლიმპიური თამაშები

74 კგ, 20 მონაწილე
1. მანუჩარ კვირკელია (საქართველო)
2. ჩან იანსანი (ჩინეთი)
3. იავორ იანაკიევი (ბულგარეთი)
3. კრისტოფ გენო (საფრანგეთი)
I წრე ­ ისვენებდა; II წრე ­ წმინდად (3,22) მოუგო კრისტოფ გენოს (საფრენგეთი); III წრე ­ წმინდად (4,00) სძლია კონსტანტინ შნაიდერს (გერმანია); IV წრე ­ წმინდად (4,31) დაამარცხა პეტერ ბასი (უნგრეთი); ფინალში წმინდად (3,39) გაიმარჯვა ჩან იანსანთან (ჩინეთი) შეხვედრაში.

იყო დრო, როცა მანუჩარ კვირკელია ასაკობრივ ნაკრებებშიც ვერ ხვდებოდა. მაშინ ძნელად თუ იფიქრებდა ვინმე, რომ ეს ოზურგეთელი ბიჭი მსოფლიო ჭიდაობის მწვერვალებს დაიპყრობდა.

მანუჩარ კვირკელიას ამ გდებას უმაღლესი შეფასება, წმინდა გამარჯვება და ოქროს მედალი მოჰყვა. პეკინი, 2008 წელი

კვირკელიას შემთხვევაშიც განგებამ ითამაშა დიდი როლი - დედას მეზობლის ბიჭის, უჩა მჟავანაძისთვის საჭიდაო დარბაზში რომ არ გაეყოლებინა შვილი, მსოფლიო ახალ ტალანტს ვერ გაიცნობდა. გურამ მაჭარაშვილის მოწაფე, ჭიდაობაში იმ თაობასთან ერთად მოვიდა, რომელმაც ყოფილი საბჭოთა კავშირის მასშტაბით დაიქუხა - კვირკელიამ, რამაზ ნოზაძემ, ბადრი ხასაიამ, ირაკლი ჭოჭუამ საქართველო ასახელეს, ალექსანდრე დოხტურიშვილი უზბეკეთის სახელით გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, გიორგი წურწუმიამ კი ყაზახეთს მოუტანა ოლიმპიური ვერცხლი. სწორედ დოხტურიშვილთან კონკურენციაში ვერ ხვდებოდა კვირკველია ასაკობრივ ნაკრებებში, წონითი კატეგორიების შეცვლა კი წამალივით მოუხდა – 66 კგ­ში დამკვიდრდა. სადებიუტო სეზონშივე, 2002 წელს ჯერ ფინეთში გამართულ ევროპის პირველობის ფინალში გავიდა, მაგრამ თურქ სერეფ ეროღლუსთან წააგო, შემოდგომაზე კი მოსკოვში გამართულ მსოფლიოს პირველობაზე ნახევარფინალში კიდევ ერთ მეზობელთან, აზერბაიჯანელ ფარიდ მანსუროვთან დამარცხდა და საბოლოოდ მესამე ადგილი დაიკავა. თუმცა, თურქის ჯავრი მეორე წელსვე იყარა პარიზის გარეუბან კრეტეიში გამართულ მსოფლიოს პირველობაზე ისეთ ხუთქულიანზე გადააგდო, ლამის დარბაზი ჩამოაქცია ოვაციისგან.

რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ამის შემდეგ კვირკელიას კარიერა შეფერხდა, რაშიც დიდი როლი წონის პრობლემამ შეასრულა ­ კვირკელიას უჭირდა წონის დაკლება და ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ბეგი დარჩიას რჩევით 74 კგ­ში გადავიდა, იქ კი ადაპტაცია გაუგრძელდა და ჩავარდნაც ამან გამოიწვია. სამაგიეროდ, როცა ახალ წონაში მყარად მოიკიდა ფეხი, მედლების სრული კოლექცია შეკრა ­ 2007 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა, 2008 წლის ავბედით 13 აგვისტოს კი, როცა საქართველოში გლოვა იყო გამოცხადებული, პეკინის ოლიმპიადაზე ტრიუმფალური გამარჯვება მოიპოვა.

კვირკელიას ჭიდაობით აღფრთოვანებულმა სახელოვანმა ვეტერანმა გურამ საღარაძემ თქვა, რომან რურუას მაგონებსო. დაგვეთანხმებით, ასეთი შედარება დიდი კომპლიმენტია. თავად რურუამ კი ასე შეაფასა ვირკელიას ჭიდაობა პეკინის ოლიმპიადაზე: „მანუჩარი დამსახურებული ჩემპიონია. მან უნაკლოდ შეითვისა ურთულესი ფანდი, რომელმაც გადაწყვიტა ფინალის ბედი. მე თავად ვაკეთებდი ამ ილეთს და, დამერწმუნეთ, ურთულესი საქმეა დგომიდან მეტოქის „გადავლება” და ილეთის ბოლომდე მიყვანა. პეკინში ასეთი ილეთი არავის გაუკეთებია. ვისურვებდი, რომ ასეთი ძლიერი ფალავნები ნაკრებში ყოველთვის გვყავდეს.”

მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი (2020 წლიდან): პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები