მარცვლოვანი კულტურები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რბილი ხორბალი, ფხიანი
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის საკოლექციო ნაკვეთი

მარცვლოვანი კულტურები — კულტივირებული მცენარეების ყველაზე მნიშვნელოვანი ჯგუფი, რომლებსაც ადამიანის სამეურნეო საქმიანობაში უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებს. მარცვლეულ კულტურებს შორის წამყვანი ადგილი ხორბალს უკავია. მისგან გამომცხვარი პური წარმოადგენს კვების ძირითად პროდუქტს. მარცვლეული კულტურებს მიეკუთვნება ხორბალი, ქერი, ჭვავი, ფეტვი, სიმინდი, ღომი და სხვ.

ხორბლის კულტურა იყოფა საშემოდგომო და საგაზაფხულო ბიოლოგიურ ჯგუფებად. საშემოდგომო ხორბლების ჯგუფს მიეკუთვნება: T. macha - მახა; T. palaeocolchicum (T. georgicum) - ქართული ასლი, T. spelta - სპელტა; საგაზაფხულო ჯგუფში შედის: T. aestivum - რბილი ხორბალი, T. durum - მაგარი ხორბალი (თავთუხი), T. carthlicum - დიკა, T.compactum - ქონდარა ხორბალი, T. dicoccon - წყვილმარცვალა ასლი, T. monococcum - გვაწა ზანდური, T. timopheevii - ჩელტა ზანდური, T. zhukovskyi - ჟუკოვსკის ხორბალი.

საგაზაფხულო ხორბალი სავეგეტაციო პერიოდს გაზაფხულიდან იწყებს და იმავე წლის ზაფხულში ასრულებს. საშემოდგომო ხორბალი ზრდა-განვითარებას იწყებს წინა წლის შემოდგომაზე და მომდევნო წლის გაზაფხულზე ამთავრებს. საშემოდგომო ხორბლის ბარტყობიდან შემდგომ ფაზაზე გადასვლა ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ზამთრის პერიოდის შედარებით დაბალ ტემპერატურაზე ხდება, ხოლო საგაზაფხულო ხორბლის განვითარების სტადია შედარებით მაღალ ტემპერატურაზე და მოკლე დროის მანძილზე მიმდინარეობს.

საგაზაფხულო ხორბლის წარმოების მთავარი ქვეყნებია: კანადა, ამერიკის შეერთებული შტატების ჩრდილო რაიონები, სკანდინავიის ქვეყნები, აფრიკის ჩრდილოეთი სანაპირო (ალჟირი, ტუნისი, მაროკო). ყოფილი საბჭოთა კავშირის ფარგლებში - ვოლგის მხარე, ყაზახეთი, ციმბირი, უკრაინის აღმოსავლეთი ნაწილი. საქართველოს პირობებში საგაზაფხულო ხორბალს ძირითადად თესავენ მაღალმთიან რეგიონებში (სვანეთი, წალკა, რაჭა-ლეჩხუმი), სადაც ზამთარში დაბალი ტემპერატურა და ხანგრძლივი ყინვიანი პერიოდია. თუმცა, საქართველოს იმ ნაწილში, სადაც რბილი ზამთარი იცის, შესაძლებელია ხორბლის საგაზაფხულო ფორმების შემოდგომაზე თესვა. მრავალწლიანი დაკვირვებებით დამტკიცებულია, რომ ხორბლის შემოდგომაზე თესვის შემთხვევაში მიიღება უფრო მაღალი მოსავალი, რაც გამოწვეულია საშემოდგომო ნათესების ძლიერი ბარტყობით, განსაკუთრებით კი პროდუქტიული ნაბარტყის სიუხვით. საგაზაფხულო ხორბალი, ტემპერატურის გარდა, საჭიროებს ტენს. ამიტომ გაზაფხულზე თესვისას მცენარე ძირითადად იყენებს გაზაფხულის ნალექის შედეგად დაგროვილ ტენს. ისეთ რეგიონებში, სადაც გაზაფხული უნალექოა, საგაზაფხულო ხორბლის მოყვანა ძნელდება. აქ საგაზაფხულო ხორბალი სუსტად ბარტყობს, ღეროც სუსტად აქვს განვითარებული, ვღებულობთ დაბალ მოსავალს. შემოდგომით თესვისას საგაზაფხულო ხორბალი იყენებს იმ ტენს, რაც შემოდგომით და მთელი ზამთრის პერიოდში ნალექის შედეგად გროვდება. საგაზაფხულო ხორბალი ფესვთა სისტემას ღრმად არ ივითარებს; ამიტომ მცენარის ნორმალური ზრდა-განვითარებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს ნიადაგის ზედა ფენების კარგად დამუშავებას. ნიადაგი საგაზაფხულო ხორბლებისათვის მზრალად მოხვნის წესით უნდა დამუშავდეს. უნდა მოიხნას გვიან შემოდგომით. მზრალად ხვნა უნდა ჩატარდეს 20-25სმ სიღრმეზე. როგორც ორგანული, ისევე მინერალური სასუქები შემოდგომაზე უნდა იყოს შეტანილი. რადგან საგაზაფხულო ხორბალი ძირითადად მთიან რაიონებში ითესება, დაქანებულ ფერდობებზე, ჩამორეცხვის საშიშროების შემთხვევაში, ხვნა უნდა ჩატარდეს გარდიგარდმო, დაქანების პერპენდიკულარულად. საგაზაფხულო ხორბლებისათვის კარგ წინამორბედად ითვლება ერთწლიანი პარკოსანი კულტურები. საგაზაფხულო ხორბლების მაღალი მოსავლის მიღების საქმეში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თესვის ვადების შერჩევას. საგაზაფხულო ხორბალი ითესება რაც შეიძლება ადრე, როგორც კი შესაძლებლი იქნება მინდვრად მუშაობა. დაბლობ რაიონებში, სადაც გაზაფხული ადრე დგება, თესვაც ადრეულ ვადებში უნდა ჩატარდეს. მაღლობ მთიან რაიონებში თესვა გვიან ვადებში ხდება. რაც შეეხება თესვის ნორმას, საგაზაფხულო ხორბალი (1 ჰა-ზე) 10 კგ-ით მეტი უნდა იყოს საშემოდგომო ხორბლის თესვის ნორმასთან შედარებით (რადგან საგაზაფხულო ხორბალს ნაკლები ბარტყობა ახასიათებს). სათესი მასალა უნდა იყოს მსხვილთესლიანი. მსხვილ მარცვალში საკვებ ნივთიერებათა მარაგი გაცილებით მეტია, მცენარე სწრაფად და თანაბრად ვითარდება, უფრო უკეთ იტანს არახელსაყრელ კლიმატურ პირობებს და კარგადაც ბარტყობს. თესვა წარმოებს მწკრივებად. მწკრივთა შორის მანძილი 10-15 სმ-ია, თესლის ჩათესვის სიღრმე დაახლოებით 3-4 სმ-ია, მშრალ პირობებში 5-8 სმ. საქართველოს მიწათმოქმედების პრაქტიკაში ოდითგანვე დამკვიდრებული იყო თავთავიანი პურეულის „ძველ თესლად“ და „ახალ თესლად“ დაყოფა. ტერმინების ძველი თესლისა და ახალი თესლის წარმოშობა დაკავშირებულია პურეულის თესვის ვადებთან. რაც შემოდგომით ითესება ძველი ხნულზე (ანეულზე), დაერქვა „ძველი ნათესი“, აქედან შემდეგ წარმოიშვა ტერმინი „ძველი თესლი“. რაც გაზაფხულზე ითესება, ახალი წლის დასაწყისში, უშუალოდ თოვლის აღების შემდეგ, დაერქვა „ახალი ნათესი“, საიდანაც წარმოიშვა ტერმინი „ახალი თესლი“ (ჩხენკელი, 1947, 1952; ბადრიშვილი, 1981; გოცაძე, მაისაია, 2015).

წყარო

საქართველოს აგრარული კულტურა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები