მეთუნეთა ნამოსახლარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მეთუნეთა ნამოსახლარი - არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს თბილის-მცხეთის საავტომობილო გზის მე-17 კილომეტრზე, კარსნისხევის მარჯვენა ნაპირზე. თარიღდება ძვ.წ I და ახ.წ. I-III საუკუნეებით. ძეგლი 1975 წელს გათხარა (ხელმძღვ. ა. აფაქიძე). კომპლექსში შედის: ნამოსახლარი, საწარმოო უბანი და სამაროვანი.

სარჩევი

ნამოსახლარი

ნამოსახლარი ტერასულადაა განლაგებული ბორცვის თხემსა და ძირში. გამოვლინდა კარგად გამოკვეთილი სამი სამშენებლო ფენა. საცხოვრებელი შედგებოდა საცხოვრებრლი სახლისა და მსუბუქი კონსტრუქციის დამხმარე ნაგებობებისაგან. გეგმით ოთხკუთხა შენობები ნაგებია ნატეხი ქვიშაქვითა და ტალახით, მათი უმეტესობა გადახურული ყოფილა მცხეთური ღარიანი და ბრტყელი კრამიტებით. თიხის იატაკის ცენტრალურ ნაწილში ქვითა და თიხით ნაგები კერებია. ნამოსახლარზე დიდი რაოდენობით გამოვლინდა მოვარდისფრო-მოწითალოდ გამომწვარი თხელკეციანი სამეურნეო დანიშნულების კერამიკა (ქვევრები; დერგები), სუფრისა და სამზარეულოს თიხის ჭურჭელი (ჯამები, ხელადები), ლითონისა და თიხის ქანდაკებები, რკინის დანები, მონეტები, ქვის სატყორცნი ჭურვები, ძვლის საკინძი, სინოპური ამფორის ძირი.

სახელოსნო უბანი

სახელოსნო უბანი მდებარეობს ნამოსახლარის აღმოსავლეთით 60 მეტრზე. აქ გამოვლინდა თიხის ჭურჭლის გამოსაწვავი ქურები და მასთან დაკავშირებული ფარდულის ტიპის ნაგებობების ნაშთები. ქურების ნაწილი ორსართულიანი ყოფილა. მათი ქვედა – საცეცხლე განყოფილება გადახურულია ალიზის დიდი აგურებისაგან შეკრული თაღებით, რომლებშიც ცეცხლის ამოსასვლელად ღია ადგილებია დატოვებული. ალი ადიოდა მეორე სართულზე, სადაც ჭურჭლის გამოწვა ხდებოდა. საწარმო უბანზე გარდა ე.წ. ვერტიკალური ქურებისა არის აგრეთვე ოვალური გუმბათისებრთაღიანი ქურა. საწარმოო უბანზე, ქურებში და მათ მახლობლად აღმოჩნდა წითელი წერნაქით მოხატული გვიანდელი ელინისტური ხანის თიხის ჭურჭელი.

სამაროვანი

სამაროვანზე გაითხარა ძირითადად კრამიტსამარხები. დადასტურდა აგრეთვე ორმოსამარხები, კომბინირებული (კრამიტით, ქვითა და ძელებით ნაგები) სამარხები, ფილასამარხი და ქვევრსამარხი. კრამიტსამარხები ძირითადად ბრტყელი და ღარიანი კრამიტებით ნაგები ორფერდასახურავიანი კრამიტყუთებია, რომლებიც მიწაში ამოთხრილ ორმოში ყოფილა ჩადგმული. ზოგიერთ კრამიტსამარხს იატაკიც კრამიტის ჰქონდა. მიცვალებულები მარცხენა ან მარჯვენა გვერდზე ესვენა კიდურებმოკეცილი. სამარხებში აღმოჩნდა მოვარდისფროდ გამომწვარი თიხის სამტუჩა ხელადები, რელიეფური სარტყლითა და კოპებით შემკული ხელადისებური ჭურჭელი, კოჭობები, მინის სანელსაცხებლები, ოქროს საყურეები და სასაფეთქლე რგოლები, სხვადასხვა ფორმისა და მასალის მძივები, რომაული და პართული მონეტები, გემიანი ბეჭდები, ირმისა და ვერძის ქანდაკებები (საკიდები), ზარაკები და სხვ.

კარსნისხევის ნამოსახლართან ახლოს გამოვლინდა საწნახელი და მარნის ნაშთი. ჰიდრავლიკური ხსნარით მოკირწყლულ-შემოზღუდული მოედანი (3,2X2,4 მ) ეკვრის კერამიკული ფილებით ნაშენ წაგრძელებული ოთხკუთხედის ფორმის აბაზანისებურ ნაგებობას – საქაჯავს. ისინი იატაკში გაჭრილი ხვრელებით უერთდებიან კერამიკულ მილსადენს. საწნახელი ფერდობზე, მოსწორებულ ტერასაზე დგას, მას უკავშირდება წვრილი ქვით მოფენილი საურმე გზა.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები