ნესტორიანელობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნესტორიანელობა - ერესი, რომელიც კონსტანტონოპოლის პატრიარქმა ნესტორიმ ჩამოაყალიბა. ამტკიცებდა, რომ მარიამმა შვა კაცი, რომელსაც ღვთაება მერე შეუერთდა, ე.ი. იესო ქრისტეს ერთი არსება ორ პირს მოიცავდა. დაგმო III მსოფლიო საეკლესიო კრებამ (431 წ.).

სარჩევი

ნესტორი

ნესტორი წარმოშობით სირიიდან, გერმანიკის კესარიიდან იყო. არც შთამომავლობა და არც დაბადების წელი ცნობილი არ არის. წმ. კირილე ალექსანდრიელის თქმით, „ის გამოვიდა სიბინძურიდან და მისი მოდგმა იყო სამარცხვინო“.

დაამთავრა ანტიოქიის საღვთისმეტყველო სკოლა. რამდენიმე წელი გაატარა მონასტერში და მღვდლად ეკურთხა. იყო კარგი მოქადაგე. თუმცა, ჟამთააღმწერლის შეფასებით, „მას ჰქონდა საკმაო მჭევრმეტყველება, მაგრამ ნაკლები გონიერება“. ამის მიუხედავად, პირადი აქტიურობითა თუ ნაცნობ-მეგობრების წყალობით, სამეფო კარის ნდობა დაიმსახურა და, იმპერატორ თეოდოსი II-ის (მცირის) ზეგავლენით, 428 წელს დედაქალაქის მთავარეპისკოპოსად აირჩიეს.

ისტორია

მღვდელმთავრობის პირველსავე დღეს, აღსაყდრების ანუ ინტრონიზაციის ზეიმზე, როგორც მივანიშნეთ, ნესტორმა გამოხატა ზიზღი რწმენის სფეროში სხვაგვარად მოაზროვნეების მიმართ და ამ ზიზღს მოუძებნა პოლიტიკური და ეროვნული სარჩული. იგი ყოველდღე არწმუნებდა ხელისუფალს, რომ ქვეყნის მთლიანობისათვის აუცილებელია მონოკონფესიურობა. შესაბამისად, სექტანტობას და მწვალებლობას შედეგად მოაქვს სახელმწიფოს დაღუპვა და გაცამტვერება. იმპერიის დუღაბი მხოლოდ და მხოლოდ მართლმადიდებლობააო. შემდეგ ნესტორი ყველაფერში და ყველგან ლანდავდა ერესს, რასაც სამკვდრო - სასიცოცხლო ომი გამოუცხადა. მისი მეუფების წლებში სექტანტებს, რომლებსაც კონსტანტინეს ქალაქში შედარებით მოწყალე თვალით უყურებდნენ, დაუწყეს სასტიკი დევნა, სვამდნენ ციხეში, ერეკებოდნენ, ართმევდნენ ქონებას, უხურავდნენ და უნგრევდნენ ეკლესიებს. დაწვეს არიანელთა ერთადერთი სამლოცველო, რაც თურმე სისხლის ფასად შეენარჩუნებინათ. ხანძარი მთელ კვარტალს მოედო და გადაბუგა. ერეტიკოს-სქიზმატიკოსების რბევა ვრცელდებოდა იმპერიის სხვა ნაწილებზეც, რაც ალაგ-ალაგ სისხლისმღვრელ შეტაკებებში იზრდებოდა. ანტაგონიზმი ღრმავდებოდა.

ამ დროს კი მძვინვარე ანტიერეტიკოსი თავად აღმოჩნდა ერეტიკოსი. გაეპისკოპოსებიდან რამდენიმე თვის თუ სულაც კვირის შემდეგ მან საკათედრო ტაძარში ასეთი დებულება ჩამოაყალიბა: ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამს არ შეეფერება სახელად „ღვთისმშობელი“, რადგან ღმერთს არ შეიძლება ჰყავდეს დედა - ეს წარმართობააო; ქალწულმა შვა არა ღმერთი, არამედ მხოლოდ ადამიანი, რომელსაც მის (დედის) გარეშე შეუერთდა ღვთის სიტყვა, - საუკუნეთა უწინარეს შობილი მამისაგან. ასე რომ, მქადაგებლის აზრით, კაცი იესო, მარიამის შვილი, იყო ღვთის სავანე და ჩვენი ხსნის საჭურველი; ეს ადამიანი, წმიდა სულის გარდამოსვლის გზით, გახდა ქრისტე, ე.ი. ცხებული, და ღვთის სიტყვა დაემკვიდრა მასთან.

ამის გამო ნესტორმა მარიამი მოიხსენია არა ღვთისმშობელად (თეოტოკოს), არამედ „კაცისმშობელად“ (ანთროპოტოკოს). ეს თვალსაზრისი შემდეგ უფრო განავრცო და დააკონკრეტა, მაგრამ, რადგან ხალხის გულისწყრომა იგრძნო, კომპრომისზე წავიდა და „კაცისმშობელი“ „ქრისტესმშობლით“ (ქრისტოტოკოს) შეცვალა. თუმცა უკვე ყველასათვის ნათელი იყო, რომ საქმე ეხებოდა არა ტერმინს, არამედ ძირითად ქრისტიანულ დოგმატს განკაცების შესახებ. მართალია, ნესტორი, მონოფიზიტებისაგან განსხვავებით, არ უარყოფდა ქრისტეში ორი ბუნების - ღმერთისა და ადამიანის - არსებობას, მაგრამ თვლიდა, რომ თითოეული მათგანი ცალ-ცალკე იშვა: ჯერ - კაცი, მერე - ღმერთი. ამ მსჯელობის მიხედვით ირღვეოდა დოქტრინა იესო-კაცისა და ქრისტე-ღმერთის ჰიპოსტასური იგივეობის შესახებ და გამოდიოდა დასკვნა, რომ ჯვარცმული ღმერთის სხეულში ორ ბუნებასთან ერთად ორი პიროვნება ცხოვრობდა. ერესის მხილება.

ბიზანტიონი, რომელსაც შემდეგ კონსტანტინოპოლი ეწოდა, ღვთისმშობლის წილხვედრ ქალაქად ითვლებოდა და დიდი დედის მიმართ იქ განსაკუთრებული სასოება სუფევდა. ამიტომაც უფრო გაოგნდნენ და აღშფოთდნენ მსმენელები. შეიქმნა პატრიარქის თეოლოგიური ოპოზიცია ქილიკიის (შემდგ. კონსტანტინოპოლის) ეპისკოპოს პროკლესა და ადვოკატ ევსევის ხელმძღვანელობით. უკანასკნელმა თურმე ნესტორს ქადაგება მჭახე შეძახილით შეაწყვეტინა: „ტყუილია და ღვთის გმობა! ჭეშმარიტად ერთი და იგივე ღვთის სიტყვა შობილია მამისაგან მარადისობაში და განსხეულებული დროში ქალწულისაგან ჩვენი ხსნისათვის!“.

დაიწყო ერესის საჯარო მხილება. მალე კონსტანტინოპოლის კარიბჭეზე გამოაკრეს განცხადება გრაგნილის სახით, რაც მთავარხუცესს მწვალებლობაში სდებდა ბრალს, კერძოდ - II ს-ში დაგმობილი ერესიარქის პავლე სამოსატელის შეხედულებათა განახლებას: თითქოს ქრისტე იყო მხოლოდ უდიდესი წმინდანი და წინასწარმეტყველი, რომელშიც ყველაზე აღმატებული ძალით დამკვიდრდა სამების მეორე წევრი. ტექსტი მთავრდებოდა დასკვნით: „ანათემა, ვინც ყოფს ღვთის ძეს მარიამის ძისაგან!“

ნესტორმა, რადგან იმპერატორის მფარველობას იმედოვნებდა, რევანში წამოიწყო. ეკვეთა ოპონენტებს ეკლესიებსა თუ მონასტრებში და, პარალელურად, ჭეშმარიტი რწმენის იარლიყით გაავრცელა თავისი თეორია (არცთუ წარუმატებლად). მის თანამეინახეთა შორის აღმოჩნდნენ ანტიოქიის პატრიარქი იოანე და ეპისკოპოსი დოროთე. მათ მეტწილად ანტიოქური სკოლის წარმომადგენლებმა დაუჭირეს მხარი.

ცნობა ერესის აღმოცენების შესახებ ეგვიპტის უდაბნოსაც მისწვდა. ბერები ჯგუფ - ჯგუფად მიდიოდნენ ალექსანდრიის ეპისკოპოს კირილესთან, უკვე აღიარებულ ღვთისმეტყველთან, თხოვნით - ეთქვა სიტყვა ჭეშმარიტების დადგენის გზაზე. ასეც მოხდა: კირილემ შეადგინა და გაავრცელა ტრაქტატი, სადაც, ნესტორის მოუხსენიებლად, გაკიცხა ღვთის ქალწულის საშოშივე განკაცების უარმყოფნი. შემდეგ, ვინაიდან ვითარება იძაბებოდა, თავად ნესტორს გაუგზავნა „შეგონებანი“. უკანასკნელმა კი, დარწმუნებულმა თავის სიმართლეში, რომის პაპს ცელესტიუსს აუწყა ყოველივე და სთხოვა მსჯავრის გამოტანა. პაპმა განიხილა ნესტორის თეორია და დაგმო. მან უფლებამოსილებით აღჭურვა კირილე ალექსანდრიელი, ემოქმედა მისი (პაპის) სახელით და, თუ საჭიროდ ჩათვლიდა, მოეთხოვა ნესტორისაგან ცდომილების უარყოფა ათი დღის განმავლობაში. წმ. კირილემ ერთხელ კიდევ აახლა მაბრალებელი ეპისტოლე ნესტორს და მის მიმდევრებს, სადაც წარმოადგინა ამომწურავი მსჯელობა განკაცების თაობაზე, და ადრესატებს სინანულისაკენ მიუხმო, მაგრამ ამაოდ. მაშინ საღმრთო ფილოსოფოსმა მაქსიმალური სიზუსტით განჩხრიკა ახალი მოძღვრება და მისგან გამოყო 12 საანათემო ანუ შესაჩვენებელი დებულება; შეადგინა სათანადო უსტარი და კონსტანტინოპოლში გაატანა მოციქულებს. ნესტორმა საზეიმოდ განაცხადა, რომ იგი ანგარიშს უწევს ტრადიციას და იწყნარებს ეპითეტს „ღვთისმშობელი“, მაგრამ არა მისი პოზიციისაგან განსხვავებული აზრით. მან სახელდახელოდ შეადგინა კონტრპასუხი, მაგრამ იმდენად ზერელე და უკუღმართი არგუმენტებით, რომ ადრინდელი მომხრეებიც კი დააფრთხო და ჩამოიშორა.

იმპერატორმა 431 წელს მესამე მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევა ბრძანა. ადგილად შეარჩიეს ქალაქი ეფესო, სადაც ღვთისმშობელმა სიცოცხლის უკანასკნელი დღეები გაატარა. იქ, ყოვლადწმიდის მიძინების ტაძარში, იმედოვნებდნენ ჭეშმარიტების დადგენას ქალწულის მუცლადღების საიდუმლოთა საიდუმლოს შესახებ მოკვდავთათვის გასაგებ ენაზე. დანიშნულ დროს ეფესოში ჩავიდა დეპუტაცია ქრისტიანული მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან. არ ჩანდა იოანე ანტიოქიელი. მას რამდენიმე ხანს უცადეს და შემდეგ, 22 ივნისს, კირილე ალექსანდრიელმა, რომელსაც პაპის რწმუნება ჰქონდა, კრება გახსნილად გამოაცხადა. ნესტორმა, 68 ეპისკოპოსმა, დიდებულმა თავადმა ირინეოსმა და იმპერატორის კომისარმა კანდიდიანემ პროტესტი გამოაცხადეს ფორუმის იოანე ანტიოქიელის გარეშე დაწყების გამო და პროცესი დატოვეს. ასე რომ, კრება ბრალდებულის დაუსწრებლად ჩატარდა. მონაწილეობდა 160 ეპისკოპოსი, სულ - 200 მამა. პრობლემა პირველსავე სხდომაზე გადაიჭრა. დაამტკიცეს დებულება, რომელიც ქართულად ასე ითარგმნება: ორი ბუნება - ღვთიური და ადამიანური - გაერთიანდა ქრისტეში განუყოფლად და შეურწყმელად. დანარჩენი მონაკვეთიც ამ თეზისის წანამძღვრებისა და დეტალების განხილვას დაეთმო. შეიმუშავეს 8 კანონი და ანათემა შეუთვალეს ნესტორსა და ნესტორიანებს.

ამასობაში ეფესოს ანტიოქიის პატრიარქიც მოადგა აღმოსავლეთის ეპისკოპოსთა ხლებით. ისინი მიესალმნენ თანამოაზრეთა ბანაკს და მოაწყვეს ცალკე კრება, რაც ეკლესიის ისტორიაში იხსენიება „შეკრებად“, „თავყრილობად“. იგი იოანე ანტიოქიელის თავმჯდომარეობით წარიმართა და გამოიტანა დასკვნა „კირილეს კრების“ არაკანონიერების შესახებ. ამიტომაც მისი წინამძღვრები კირილე ალექსანდრიელი და მემნონ ეფესელი (ე.ი. ადგილობრივი ეპისკოპოსი, რომელმაც ტაძარი არ დაუთმო ნესტორიანებს) განკვეთეს ეპისკოპოსობისაგან და განაყენეს მღვდელმსახურებისაგან; დაწერეს საჩივარი და გაუგზავნეს თეოდოსი მეორეს.

მეფემ ორივე კრების წარმომადგენლები იხმო. ორივე ლიდერი დააპატიმრა და შეუდგა საქმის ობიექტურ განხილვას. მთავრობის სახლის წინ, მოედანზე, ბერ-მონაზონთა და მორწმუნეთა მიერ იმართებოდა დემონსტრაციები, ეწყობოდა აქციები, პიკეტები; იყო დიდი ჩოჩქოლი ორივე მხრიდან. ბოლოს და ბოლოს იმპერატორმა საბოლოო განაჩენი გამოიტანა: აღიარა 200 მამისაგან შემდგარი კრების ავტორიტეტი და გაათავისუფლა წმ. კირილე. ნესტორი კი გაგზავნა წმ. ევპრეპის მონასტერში ანტიოქიის მახლობლად. იქიდან კი, უკვე მოხუცი და დაუძლურებული - შორეულ ეგვიპტეში, ე.წ. „დიდ ოაზისში“, სადაც მომთაბარეებმა მოიტაცეს და ბევრი წვალების შემდეგ დააბრუნეს. მან ამდენი ვეღარ აიტანა და გარდაიცვალა.

ოპოზიციონერები არ დაცხრნენ. მათ, იოანე ანტიოქიელის თაოსნობით, კვლავ მოიწვიეს კრება ანტიოქიაში. დაგმეს ზემოხსენებული 12 შეჩვენება, რადგან, მათი თქმით, იგი ზუსტად არ გადმოსცემდა ნესტორის მოძღვრების დედააზრს; განმეორებით დაამტკიცეს კირილესადმი ანათემა, რაშიც მათ იმხანად მხარი დაუჭირა ცნობილმა ღვთისმეტყველმა თეოდორიტე კვირელმა; იმედოვნებდნენ იმპერატორის თანადგომას, მაგრამ ამაოდ: კეთილმორწმუნე მეფემ გეზი მშვიდობისაკენ აიღო და ერთხელ გამოტანილი მსჯავრის გადასინჯვა არ ინება.

ნესტორის ერთგულები ანტიოქიის აღმოსავლეთში შეჯგუფდნენ, მაგრამ თეოდოსი II-ის გარდაცვალების შემდეგ, ანტიოქიის პატრიარქ რაულის ინიციატივით ამტყდარი დევნის გამო, გადაიხვეწნენ სპარსეთს, სადაც შეიწყნარეს როგორც „ბიზანტიისაგან ვნებულნი“. იქ მათ 499 წელს სელევკიის კრებაზე თავიანთი ეკლესია შექმნეს და დაადგინეს „სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქ-კათალიკოსი“.

ნესტორიანობა მცირე აზიაში

ნესტორიანობა გავრცელდა მცირე აზიაში, ინდოეთსა და ჩინეთში. მათგან სპარსეთში დიდი რიცხვი თემურ-ლენგის (XIV-XV) დროს მოისრა. გადარჩენილებმა ქურთისტანის მთებს და თურქეთის სამხრეთ ზოლს შეაფარეს თავი, სადაც დღემდე სახლობენ. ნაწილმა XVII ს-ში რომთან უნიას (შეთანხმებას, გაერთიანებას) მოაწერა ხელი. ისინი დღეს აღმოსავლეთის კათოლიკებად იწოდებიან და შეადგენენ თავისებურ, ქალდეური წესის, საპატრიარქოს. უმრავლესობა კი ძველი რწმენის ერთგული დარჩა. ჩინეთში ეს კონფესია დღეს აღარ ჩანს. ინდოეთში კი იცნობენ „წმ. თომას ქრისტიანებად“. ზოგი იაკობიტებთან, ე. ი. მონოფიზიტებთან, - რადიკალურად განსხვავებული რწმენის ხალხთან გაერთიანდა, რაც უცნაურია და მიანიშნებს ორივე მხარის აღმსარებლობითი ცნობიერების დაქვეითებაზე.

ნესტორიანობა საქართველოში

ნესტორის მოძღვრებას საქართველომდეც მოუღწევია. ჩვენში რელიგიურ უმცირესობებს (V-VI სს-ში მაინც) ლმობიერად ეპყრობოდნენ, რაც, სავარაუდებელია, დადებითად მოქმედებდა მათ შემეცნებით კულტურაზე და, როგორც სომეხთა და ქართველთა კათალიკოსების მიმოწერიდან ანუ „ეპისტოლეთა წიგნიდან“ ჩანს, ბევრს უჩენდა ეკლესიის წიაღში სინანულით დაბრუნების სურვილს. წამოჭრილა პრობლემა, მოენათლათ თუ არა ისინი ხელმეორედ ანუ ჩაეთვალათ თუ არა ერეტიკოსთა ხელით შესრულებული წესი ძალმოსილად. ქართლის კათალიკოს კირიონს რჩევა რომის პაპისათვის - გრიგოლ დიდისათვის (+604) - უკითხავს. შემორჩენილია პასუხი ლათინურ ენაზე, რაც გამოავლინა და თარგმნა მღვდელმა მიხეილ თამარაშვილმა (მისივე, ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის, ტფ. 1902, გვ. 23-26). ვინაიდან პრობლემა დღესაც აქტუალურია, წარმოვადგენთ მონაკვეთს.

პაპი აუწყებს საქართველოს მწყემსმთავარს: „სიყვარულმა სიშორე არ იცის და ვისაც ადგილი აშორებს, მას ეპისტოლე აახლოებს... გვეკითხებოდით: ნესტორის შეცთომათაგან მოქცეულ მღვდელთა და ერთათვის საჭიროა ნათლისღება, ანუ კმარა მარტო აღსარებაო? ამ საგნისა ჩვენ უწყით ჩვენის მამების ძველის დროის ჩვეულება, რომ, როდესაც მოიქცევიან მწვალებლობისაგან, რომელშიაც მონათლულან წმიდა სამების სახელით, მათ ვუერთებთ წმიდა ეკლესიას ან ზეთის ცხებით, ან ხელდასხმით და ან მარტო სარწმუნოებას აღიარებინებთ, რადგან მწვალებლობაში მონათლულთ სულიწმიდა მაშინ სწმენდს, როდესაც ნესტორიანები ჩვენის ხელდასხმით და მონოფიზიტები სარწმუნოების აღსარებით უერთდებიან ეკლესიას. გარნა ის მწვალებლები, რომლებიც წმიდა სამების სახელით არ არიან მონათლულნი, როგორადაც ქრისტეს უარისმყოფელნი მონოსიანები და კათოფარიგელები, რომელნიც სულიწმიდად რაცხენ მონტანისტების ბოროტ კაცსა, რომლის მსგავსიც ბევრი არის, უნდა მოინათლონ, რათა ეკლესიას შეუერთდნენ... ხოლო ნესტორიანების მწვალებლობას ისევ მათი შეცდომილება აბრმავებს. ისინი წმიდა სამების სახელით არიან მონათლულნი, მაგრამ, მსგავსად ურიებისა, დაჟინებით უარს ჰყოფენ მხოლოდშობილის ძის განხორციელებას. ამიტომ, როდესაც ისინი მოიქცევიან წმიდა კათოლიკე ეკლესიისადმი, საჭიროა, ასწავლოთ მათ ჭეშმარიტი სარწმუნოების აღსარება, რათა ირწმუნონ მტკიცედ, რომ ძე კაცისა, ღმერთი და უფალი ჩვენი იესო ქრისტე ღვთაებით არს უწინარეს სოფლისა და იგივე განკაცდა ბოლო დროს, რადგან სიტყვა იგი ხორცშესხმულ იქნა და დაემკვიდრა ჩვენ შორის, რადგან, ვამბობთ, სიტყვა იგი რა განხორციელდა, არ შეიცვალა მისგან რაც იყო, არამედ მიიღო და გახდა ისიც, რაც არ იყო. საუკუნო მამის მხოლოდშობილმა ძემ თავისი განხორციელების საიდუმლოით თავისი არსება კი არ დაამცირა, არამედ ჩვენი ბუნება აღამაღლა... ხოლო იგი, რომელი უწინარეს სოფლისა ღმერთია, ბოლო დროს ქალწულის საშოში განკაცდა. მასშივე იცხო იმავე სულისაგან, როდესაც ჩაისახა. არც ისეა, რომ ჯერ ჩასახულიყო და მერმე ცხებულ, არამედ სულიწმიდის თვით იმავე მოქმედებით, რომ ქალწულისაგან ხორცი შეისხა, იცხო სულიწმიდისაგანვე. ამიტომ, ვინც ნესტორის შეცთომილებისაგან მოიქცევიან, თქვენი წმიდა კრებულის წინაშე აღიარონ მისი ჭეშმარიტი შობა და შეაჩვენონ ნესტორი, მისი მიმდევარნი და დანარჩენნი მწვალებელნი. ეგრეთვე შემოგვპირდენ, რომ პატივს სცემენ და შეიწყნარებენ იმ ყველა კრებათა, რომელსაც მსოფლიო ეკლესია აღიარებს. შემდგომ თვინიერ რამ სიძნელისა, მიიღეთ ესრეთნი პირნი თქვენს საზოგადოებაში და დასტოვეთ იმ წესსა ანუ ხარისხში, რომელშიაც არიან. განუბნიეთ მათ შეცთომილებანი და ასწავლეთ ყველაფერი, რაც კი საჭიროა. სიტკბოებით მოეპყარით, ნურავითარ სიძნელეს აღმოუჩენთ მათი ხარისხის შესახებ, რათა იგინი თავიანთი მტრის ხელიდან დაიხსნათ. ეგოდენ ყოვლისმპყრობელის უფლისაგან განიმრავლებთ საუკუნო დიდების სასყიდელს, რაოდნათაც უფრო მომეტებულად შემოჰკრებთ მათ, რათა თქვენთან სამარადისოდ ადიდონ უფალი...“

წყარო

მსოფლიო რელიგიები საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები