პიაჟე ჟან ვილიამ ფრიცი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჟან პიაჟე

პიაჟე ჟან ვილიამ ფრიცი - Piaget Jean William Fritz, Пиаже Жан, 1896-1980

შვეიცარელი ფსიქოლოგი და ფილოსოფოსი. მისი უმდიდრესი მეცნიერული შემოქმედება შეიცავს ნაშრომებს ბიოლოგიაში, ლოგიკაში, ეპისტემოლოგიაში (ცოდნის გნოსეოლოგიაში ანუ ცოდნის შემეცნებით თეორიაში); ფსიქოლოგიაში მის ინტერესებში ფართო თემატიკა შედიოდა: განვითარების, განათლების, ექსპერიმენტული და ზოგადი თეორიული ფსიქოლოგია. მიუხედავად ამისა, პიაჟემ დატოვა შეხედულებათა ერთიანი, მწყობრი სისტემა, რომელიც ფსიქოლოგიის ისტორიაში შევიდა პიაჟეს გენეზისური ფსიქოლოგიის (ჟენევის სკოლის) სახელწოდებით.მეცნიერების მეთოდოლოგიაში ჩატარებული დიდი კვლევა-ძიება განზოგადდა გენეზისური ეპისტემოლოგიის თეორიის სახით.

პიაჟემ დოქტორის ხარისხი ბიოლოგიაში მიიღო ნევშტატელის უნივერსიტეტში (შვეიცარია, 1915 წ.). მისი პირველი მეცნიერული კვლევები მოლუსკების ქცევის შესწავლას ეძღვნებოდა. ძალიან მალე პიაჟე მთლიანად გადაერთო ფილოსოფიურ-შემეცნებით, ხოლო შემდეგ, ე. ბლოილერის გავლენით, ფსიქოლოგიურ პრობლემებზე. 1921 წელს პიაჟე ე. კლაპარედმა რუსოს სახელობის ინსტიტუტში (ჟენევა) ლაბორატორიის ხელმძღვანელად მიიწვია. იქ პიაჟემ ბავშვის კოგნიციური პროცესების ფართო კვლევა-ძიება წამოიწყო. ამ კვლევებმა, საბოლოოდ, მას საქვეყნო აღიარება მოუტანა. 1929 წლიდან პიაჟე ჟენევის უნივერსისტეტის პროფესორი იყო. ჟენევაშივე 1955 წელს დააარსა გენეზისური ეპისტემოლოგიის ცენტრი, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა. პარალელურად ეკავა პროფესორის თანამდებობა ლოზანისა და სორბონის უნივერსიტეტებში. იყო მსოფლიოს მრავალი სხვა წამყვანი ინივერსიტეტის საპატიო პროფესორი, მინიჭებული ჰქონდა არაერთი პრესტიჟული სამეცნიერო ჯილდო და პრემია.

აზროვნების გენეზისის ემპირიული კვლევისას, ექსპერიმენტთან ერთად, პიაჟე კლინიკური საუბრის მეთოდს იყენებდა. ბავშვის მსჯელობებში, გამონათქვამებში პიაჟე ეძებდა იმას, რაც არსებითად განასხვავებს ბავშვის აზროვნების წესს ზრდასრულისგან. თავდაპირველად ასეთ ძირითად თვისებად პიაჟეს ბავშვის ეგოცენტრიზმი მიაჩნდა, რომელიც განსაკუთრებით ნათლად ეგოცენტრულ მეტყველებაში ვლინდება. ბავშვის ზრდასთან ერთად ეგოცენტრიზმი სოციალიზაციის პროცესში გადაილახება (თუმცა ხშირად მისი ნარჩენები მყარად რჩება {უნდილობა}). მნიშვნელოვანი განმასხვავებელია აგრეთვე ანიმიზმი და არტიფიციალიზმი. შემდგომში პიაჟემ თვალსაზრისი დააზუსტა: შეიმუშავა სისტემა, რომლის თანახმადაც კოგნიციური განვითარება ონტოგენეზში ერთმანეთის მომყოლი სტადიებისგან შედგება {აზროვნების ონტოგენეზი}. გონებრივი აქტიურობის ერთეულები ოპერაციებია. ისინი წარმოიქმნება გარეგან, სენსომოტორულ მოქმედებათა ინტერიორიაზაციის შედეგად; შემდეგ თანდათან ერთიანდება მოძრავ მთლიანობით სტრუქტურებში და იძენს სპეციფიკურ თვისებას - შექცევადობას (ყოველი ოპერაციისთვის რომ შებრუნებული ოპერაცია არსებობს). ამასთან, ოპერაციები ჯერ ხატობრივ-კონკრეტულია, შემდეგ - აბსტრაქტული და ფორმალურ-ლოგიკური. შესაბამისად, ბავშვის აზროვნება ონტოგენეზის 4 ძირითად სტადიას გაივლის: სენსომოტორული სტადია (0-2 წ.), ოპერაციამდელი ანუ პრეოპერაციული სტადია (2-7 წ.), კონკრეტულ ოპერაციათა სტადია (7-11 წ.) და ფორმალურ ოპერაციათა სტადია (11-15 წ.). ინტელექტის განვითარების უმაღლეს სტადიაზე ვითარდება ჰიპოთეზურ-დედუქციური, თეორიული, ლოგიკურ-ცნებითი აზროვნების უნარიანობა.

კოგნიციურ-ემოციური გენეზისის კვლევას პიაჟე უფრო ფართო კვლევის ნაწილად განიხილავდა, რომელიც მიმართულია ცოდნის განვითარების შესწავლაზე - ესაა ე.წ. გენეზისური ეპისტემოლოგია. ავტორმა ეს კონცეფცია პირველად სამტომეულ ნაშრომში წარმოადგინა - „შესავალი გენეზისურ ეპისტემოლოგიაში” (1950) (სულ კი პიაჟეს უზარმაზარი მეცნიერული მემკვიდრეობა მოიცავს 60-ზე მეტ წიგნსა და ასეულობით სტატიას). პიაჟე ცდილობდა, გნოსეოლოგიის იმ ფუნდამენტურ საკითხებზე გაეცა პასუხი, რომლებზეც საუკუნეთა განმავლობაში მსჯელობდნენ ფილოსოფოსები. როგორც უნდა შეფასდეს ეს უზარმაზარი შრომა, ერთი რამ ცხადია - პიაჟემ შეძლო იმის ჩვენება, რომ გნოსეოლოგიის ისეთი ურთულესი საკითხებიც კი, როგორიცაა „რა არის შემეცნება?”, შეიძლება ემპირიული ფსიქოლოგიის საკითხებადაც იქცეს, სახელდობრ - „როგორ ვითარდება ცოდნა/შემეცნება?” {გენეზისური ეპისტემოლოგია}.

ჟენევაში ახალგაზრდა ჟ. პიაჟეს ხელმძღვანელი ე. კლაპარედი იყო, რომელთანაც მჭიდროდ თანამშრომლობდა უკვე მოხუცებული ჯ. ბოლდუინი (ცხოვრების მიწურულს ის პარიზში მოღვაწეობდა). პიაჟე ჯ. ბოლდუინის ნააზრევს ეზიარა. ამან მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა პიაჟეს მომდევნო თეორიის ჩამოყალიბებაზე, რომლის საკვანძო ცნებები ჯ. ბოლდუინისგანაა (მაგ., ასიმილაცია და აკომოდაცია). არსებითად, პიაჟესეული განვითარების თეორიის ძირითადი მონახაზი უკვე ჩამოყალიბებული ჰქონდა ჯ. ბოლდუინს.

ბოლდუინისა და პიაჟეს უდიდესი და გასაოცარი აღმოჩენაა, მაგ., შემდეგი: ადამიანის აზროვნების უმაღლესი დონის ყოველი აბსტრაქტული ლოგიკური სტრუქტურა (ლოგიკური სქემა), კერძოდ კი ლოგიკური ოპერაცია (მაგ.: ანალიზი, სინთეზი, განზოგადება...) სათავეს იღებს ჩვილი ბავშვის „უაზრო მოუსვენრობიდან, ხელების ფათურიდან” ანუ სენსომოტორული აქტიურობიდან {ინტერიორიზაცია}. ამიტომ პიაჟე უდიდეს მნიშვნელოვნებას ბავშვის მოუსვენარ თვითაქტიურობას ანიჭებდა და რადიკალური კონსტუქტივიზმის ფუძემდებელი და თითქმის ერთადერთი წარმომადგენელი იყო.

პიაჟემ შეისწავლა პრიმიტიული აზროვნება (ლ. ლევი-ბრიულისა და სხვა ეთნოლოგ-კულტუროლოგთა ნაშრომებით). დაინახა, რომ გნოსეოლოგიაში ცოდნა-აზროვნების თანდაყოლილობის დებულება, პლატონიზმი და აპრიპრიზმი {ი. კანტი} პოზიცია მცდარია: ადამიანის მთავარი უნარიანობა - აზროვნება - თანდათანობით ვითარდება; ის არაა თავიდანვე გამზადებული სტრუქტურების მხოლოდ აღმოჩენა-გაცნობიერება ან რაოდენობრივი მატების შედეგი - თვით ეს სტრუქტურებიც თანდათანობით ყალიბდება; აზროვნების განვითარების მთავარი კანონზომიერება თვისებრივია: კონკრეტულიდან აბსტრაქტულისკენ.

ამ ყოველივეთი პიაჟემ საბოლოოდ უკუაგდო აპრიორიზმი. ამასთან, პიაჟე არც საპირისპირო, ანუ ემპირიზმის უკიდურესობაში არ ვარდებოდა - გამოკვეთდა იმასაც, რომ აზროვნების განვითარების ეს მრავალწლიანი ზეაღმავალი ხაზი შეუძლებელი იქნებოდა, ადამიანს რომ თანდაყოლილი არ ჰქონოდა ამგვარი ზეაღსვლისა და კერძოდ აბსტრაქტული ლოგიკური აზროვნების პოტენცია (და, შესაბამისად, მიდრეკილება). სწორედ თანდაყოლილი სქემების განშლა-დიფერენციაცია და თვისებრივი განვითარება ხდება ბავშვის დაუცხრომელ აქტიურობაში.

აზროვნების ონტოგენეზის კვლევის გარდა პიაჟემ აგრეთვე ზნეობრივი შეგნების ონტოგენეზის კვლევა წამოიწყო. ეს კვლევები ბოლომდე მიიყვანა პიაჟეს მიმდევარმა, ლ. კოლბერგმა. მან ჩამოაყალიბა ზნეობრივი შეგნების განვითარების თვისებრივი კანონზომიერება, სათანადო სტადიებით.

ქართული ფსიქოლოგიისთვის განსაკუთრებთ საინტერესოა პიაჟესეული გამოკვლევები „უზნაძის ეფექტისა” (პიაჟესეული ტერმინია). პიაჟემ ამ მიმართულებითაც უაღრესად მნიშვნელოვანი აღმოჩენები გააკეთა. 1944 წელს მან შემოიღო და მ. ლამბერსიერთან ერთად გამოიკვლია კონტრასტული ილუზიის სიდიდის ცნება, რომელიც უმნიშვნელოვანესი აღმოჩნდა განწყობის თეორიის შემდგომი განვითარებისთვის {კონტრასტული ილუზიის ადაპტაციური მნიშვნელოვნება}.

თუმცა პიაჟეს თეორიაში (ბოლდუინის თეორიისგან განსხვავებით) არასაკმარისადაა გათვალისწინებული აღზრდის სოციოკულტურული გარემოს გადამწყვეტი მნიშვნელოვნება. ძნელად წარმოსადგენია ბავშვი, რომელიც რობინზონ კრუზოსავით დამოუკიდებლად აქტიურობს და იმეცნებს სამყაროს. სინამდვილეში ბავშვი უფროსების გვერდითაა, ბაძავს მათ {მოდელირება}, უსმენს და თვითონაც ბუტბუტით იმეორებს მათ საუბრებს, ფრაზებს, ახსნა-განმარტებებს... ლოგიკური აზროვნების განვითარება ბავშვის არამარტო სენსომოტორულ აქტიურობას ემყარება. არანაკლებ მნიშვნელოვანია (თუ მეტად არა) ბავშვის ენობრივი აქტიურობა, ენის აქტიური დაუფლება და უფროსებთან ურთიერთობა. სწორედ ამ მხრივ გააკრიტიკეს პიაჟეს თეორია ლ. ვიგოტსკიმ, ჯ. ბრუნერმა და მრავალმა სხვა ფსიქოლოგმა. ბავშვი აქტიურობს არამარტო ფიზიკურ, არამედ უპირატესად სოციალურ გარემოში {ასაკობრივი გარემო}. საყურადღებოა, რომ ბოლდუინის თეორიას ეს ნაკლი არ გააჩნია.

სხვა მეცნიერთა მიერაც აღმოჩენილია და შესწორებულია ცალკეული უზუსტობანი პიაჟეს თეორიაში, მაგ., განვითარების სტადიების სასკობრივ საზღვრებში: უფრო სარწმუნო ჩანს პრეოპერაციული სტადიის შუალედი 2-6 წლები (ნაცვლად პიაჟესეული 2-7-ისა); ხოლო კონკრეტული ოპერაციებისა - 6-10 (ნაცვლად პიაჟესეული 7-11-ისა). შემდეგ, პიაჟეს გამორჩა ერთი თავისთავად ცხადი რამ: ადამიანის აზროვნების განვითარება არ სრულდება ფორმალურ-ლოგიკური სტადიით ანუ 15 წლის ასაკში. ცხადზე ცხადია, რომ, მაგ., 50-წლიანი გამოცდილი ექიმისა თუ მათემატიკის პროფესორის აზროვნება, ერთი კერძო მიმართულებით მაინც, გაცილებით მაღალგანვითარებულია, ვიდრე საუკეთესო 17-წლიანი მოსწავლისა თუ 22-წლიანი დოქტორანტისა; თანაც მაღალგანვითარებულია სწორედ რომ აზროვნების უნარიანობა - და არამარტო დაგროვებული ცოდნა-გამოცილების მარაგი {კრისტალიზებული ინტელექტი}. უფრო მეტიც: შესაძლოა, საუკეთესო ახალგაზრდა დოქტორანტს ფაქტობრივი ცოდნა პროფესორზე მეტიც კი ჰქონდეს (რადგან პროფესორს მრავალი საკითხი დავიწყებული ან ნახევრადდავიწყებული ჰქონდეს). ამის მიუხედავად, პროფესორის აზროვნება გაცილებით მაღალგანვითარებულია, რადგან, ფაქტობრივი ცოდნისგან დამოუკიდებლად, პროფესორი ისეთ ურთულესი პრობლემის გადაჭრის გზას მიხვდება, რომელიც ახალგაზრდისთვის სრულიად მიუწვდომელია {დიალექტიკური აზროვნება; ინტუიცია}.

ამ ყოველივეს მიუხედავად, ჟ. პიაჟე ყველაზე გამოჩენილ და ავტორიტეტულ მეცნიერად რჩება კოგნიტივიზმში, ასაკობრივ და პედაგოგიკურ ფსიქოლოგიაში, განვითარებისა და ზოგად ფსიქოლოგიაში. ის ყველა ხანის ფსიქოლოგთა შორის ყველაზე ხშირად ციტირებად და ყველაზე პოპულარულ ავტორთა შვიდეულშია. (ჩანამატის ავტორი ზურაბ ვახანია).


წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები