რუისპირის წმინდა შიოს მონასტერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წმინდა შიოს მონასტერი

წმინდა შიოს მონასტერი − (ინგლ. St. Shio Monastery) – XIII საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, რომელიც დღეს მოსახლეობაში შიოს მარნის სახელითაა ცნობილი. მდებარეობს მდ. თურდოს მარცხენა მხარეს, შემაღლებულ ადგილას, ახლანდელი სოფ. რუისპირსა და იყალთოს შორის. ისტორიულ და უკვე გამქრალ სოფელ არტოზანში (მღვდელი მიხეილ ხელიძე სწორედ ასე მოიხსენიებს მას ჟურნალ ”ივერია“-ს 1888 წ. N90-ში). მონასტრის ნაგებობათაგან ამჟამად მხოლოდ წმ. შიოს სახელობის ეკლესიაა შემორჩენილი. სხვა ნაგებობები თითქმის საძირკვლის დონეზეა დანგრეული. წმ. შიოს სახელობის ეკლესია აგურით ნაშენი დარბაზული ტიპის ნაგებობაა, რომელსაც აღმოსავლეთით განზიდული, ხუთწახნაგა აბსიდა აქვს. ტაძარში შესასვლელი სამხრეთიდან და დასავლეთიდანაა.

ეკლესია კარგადაა განათებული რვა ფართო სარკმლით, რომელთაგან სამი აბსიდაშია გაჭრილი, ორ-ორი სამხრეთისა და დასავლეთის, ხოლო ერთი ჩრდილოეთის კედელში. ტაძრის კამარა პილასტრებსა და ცრუ პილასტრებს ეყრდნობა. ჩრდილოეთ კედელში გაჭრილია კარი, რომლითაც იგი მინაშენს უკავშირდება. ეს უკანასკნელი ორსართულიან მარანს წარმოადგენდა. XX ს. ბოლოს ჩატარებული რესტავრაციის „წყალობით” მეორე სართული ბეტონის კამარითაა გაუქმებული და საერთოდ აღარ აღიქმება. მარანში საწნახელი დღესაცაა დაცული. ტაძარის სამხრეთ კედლის ცენტრში მიშენებულია კარიბჭე, რომლის ცენტრალური კამარა ამჟამად ბეტონის ნახევარწრიული კამარითაა შეცვლილი. ასეთივე კარიბჭე უნდა ჰქონოდა ტაძარს დასავლეთის მხრიდან. ამჟამად ამ კედელზე მიდგმულია მოგვიანებით აშენებული რიყის ქვის ორფერდასახურავიანი ნაგებობა და სამრეკლო. ეკლესიის ფასადები სადაა, თუ არ ჩავთვლით აგურითვე გამოყვანილი ჯვრების გამოსახულებებს. ტაძარი თავიდანვე მოხატული ყოფილა, რომლის მხოლოდ ნაწილია შემორჩენილი აბსიდასა და დასავლეთის კედელზე. მხატვრობა მნიშვნელოვანია იმითაც, რომ აქ შემორჩენილია მეფე დავით ულუს გამოსახულება. ტაძრის ისტორიის შესახებ ქართული წყაროები თითქმის არაფერს გვეუბნება, მხოლოდ ფილადელფოს კიკნაძის, ივანე კერესელიძისა და კირიონ ეპისკოპოსის ჩანაწერებში მოკლედ არის იგი ნახსენები.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები