საფრანგეთის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში დაცული ქართული ხელნწერები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საფრანგეთის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში დაცული ქართული ხელნწერებისაფრანგეთში ქართული ხელნაწერი წიგნი ინახება პარიზში, საფრანგეთის ნაციონალური ბიბლიოთეკის აღმოსავლურ ხელნაწერთა ფონდში. საფრანგეთის ნაციონალური ბიბლიოთეკა ევროპის უძველესი წიგნსაცავია, რომლის დაარსებასაც საფუძვლად უდევს შუა საუკუნეების განმავლობაში საფრანგეთის სამეფო კარის მიერ შეკრებილ წიგნთა კოლექცია. საფრანგეთის რევოლუციის შემდგომ ბიბლიოთეკა იყო ნაციონალიზებული, მან შეიძინა არა მხოლოდ ევროპულ, არამედ აღმოსავლურ წერილობით სიძველეთა უმდიდრესი კოლექციები. სხვადასხვა დროს მას ეწოდებოდა სამეფო, საიმპერატორო და ნაციონალური.

საფრანგეთის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში ქართული ხელნაწერი წიგნის პირველი ეგზემპლარი XVIII ს-ის 40-იან წლებში მოხვდა, კერძოდ, 1739 წელს სამეფო ბიბლიოთეკის საცავებში უკვე არსებობდა სვინაქსრის (Geo.4) ქართული ნუსხა, რომელიც იმდროინდელ აღმწერელს სომხურ ხელნაწერთა რიცხვისთვის მიუმატებია, ნომრით 25. იმავე XVIII ს-ში 4 ერთეული შეემატა საიმპერატორო ბიბლიოთეკის საცავს, ხოლო 1866 წლისთვის ბიბლიოთეკის ფონდებში უკვე დაცული იყო 16 ქართული ხელნაწერი წიგნი. მისიონერების, პოლიტიკური მოღვაწეებისა თუ კერძო პირების მეშვეობით ეს ფონდი თანდათანობით ივსებოდა. დღეს ეს კოლექცია 32 ერთეულს ითვლის, რომელთაგან ორი 1865 და 1897 წწ-ში ხელნაწერთა ინვენტარიზაციის დროს ვიქტორ ლანგლუასა და ლეონ ფეერის მიერ შედგენილი ფრანგულენოვანი ხელნაწერი კატალოგია. ქართული ხელნაწერების დათარიღებისა და რაობის დადგენაში ბიბლიოთეკას დიდი დახმარება გაუწია ფრანგმა ქართველოლოგმა მარი ბროსემ. კოლექციის ცალკეულ ერთეულებს დღესაც ერთვის ბროსესეული განმარტებები, რომ აღარაფერი ვთქვათ ხელნაწერთა ჩამონათვალის პუბლიკაციაზე (Brosset 1830: 113-128; 1833; 1834; 1837). XIX ს-ის დასარულ კოლექციის მოკლე აღწერილობა გამოსცა ალ. ხახანაშვილმა (ხახანაშვილი 1898: 1-20)

საფრანგეთის ნაციონალური ბიბლიოთეკის ქართული კოლექციის ცალკეული ხელნაწერები იკვლიეს მიხეილ თარხნიშვილმა, ელენე მეტრეველმა, ლილი ხევსურიანმა, ლელა ხაჩიძემ, დარეჯან კლდიაშვილმა. ექვთიმე თაყაიშვილის აღწერილობისა და დასახელებულ მეცნიერთა შრომების გათვალისწინებით 2009 წელს კ. კეკელიძეს სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის უფროსმა მეცნიერ თანამშრომელმა, ნესტან ჩხიკვაძემ, შეადგინა საფრანგეთის ნაციონალური ბიბლიოთეკის ქართულ ხელნაწერთა ფრანგულენოვანი კატალოგი, რომლის მოძიებაც შესაძლებელია ბიბლიოთეკის ვებგვერდზე: archivesetmanuscrits.bef.fr/cdc.html. ამ სამუშაოს შედეგად კოლექციის შესახებ ცნობები გამოქვეყნებულია (ჩხიკვაძე 2009; 2010 (a):106-116).

საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკის არც თუ მრავალრიცხოვან ქართულ კოლექციაში გაერთიანებული როგორც შუა საუკუნეების ქრისტიანული მწერლობის ადრებიზანტიური და მაკედონური პერიოდების რედაქციათა თარგმანები, ასევე XVI-XVIII სს-თა ხელნაწერი წიგნები, რომელთა შესწავლა საშუალებას მისცემს დაინტერესებულ პირს თვალი გაადევნოს ხელნაწერი წიგნის სოციალიზაციისა და საგანმანათლებლო ტენდენციების განვითარების საინტერესო სურათს.

სარჩევი

Geo.1. სასულიერო თხზულებათა კრებული (კათოლიკური)

XIX ს. დღეისათვის შემორჩენილია მხოლოდ მიკროფილმი. წიგნის შესახებ მონაცემები მოგვაქვს ე. თაყაიშვილის აღწერილობის მიხედვით (თაყაიშვილი 1933:14-23). მცირე ფორმატის; 171ფ.; ქაღალდი, სხვადასხვა ხარისხისა; შემკობილია სხვადასხვა გამოსახულებით, რომელთაც ერთვის ლათინური წარწერები. წიგნის ერთ-ერთი გადამწერი და მომხატველია ვინმე ალექსი, რომელიც რამდენიმე ადგილას მოიხსენიებს საკუთარ თავს: „ღმერთო შეიწყალე ამა ჴელთის და იბაკოაის დამხატავიცა და დამწერიცა მონა ღვთისა ცოდვილი ალექსი, ქორონიკონსა უიგ (1725წ.)“ (90v). ხელნაწერი გადაწერილია მხედრულითა და ნუსხურით. წიგნი ქართველ კათოლიკეთა საოჯახო ბიბლიოთეკის ნაწილი უნდა ყოფილიყო, რასაც ადასტურებს როგორც მისი შედგენილობა, ასევე მოხატულობაც. კრებული შედის: ღვთისმშობლისა და სხვა გალობები, ნუსხა ჭრელი, კვინკლოსები, ასტრონომიული ნიშნები განმარტებით, სვლა მთვარისა, 7 მომაკვდინებელი ცოდვა, კათოლიკეთა ლოცვა ქალაქ რო- მისთვის, სულხან-საბა ორბელიანის საქრისტიანო მოძღვრება, ხირომანტია და 10 კრიპტოგრამა, რომლებიც გახნილი და შესწავლილი ე. თაყაიშვილის მიერ (თაყაიშვილი 1933:9-14). ხელნაწერი, გარდა ე. თაყაიშვილისა, აღწერილი აქვთ მ. ბროსეს და ა. ხახანაშვილს (Brosset 1834: 143-164; ხახანაშვილი 1898:3).

Geo.2. კატეხიზმო

XVIII ს. 124ფ.; ჭვირნიშნიანი ქაღალდი; 16,5×11,5სმ.; მხედრული; სათურები მთავრულით; შავი მელანი; სათაურები და საზედაო ასოები წითლით; ყდა ყტავგადაკრული მუყაოსი, ტვიფრული. წიგნი დაწერილლია კითხვა-მიგების სახით, გამოყოფილია სამი ნაწილი: სარწმუნოება, სასოება და სიყვარული. ბოლოს ერთვის მღვდელმთავრის ლიტურგიის განმარტება.

Geo.3. ლექციონარი

X-XI სს. მიჯნა. 387ფ.; ეტრატი; 36×25 სმ.; ნუსხური; მოყავისფრო შავი მელანი; სათაურები და საზედაო ასოები მთავრულით, სინგურით; XVI ს-ის ტვიფრული ტყავის ყდა. გადამწერი: მონაზონა (237v, 301r). გადაწერის ადგილი უცნობია. ხელნაწერი ნაკლულია. ლექციონარში წარმოდგენილია კალენდარი, ბიბლიური საკითხავები, V-VIII სს-ების იერუსალიმური პრაქტიკის ევქარისტული ლიტურგია. წიგნს დიდი მნიშვნელობა ენიჭება ადრებიზანტიური ლიტურგიკული პრაქტიკისა კვლევის საქმეში. საყურადღებოა, რომ ლექციონარში შეტანილია ქართველ წმინდანთა – წმ. ნინოს, წმ. არჩილის (8 იანვარი), წმ. რაჟდენის (26 ივნისი), წმ. აბიბოს ეპისკოპისის (6 ივლისი), წმ. შუშანიკის (17 ოქტომბერი), ევსტათი მცხეთელის (20 დეკემბერი) და სხვ., ასევე, სომეხ წმინდანთა – წმ. გრიგოლ პართელის (21 დეკემბერს), რიფსიმესა და გაიანეს (22 დეკემბერს) ხსებნებები (300v-302r). წიგნის გადაწერის ადგილი უცნობია, მაგრამ მისი მოცულობა, რედაქციულობა და კალენდარში ქართველ და სომეხ წმინდანთა ხსენების ჩამატება გვავარაუდებინებს, რომ ხელნაწერი ტაო-კლარჯეთის სივრციდან უნდა მოდიოდეს, ვინაიდან სწორედ X-XI სს-თა მიჯნის ამ სამწიგნობრო გარემოსათვისაა დამახასიათებელი ზემოთ დასახელებული ტენდენციები. გადამწერის ვინაობას ვიგებთ წიგნის 301r-v-ზე არსებული ანდერძიდან და მინაწერებიდან: „ადიდე ნათელი ჩემი მამაჲ სტეფანე დღეგრძელობით, მწერალი მონაზონაი ლოცვასა მომიხსენეთ ღმრთისათჳს“ (237v). მინაწერსა და ანდერძში მოსხენიებული სტეფანე, გადამწერის სულიერი მოძღვარი, ექვთიმე თაყაიშვილის ვარაუდით, უნდა იყოს X ს-ის ბოლო მეოთხედის მოღვაწე სტეფანე სანანოისძე ჭყონდიდელი (თაყაიშვილი 1933:28). ხელნაწერის ისტორიისათვის მეტად საყურადღებოა მასზე არსებული გვიანდელი მინაწერები. 16r-ზე XVI ს-ის მინაწერის თანახმად, კრებული 480 ფურცლისგან შედგებოდა, მოგვიანო ცნობით კი – 392 ფ. თავში დართული იტალიური მინაწერი გვამცნობს, რომ ხელნაწერი საქართველოდან ევროპაში 1731 წელს გაუტანია კაპუცინ მისიონერთა წინამძღვარს. ლექციონარის ეს უძველესი რედაქცია სამგზისაა გამოცემული (Goussen 1923; Tarchhischvili 1959-1960; დანელია 1987; 1997).

Geo 4. სვინაქსარი თისლის მონასტრისა

XIII-XIV სს. 87ფ.; ეტრატი; 27×23 სმ.; ნუსხური; ყავისფერი მელანი, სათაურები და დღეთა აღნიშვნა სინგურით; ყდა XIX ს. მაროკენის ტვიფრული, ევროპული. სვინაქსარი გიორგი ათონელის რედაქციისაა. მასში შესულია 16 ოქტომბრიდან თებერვლის თვის ჩათვლით საკითხავები, რომელთაგან ერთ-ერთი, კერძოდ, „დავით და კონსტანტინეს ცხოვრება“ გამოქვეყნებული აქვს მ. ბროსეს (Brosset 1830: 113-128; 1837(a): 268-283). სვინაქსრის გადაწერის ზუსტი ადგილი უცნობია. მინაწერებიდან ვიგებთ მხოლოდ, რომ წიგნი XIV-XV სს-ში დიასამიძეთა საგვარეულო თისლის მონასტრის საკუთრება ყოფილა (კლდიაშვილი 1986: 12-13). წიგნი თავდაპირველად შეუკაზმავს ვინმე დემეტრეს (59v). ხელნაწერს უხვად ახლავს მინაწერები, აღაპ-მოსახსენებლები, რომლებსაც დიდი მნიშვნელობა ენიჭებათ სამხრეთ საქართველოს ისტორიის კვლევისათვის. თავდაპირველად ეს მინაწერები გამოაქვეყნა მ. ბროსემ (Brosset 1830:113-128). სვინაქსრის აღაპ-მოსახსენებლები ისტორიული რეალიების გათვალისწინებით შესწავლილი და გამოცემულია (კლდიაშვილი 1986).

Geo.5. მარხვანი

XI,XII,XIII სს. კონვოლუტი. შედგება 3 ნაწილისგან. თავ-ბოლო ნაკლული. 292 ფ.; ეტრატი, 27,5×13 სმ.; ნუსხური; ყავისფერი მელანი; საზედაო ასოები სინგურით. ფფ. 222, 226-227, 238, 249-292 პალიმფსესტურია; ქვედა ფენა ნაწერია ნუსხურითა და მთავრულით. ხის ტყავგადაკრული, ყვიფრული ყდა. III ნაწილის გადამწერი: ოქროპირი. ხელნაწერის სამივე ნაწილი შეიცავს სხვადასხვა დროს გადაწერილ მარხვანს: I. 2r-216v – გიორგი ათონელის რედაქციის, სავარაუდოდ, მისივე ხელმძღვანელობით XI ს-ში გადაწერილი დიდმარხვის საგალობლები და ანდრია კრიტელის კანონი, გადაწერილი ათონური ტიპის ნუსხურით; 154v-ზე იკითხება გიორგი ათონელისეული ანდერძი, რომელიც სრულად გამოქვეყნებულია (თაყაიშვილი 1933: 267-268). ტექსტი შესწავლილია (ხაჩიძე 1983:264-287; 1987; ხევსურიანი 2001:75-83); II. 217r-222r _ არსენ იყალთოელის თარგმნილი დიდმარხვის საგალობელთა ტექსტია. დართულია პირველი ნაწილის შევსების მიზნით; III. 223r-292v-ზე განსხვავებული ნუსხურითა და სხვა ხარისხის ეტრატზე განთავსებულია დიდმარხვის საგალობელთა და ანდრია კრიტელის კანონის არსენ იყალთოელისეული თარგმანი, გადაწერილი XIII ს-ში, ერთვის არსენ იყალთო- ელის ანდერძი (248v). გადამწერი: ოქროპირი (248v). ამ ნაწილში 273 r-ზე მოყვანილია ეფრემ მცირის თარგმნილი საგალობელი; სათაურში ვკითხულობთ: „ახლად თარგმნილი უსაკუთრესითა სიტყჳთა ეფრემის მიერ, ბრძანებითა ბერისა ანტონი ტბელისაჲთა.“ გამოქვეყნებულია არსენ იყალთოელის ანდერძი (თაყაიშვილი 1933:271—272), ასევე, იოანე მინჩხის რამდენიმე საგალობლის ფრანგული თარგმანი (Outtier 1981: 236 n.8; 1997:28-30; 2003: 127-132).

Geo. 6. თვენი

XII-XIII სს. 138ფ.; ეტრატი; 16,5×12 სმ.; ნუსხური; ყავისფერი მელანი; სათაურები და ხმათა მითითება სინგურით. თავბოლონაკლული; მუყაოს ყდა. შესულია 3-25 მარტის ჰიმნოგრაფიული კანონები.

Geo. 7. თვენი

XII-XIII სს. 61ფ.; ეტრატი; 24×19 სმ.; ნუსხური; ყავისფერი მელანი; სათაურები და ხმათა მითითება სინგურით, ხელნაწერი ადრევე რესტავრირებულია ქაღალდით, ნაკლულია. შესულია 7-31 ივლისის ჰიმნოგრაფიული კანონები. როგორც ჩანს, თვენი სხვა ხელნაწერის ნაწილია, რადგანაც იწყება XXIV რვეულით. მინაწერი მხედრულით 58v-ზე ვინმე იოვანეს მოხსენიებით.

Geo. 8. თვენი.

XIII ს. 102ფ.; მოყვითალო ეტრატი; 24×17,5 სმ.; ნუსხური; ყავისფერი მელანი; სათაურები და ხმათა აღნიშვნა სინგურით, მუყაოს ყდა. შესულია ივლისის თვის ჰიმნოგრაფიული კანონები. იწყება 1 ივლისს კოზმან და დამიანესადმი მიძღვნილი კანონით; 20 ივლისს დადებულია ბარლამ სიროკავკასიელისადმი მიძღვნილი ჰიმნები. უნდა აღინიშნოს, რომ ამ წმინდანის მოხსენიება ქართულ ჰიმნოგრაფიულ კრებულებში ჩნდება 19 ივლისს გიორგი ათონელის რედაქციის თვენებში. 20 ივლისს კი, ჩვენი ხელნაწერის მსგავსად, ბარლაამ სიროკავკასიელის ხსენება დადებულია გიორგი ათონელის რედაქციასთან ახლო მდგომ, მაგრამ მაინც განსხვავებულ XIII-XIV სს-თა თვენებში Sin. Geo.O.92, Jer.Geo.107, Jer.Geo. 111. სწორედ ამის საფუძველზე წინამდებარე გამოცემაში ხელნაწერის ე.თაყაიშვილისეული პირობითი დათარიღება (XII ს.) შეცვლილია XIII ს-ით. ხელნაწერი უკავშირდება ისტორიული სამხრეთ საქართველოს რეგიონს, ვინაიდან 96r-ზე მინაწერში მოიხსენიება დიასამიძეთა საგვარეულოს წარმომადგენელი: „ქ. ადიდე, ღმერთო, ბატონი კ˜ოზი დიასამისძე იოვანე.“

===== Geo.9. იოანე ოქროპირი ===== „მათეს თავის თარგმანება“. XIს. 178 ფ.; ეტრატი; 30×21,5სმ.; ნუსხური; ყავისფერი მელანი; სახარების რამდენიმე მუხლი სინგურით. თავ-ბოლონაკლული. ეფთვიმე ათონელის თარგმანი. ხელნაწერს ერთვის ლეოტი მროველ ეპისკოპოსის რამდენიმე ნუსხურით შესრულებული მინაწერი (11v, 34r, 65r, 115v) ისევე, როგორც Ivir.Geo. 28-ს. ეს კი გვაფიქრებინებს პარიზული და ათონური ნუსხების საერთო წარმომავლობას. 121v-ზე მხედრულით შესრულეული მინაწერი მოიხსენიებს ონოფრე თბილელ ყოფილს, ერისთავის ძეს. „იოვანე ოქროპირის მათეს თავის თარგმანების“ ეფთვიმე ათონელისეული ტაქსტი გამოცემულია (თარგმანება 1996,1998; 2014).

Geo.10. „ვეფხისტყაოსანი“

1702 წ. 304ფ.; ქაღალდი, ჭვირნიშნიანი; 30×20 სმ.; მხედრული; შავი მელანი; სათაურები და სტროფთა დასაწყისები წითლით; მუყაოს შავტყავგადაკრული ყდა. გადამწერი: ყაზანთ ბეჟოას ქალი (249v). ტექსტი უწიგნური ქართულითაა ნაწერი. გარდა „ვეფხისტყაოსნისა“, ხელნაწერში შესულია გადამწერის ლექსი (257v-258v), სამთვარიო (251r-256v), ქართულ ანბანი (296v), რამდენიმე დაავადების სამკურნალო რეცეპტი (297r-v); თათრული ლექსი ქართული ასოებით 298r-301v. (რუსთაველი 2013).

Geo.11. „ვეფხისტყაოსანი“

XIX ს. 172ფ.; ქაღალდი, ნაწილობრივ თეთრი, ნაწილობრივ ლურჯი ჭვირნიშნიანი; 35,5×21 სმ.; კალიგრაფიული მხედრული; შავი მელანი; სათაურები და სტროფთა დასაწყისები წითლით; ტყავგადაკრული მუყაოს ტვიფრული ყდა. ხელნაწერის გვერდები არეულია. ტექსტი უნდა იკითხებოდეს შემდეგი თანამიმდებრობით: 77v,81v, 81r, 80r, 79v, 79r, 78v, 78r. წიგნი კონვოლუტია: ნაწილობრივ 1712 წელს ნაბეჭდი ტექსტია, ნაწილობრივ – XIX ს-ში შევსე- ბული ხელნაწერი. იწყება 1712 წლის გამოცემასთან დაკავშირებული ცნობით. პოემის შემდგომ ლექსია: „აწ დაიბეჭდა სტამბაში პირველ ნაწერი ხელისა...(139v)“; ტექსტს 139v-172r-ზე ახლავს ვახტანგ VI-ის კომენტარები: “თარგმანი პირველი წიგნისა ამის „ვეფხისტყაოსნისა“ თქუმული ბატონიშვილის გამგებლის, პატრონის ვახტანგისა“. 172 r-ზე შემავსებლის მინაწერია: „სრულ იქმნა წიგნი ესე ყოვლის ზნებაებით სავსე, რომელ ივერიელთა შინა იპოვებიან. დემეტრე“(რუსთაველი 2013).

Geo.12.„ვეფხისტყაოსანი“.

1811 წ. 120 ფ.; 10 დაუწერელია; ქაღალდი; 24×19 სმ.; მხედრული; ყავისფერი მელანი; ყდა ლურჯი მუყაოსი. გადამწერი: იოანე იალღუზის ძე (120v). ტექსტი იწყება სათაურით: „ამა ამბავის პირუჱლი ამო და სასმენელად შუჱნიერი სწავლისათჳს მოშაირეთა ტარიელისა და ნესტან-დარეჯანს (!)ვეფხისტყაოსნად უწოდებენ.“ (2r) ხელნაწერს ერთვის ფრანგულენოვანი მინაწერი რაობასა და წიგნის ბიბლიოთეკაში შესვლასთან დაკავშირებით (1r).

Geo.13.„ომანიანი“ 1782 წ. 91ფ.; ქაღალდი; 19×16 სმ.; მხედრული; ტყავგადაკრული მუყაოს ყავისფერი ყვიფრული ყდა. 2r-ზე მინიატურაა სპარსული მხატვრობის სტილისა; გადამწერი: დავით რექტორი (91r-v). ტექსტი იწყება სათაურით: „ამბავი პირველი ტარიელის შვილის, სარიდანის ძის, ომაინ ჭაბულისა, რომელიცა ამბავი ესე ზედ მიებმის ამბავსა ვეფხისტყაოსნისა“(2r). 1r-ზე მინაწერი მხედრულით: „წიგნი ეკუთვნის ვიკტორ ლეტელიეს.“ ერთვის გადამწერის მხედრულით მინაწერი.

Geo.14. „მირიანი“ 1770 წ. 32ფ.; სქელი, ჭვირნიშნიანი ქაღალდი; 21,4×16 სმ.; მხედრული; შავი მელანი. სათაურები წითლით; მუყაოს ყდა. იწყება. ანონიმი ავტორის ლექსით. 2r-32r - „ქ. ამბავიპირველი, თავი და დასაწყისი ჩინეთის ჴელმწიფისა. ამა წიგნსა ეწოდების „მირიანი“. 32r-ზე გადამწერის მინაწერი: „ქ. აღიწერა მირისა და ნომიავთარის წიგნი სამსა დღესა და ამისთვის ვერარაჲ ჴელი იქმნა. თებერვალსა იზ. ქორონიკონს უნჱ “.ხელნაწერის შესახებ ცნობები გამოქვეყნებულია (Brosset1834: 240-241; 1837(a): VIII, №13).

Geo.15. „ბარამიანი“

1769წ. 01+83ფ.; ქაღალდი; 22×16სმ.; მხედრული; სათაურები წითლით; ტყავგადაკრული ხის ტვიფრული ყდა. წიგნი შეიცავს 1726 წელს ონანა მდივნის მიერ ასტრახანში გალექსილი „ბარამიანის“ 1769 წლის ასლს. ტექსტი შესწორებულია დავით რექტორის მიერ: „ქ. ეს „ბარამიანი“ მე, ალექსის ძემ, დავითმან გავმართ. ქ~კს უოვ. თიბათვის თ.“ კრებული იწყება საბა ყაფლანიშვილის (ორბელიანის), არჩილ მეფის, ვახტანგ მეექვსის, ანახანუმისა და სხვათა ლექსებით, მოსდევს ანჩინური ანბანური სამალავის ახსნა-განმარტება (Такаишвили 1902: 532-540,541-562).

Geo.16. „ალზირა, ანუ ამერიკელნი“

XIX ს. 35ფ.; ლურჯი ჭვირნიშნიანი ქაღალდი; 32x20,5სმ.; მხედრული; შავი მელანი; მუყაოს ყდა. ხელნაწერში გადაწერილია ვოლტერის თზხულების ქართული თარგმანი, შესრულებული ალექსანდრე ჭავჭავაძის მიერ. წიგნს საცავ ფურცელზე მხედრულით შესრულებული მინაწერი: „წიგნი ესე ეკუთვნის ვიკტორ ლანგლუას.“

Geo.17. სულხან-საბა ორბელიანი. „სიტყვის კონა“

1812წ. 322 ფ.; თეთრი და ლურჯი ჭვირნიშნიანი ქაღალდი; 20,5×16,5 სმ.; შავი მელანი. მხედრული, საზედაო ასოები ნუსხურით, სათაურები და საზედაო ასოები წითლით, შავტყავგადაკრული ხის ტვიფრული ყდა. გადამწერი: იოვანე იალღუზისძე (322r). სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონის სრული ვერსია. წიგნის შედგენილობა: „ანბანი პირველი სასწავლო ყრმათათვის“ (1r-4r), საქცევნი ხუთთა ხმოვანთა ასოთანი და სწავლა ასოთა და თავბოლოთანი“ (4v-5v), „ანდერძი ამის მუშაკისა“ (6r-8r)-ესაა სულხან-საბას ანდერძი, რომელშიც განმარტებულია ლექსიკონის შედგენის მიზნები; აქვეა ექფონეტიკურ და ლექსიკონის პირობით ნიშანთა განმარტება (7v-9r), „სიტყვის კონა ქართული, რომელ არს ლექსიკონი“ (10r-316r), „მოხელენი, რომელ არიან ქართულნი“ (316v-318v), მნათობთა განლაგების რუკა (32v), სულხან-საბას ლექსი (320r), კვიმატ დღეთა ნუსხა (323r). ციციშვილთა საგვარეულოს მოსახსენებლები 322v, 323v და ყდის საცავ ფურცელზე (Brosset 1834).

Geo.18. დავით ბაგრატიონი (ბატონიშვილი). ღრამატიკა

XVIII ს. 81ფ.+5 დაუწერელი, ლურჯი და თეთრი ქაღალდი; 19,5×15,5სმ.; მხედრული; შავი მელანი; სათაურები და საზედაო ასოები მთავრულით; ევროპული, წითელი ყდა. გადამწერი უცნობია. ხელნაწერი წარმოადგენს გიორგი XII-ის ძის, დავით ბატონიშვილის, მიერ შედგენილ გრამატიკის სახელმძღვანელოს. 3r-v-ზე გრამატიკას უძღვის დავით ბატონიშვილის მიძღვნა ერეკლე II-დმი: „მის უმაღლესობას, სრულიად ზემოისა საქართველოსა მეფესა, მეორესა ირაკლის, ყოვლად უმაღლესსა და უმოწყალესსა ჴელმწიფესსა...“ წიგნის დასაწყისში თეიმურაზ ბატონიშვილის ხელით შესრულებული მინაწერია: „ღრამატიკა ესე, ვინაითგან არს ქართულსა ენასა შინა ურჩეულესი, ამისთჳს უძღვნი დიდებულსა პარიჟის ყოვლად ბრძენსა მეაზიელესა საზოგადოებას, რათა წევრნი მისნი ქართულისა ენისა მეცნიერნი, სარგენლობდენ ამით. უუპატიცვემულესად, სრულიად ზემოჲსა საქართველოჲსა და სხვათა მეფის, გიორგი მეათცამეტის, ძე თეიურაზი.“ თეთრ დაუწერელ ქაღალდ უზის დამღა, თაყაიშვილი ათარიღებს 1888 წლით. წიგნი აკინძული უნდა იყოს თეიმურაზ ბატონიშვილის ინიციატივით რუსეთში. ხელნაწერი ნასწორებია დავით ბატონიშვილის მიერ. მისივე ხელით 81v რუსული სიტყვებია ქართული ასოებით. აქვეა ამავე მინაწერის ფრანგული თარგმანი, შესრუებული მ. ბროსეს მიერ და მისივე კომენტარი ფრანგულ ენაზე, რომ წიგნი ეკუთვნის პარიზის სააზიო საზოგადოებას, რომლისთვისაც გადაიწერა სპეციალურად.

Geo.19. ქართული ღრამატიკა

XIX ს. I ნახევარი. 23ფ.; ლურჯი ქაღალდი; 22×16,5 სმ.; შავი მელანი; მხედრული; სათაურები და საზედაო ასოები მთავრულით; მუყაოს ყდა.

Geo.20. ქართული ღრამატიკა

XIX ს. 52ფ.; ლურჯი ქაღალდი, 22,5×17 სმ.; მხედრული; შავი მელანი; სათაურები და საზედაო ასოები მხედრულითა და ნუსხურით; ყდა მუყაოსი. სასწავლო წიგნი. 52r-ზე ახლავს მინაწერი: „საყუარელო შვილო ჩემო, შენ აწ იცი ბუნებითისა ენისა შენისა ასონი. შენ უწყი ჩათვლად ლექსთა. აწ ჯერ არს შენდა სწავლად მტკიცედ ჰკითხულობად (!) და ახწერად (!). იხმე მისდამო ყოველი ზრუვა შენი, რათამცა დასასრულ იყო შენ კეთილი ქრისტიანე კეთილი მოქალაქე და ჰსცხო წესო შენი საქმითა.“ 52v-ზე რუსულ-ქართული გაურკვეველი ნაწერია. ერთგან იკითხება: „ესე ღრამატიკა ალექსანდრე...“

Geo.21. ანტონ კათალიკოსი. ლოღიკა

XIX ს. 04ფ+79გვ.; ლურჯი და თეთრი ქაღალდი; 22,5×17 სმ.; ლურჯი ქაღალდის ჭვირნიშანი თარიღდება 1807 წლით, რუსული წარმოებისაა. მხედრული, ყავისფერი მელანი; სათაურები ნუსხურით. წიგნი შედგება 7 თავისგან; უძღვის წინასიტყვაობა, ერთვის შენიშვნა, რომ ეს პირველი ნაწილია ანტონის ლოგიკისა.

Geo.22. თეიმურაზ ბატონიშვილი (ბაგრატიონი)

„შემოკლებული მოთხრობა გამოკრებილი უწინარეს მდგომისა ამის საუკუნისა აღმწერელთაგან საქართველოისა ისტორიათა“. 1832წ. 182გვ.; ქაღალდი რუსული ჭვირნიშნით; 19,5×11,5სმ.; მხედრული; ყავისფერი მელანი; საზედაო ასოები და რვეულებრივი აღისხვა წითლით. წითელი ევროპული ყდა, ოქროსფრად მოვარაყებული. ხელნაწერი თეიმურაზ ბატონიშვილის ავტოგრაფია. გადაწერილია სანქტ-პეტერბურგში სპეციალურად სააზიო საზოგადოებისთვის, რასაც ადასტურებს თავად შემდგენლის განმარტებითი ტექსტი: „ფრანციელთა ერთა დიდებულისა ქალაქს პარიჟს ყოვლად ბრძნისა მეაზიელისა მიმართ საზოგადოებისა მიიძღვანების შრომილი ესე... აღიწერა ქალაქსა შინა სანკტ-პეტერბურღს“. (2-6გვ.). „ქართლის ცხოვრების“ ეს შემოკლებული ვარიანტი შედგენილია თეიმურაზ ბატონიშვილის მიერ.

Geo.23. ქართული ქრონიკა

XIX ს. 96ფ+5 დაუწერელი; ჭვირნიშნიანი ქაღალდი; 22×16 სმ.; მხედრული; ტყავგადაკრული მუყაოს ტვიფრული ყდა. ქრონიკა იწყება 1373 წლიდან და მთავრდება 1708 წლით. შემდგენელი და გადამწერი უცნობია. ტექსტი ფრანგულ ენაზე თარგმნილი და გამოცემულია (Brosset 1830).

Geo.24. ვახტანგ VI. სამართლის წიგნი

1823 წ. 282ფ.; ქაღალდი; 34×21 სმ.; მხედრული; შავი მელანი; სათაურები და დასაწყისები წითლით. მუყაოს შავტყავგადაკრული ყდა, ტვიფრული; გადამწერი ნიკოლოზ მოსეს ძე ბაღინოვი (282r). ხელნაწერი წარმოადგენს ვახტანგ VI სამართლის წიგნის სრულ ვერსიას. 1825 წელს თბილისში იგი შეუძენია საფრანგეთის კონსულ ჟ.ფ. გამბას, რისი დამადასტურებელი მინაწერიც ახლავს ხელნაწერს ყდის საცავ ფურცელზე. ამავე ხელნაწერის მ.ფ. ბროსეს მიერ 1828-1829 წლებში გადაწერილი პირი ინახება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფონდში - ხეც S-3682. მ. ბროსესეული ნუსხა აღწერილი გამოცემული აქვს ე. თაყიშვილს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხელნაწერთა ფონდის აღწერილობაში (Такаишвили 1906:614-671).

Geo.25.სოლომონ I-ის წერილი პაპ პი (პიუს) VI-დმი

1779 წ. 3ფ+1 კონვერტი; ჭვირნიშნიანი ქაღალდი; სხვადასვა ზომისა: Iფ. 27×19,5 სმ., II-IIIფფ. 22,5×18,2 სმ.; მხედრული; შავი მელანი. ფ.1 იტალიური თარგმანი; ფ.3 სოლომონ I-ის ბეჭედი. წერილი სოლომონ I-ის ავტოგრაფია. დაწერილია 1778 წელს, ახლავს იტალიური თარგმანი. წერილი წარმოადგენს თხოვნას პაპისადმი, ურჯულოთაგან შევიწროვებულ ქვეყანას გამოუგზავნოს 2 ექიმი და წამლები. ერთეულს არ უზის პაპის სამდივნოს ბეჭედი. როგორც ჩანს, იგი თავიდანვე შესულია საფრანგეთის საიმპერატორო, ამჟამად ნაციონალური ბიბლიოთეკის ფონდში როგორც აღმოსავლური წერის ნიმუში. ტექსტი გამოცემულია მ. ბროსესა (Brosset 1833) და ე. თაყაიშვილის მიერ (თაყაიშვილი 1933: 56-57).

Geo.26. სამდივნო წიგნი

XVIII ს. 70ფ.; ქაღალდი; 30×22 სმ.; მხედრული; 2 ხელი: 1r-44r და 45r-69r. ყავისფერი ტყავის ტვიფრული ყდა, ხის დაფების გარეშე. გადამწერი უცნობია. ხელნაწერში შესულია: 1638-1730 წწ. შორის დათარიღებული 111 წერილის ასლი; წერილები ეკუთვნით: ვახტანგ VI-ს, მისი ოჯახის წევრებს, იმერეთის მეფე ალექსანდრე III-ს როსტომ მეფისადმი, მარიამ დედოფალს, ხონთქარ მურად IV-სა სეფე შაჰისადმი და სხვ.; 70r-v-ზე ქართული ფულის სათვალავია წარმოდგენილი; ე. თაყაიშვილის შენიშვნით, აქ წარმოდგენილი ფულის ანგარიში ეთანხმება სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონის, ვახტანგ მეფის სამართლის წიგნისა და ევროპელ მოგზაურთა, ტურნეფორისა და გვილდენშტეტის, ცნობებს (თაყაიშვილი 1933:58-60). აღნიშნული პრობლება განხილული აქვს ივ. ჯავახიშვილს ნუმიზმატიკა-მეტროლოგიაში (ჯავახიშვილი 1999: 562-568). 01ფ-ზე ხელნაწერს უძღვის მ. ბროსეს წინასიტყვაობა (ფრანგულ ენაზე), რომელიც განკუთვნილია საიმპერატორო მეცნიერებათა აკადემიის ყრილობისადმი. წინასიტყვაობაში ავტორი აცნობებს აკადემიას ხელნაწერის რაობასა და მნიშვნელობას.

Geo.27. იოვანე ქართველოვი (ქართველიშვი- ლი). ქართული ღრამატიკა

XIX ს. 67ფ.; ლურჯი ქაღალდი, სხვადასხვა ზომისა: 20×15 ან 21×12 სმ.; ამჟამად დაკრულია თეთრ ფურცლებზე; მხედრული; სათაურები მთავრულით; ყდა მუყაოსი. წიგნის სრული სათაურია: „ქართული ღრამატიკა შეთხზული ტფილისის საკეთილშობილო სასწავლებლის მოძღურის, პროტოპოპის იოანე ქართუელოვისგან სახმარად მასვე სასწავლებელსა, 1809 წელსა, თფილისს.“ 3r-ზე ავტორის წინათქმაა, რომელშიც განმარტებულია გრამატიკის შედგენის პრინციპები და მიზნები. გამოქვეყნებულია ე. თაყაიშვილის მიერ (თაყაიშვილი 1933:60-61). ტექსტის ნაწილი რუსულია, წიგნში შედის რუსულ-ქართული სასაუბროები, მრგვლოვანი, ნუსხური ანბანი, პარადიგმები. ეს უნდა იყოს საგაკვეთილო ჩანაწერები.

Geo.28. ოთხთავი

XII ს. 5+247ფ.; ეტრატი; 24×18 სმ.; ნუსხური; შავი მელანი; სათაურები და საზედაო ასოები მთავრულით, სინგურით; ზოგი საზედაო შემოხაზულია ოქრომელნით. 8 მინიატურა: კამარები (2r-3v), მახარებელთა გამოსახულებები: მათე (6v), მარკოზ (71v) ლუკა (110v), იოვანე (179v); მახარებელთა გამოსახულებები შესრულებულია verso-ზე, recto დაუწერელია; ყდა მე-19-მე-20სს. არშიები ჩამოჭრილია აკინძვის დროს. მომგებლები: ბასილი და დიმიტრი; გადამწერი: მალდავითის ძე(224v); ყდის განმაახლებელი ურბნელი ეპისკოპოსი ვლასე (247v), მონაზონი ანდრია. ოთხთავი გადაწერილია საქართველოში და შეწირულია იერუსალიმის ჯვრის მონასტრისთვის, 6r-v-ზე მომგებელთა ანდერძია მხედრულით შესრულებული, რომლის პირველი ნაწილი ამოფხეკილია. ხელის მიხედვით ე. თაყაიშვილი ხელნაწერს ათარიღებს XIII ს-ით. ხელნაწერის 246v-ზე დართული შეჰანელ მოღვაწეთა მოსახსენებლის საფუძველზე ე. მეტრეველი ხელნაწერს XII ს.-ს მიაკუთვნებს (მეტრეველი 2007: 277-281). ოთხთავს ერთვის ტამპლიერთა ორდენის წევრთა მოსახსენებლები. ოთხთავის ტექსტი არაა ნაკვლევი.

Geo.30. ხანმეტი ლექციონარი. იადგარი

ფრაგმენტები. VII, X სს. 5ფ.; ეტრატი, 2 სხვადასხვა ფრაგმენტი: I. 1r-v, 16×14,5 სმ.; მსხვილი მთავრული; ყავისფერი მელანი; II. 2r-5r, 15,4×13,5 სმ.; სირიულ-ქართული პალიმფსესტი; ნუსხური; ყავისფერი მელანი; სათაურები და ხმათა მითითებები სინგურით; გადამწერი იოვანე-ზოსიმე. ორივე ფრაგმენტი აკინძულია ერთად. ჩასმულია მუყაოს ყდაში. ხელნაწერის პირველი ფურცელი წარმოადგენს ხანმეტი ლექციონარის ფრაგმენტს, რომლის ძირითადი ნაწილი დაცულია ავსტრიაში Graz. Geo. 2058/1. ლექციონარის პარიზულ ფრაგმენტებზე გადაწერილია ახალი აღთქმის აღდგომის კვირის საკითხავები. პარიზული ფრაგმენტის იდენტიფიკაცია ეკუთვნის ფრანგ ქართველოლოგ ბერნარ უტიეს, რომელმაც 1970 წელს დაადგინა მისი რაობა (Outtier 1972:399-402; უტიე 1973: 173-175). ხანმეტი ლექციონარის ტექსტი შესწავლილი და გამოცემულია (შანიძე 1944). მეორე ფრაგმენტი, სირიულ-ქართული პალიმფსესტი, როგორც ჩანს, დიდი ფურცლის ნაწილია. წარმოადგენს იოვანე-ზოსიმეს გადაწერილი იადგარის ნაწილს, კერძოდ, ივნისი 12-ის მასალას-წმ. ბარნაბა მოციქულის დღესასწაულის საკითხავს. ტექსტი იდენტიფიცირებულია ლ. ხევსურიანის მიერ (ხევსურიანი 1978:88-122; აღწერილობა 1987:177 №55. შენ.), ხოლო პალიმფსესტის ქვედა ფენის სირიული ტექსტი – ბ. უტიეს მიერ (Outtier 1984: 73-79).

Geo.31.ლიტურგიკული კრებული

ფრაგმენტი. X ს. 1ფ.; ეტრატი, მოყვითალო, რვეულის გაშლილი ფურცელი, 16×22 სმ.; შემოჭრილია, თავდაპირველი ზომა: 17,5×22 სმ.; მელანი ყავისფერი, მთავრული მსხვილი, მითითებულია რვეულებრივი სათვალავი იგ (13). ფრაგმენტი სომხური ხელნაწერის ყდის საცავ ფურცლად იყო გამოყენებული. გამოვლენილია ბ. უტიეს მიერ. ტექსტი, სავარაუდოდ, ლიტურგიკული შინაარსისაა, პალეოგრაფიული ნიშნებით შესაძლოა დათარიღ- დეს Xს-ით. მცირე მოცულობის ფრაგმენტია, რომლის იდენტიფიცირება ჯერჯერობით ვერ ხერხდება (ჩხიკვაძე 2009; 2010 (a):411-420).

გარდა ქართული კოლექციისა, საფრანგეთის ნაციონალური ბიბლიოთეკის ფონდებში, როგორც გაირკვა, დაცულია ქართული ხელნაწერი წიგნის კიდევ 4 ფურცელი, რომლებიც გამოქვეყნებულია ციფრულ ბიბლიოთეკაში Gallica. ქართული ფურცლები 1724 წლით დათარიღებული, ოსმალურით გადაწერილი სირიული ოთხთავის Arabe 53 საცავ ფურცლებადაა გამოყენებული. (იხ.https://gallica.bnf.fr/accueil/en/content/accueil-en?mode=desktop).

Arabe 53. ლექციონარი

IX-X ს. 4 ფ. ეტრატი; მთავრული; ამჟამად ფურცლის ზომა შეესაბამება სირიული ოთხთავის ფურცლის ზომას:15,5x9,5 სმ. ჩაკინძულია თავსა (ფფ.1v-3r) და ბოლოში, თავად სირიული ოთხთავის დასასრულიდან 7 ცარიელი ფურცლის შემდგომ, ფფ. 228v, 230r1; ბოლო 2 ფრაგმენტი არ არის შეტანილი ხელნაწერზე აღნიშნულ პაგინაციაში. ფორზაცად გამოყენებული ეტრატის ქართული ფურცლები დაკრულია ქაღალდზე, ამიტომაც იკითხება მხოლოდ 1 გვერდი - recto ან verso. ფრაგმენტები ჩაკერებულია გვერდების შენაცვლებით, ანუ recto versos-ს ნაცვლად და პირუკუ. X ს-ის მთავრულით 2 სვეტად გადაწერილი დიდი მოცულობის ეტრატი მოჭრილია სირიული ხელნაწერის ფურცლის ზომაზე, თითო ფრაგმენტი შეიცავს ქართული ხელნაწერის თითო სვეტს. ოთხივე ფრაგმენტი ნაწერია ერთი ხელით, იკითხება 21-22 სტრიქონი. I ფრაგმენტი. 1v რეალურად წარმოადგენს ქართული ფურცლის rb სვეტს; 21 სტრ. ზედა მარცხენა კიდე დაზიანებულია, არშიაზე სირიული და ლათინური ანბანით შესრულებული მინაწერებია, ლათინური ტექტი გადასულია. ფურცელზე გადაწერილია პავლეს ეპისტოლეები _ ეფესელთა მიმართ 3,14- 20: „მოვიდრეკ მუჴლთა/ [ჩემთა] მამისა მიმართ - იგი შემძლებელ არს უფროჲს ყოვლისა ყოფად უმეტესად“. II ფრაგმენტი: 3r, რეალურად ქართული ხელნაწერის va სვეტი; 21 სტრ.; ზედა მარცხენა კუთხე დაზიანებულია; მელანი ალაგ-ალაგ გაუფერულებულია; დაბადება 45, 1-6: „რაჟამს გამოეცხადებოდა/...ძმათა თჳსთა - რამეთუ ესე მეორეღა წელი არს სიყმ[ი]/ ლი“. ტექსტი მიჰყვება ქართული ბიბლიის ოშკურ რედაქციას. III ფრაგმენტი: 228v; ქართული ხელნაწერის rb სვეტი; 22 სტრ. 1-ლი არ იკითხება, წაჭრილია; დაბადება 45,9-13: „[იწრ]აფეთ და აღვედით მამისა ჩემ/ისა დიდებაჲ ჩემი ეგჳპტეს შინა რაოდენცა იხილეთ და ადრ...ალთ.“ IV ფრაგმენტი: 230r; ქართული ხელნაწერის va, 22 სტრ., 1-ლი არ იკითხება, წაჭრილია. ზედა მარცხენა კუთხე დაზიანებული, დალაქავებული; დანიელი 7,22-27: „იგი დღეთაჲ და საშჯელი წმიდათა/ მაღლისათა - ვიდრე ჟამადმდჱ ერთად და ჟამთა და/ კლ....მამისა საშჯელი.“

ქართული ფრაგმენტების დათარიღებისას, გარდა ტექსტის რედაქციული თავისებურებებისა და კრებულის რაობისა, გათვალისწინებულია პალეოგრაფიული თავისებურებებიც, რომლებიც შეესაბამება IX-X სს-ის ქართული ხელნაწერების პალეოგრაფიას. ყურადღებოა, რომ სირიული ოთხთავის ეს ხელნაწერი შეძენილია სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში, მდ.ტიგროსის სანაპიროზე, ამიდში (დღევანდელი დიარბაქირი). თუკი ვივარაუდებთ, რომ ქართული ფრაგმენტებიც სირიული ხელნაწერის თურქეთიდან გამოტანის დროსვე იყო მასში ჩაკერებული ან მასთან ერთად შეძენილი, მაშინ მათი რედაქციული და პალიოგრაფიული თავისებურებების საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქმე გვაქვს ტაოკლარჯული წარმომავლობის ქართული ხელნაწე- რის ფურცლებთან.


წყარო

ქართული ხელნაწერი წიგნი საზღვარგარეთ

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები