ფავნისის წმინდა გიორგის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფავნისის წმინდა გიორგის ეკლესია - ეკლესია მდებარეობს საქართველოში,შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ გარიყულას მაღალ ბორცვზე, გარეუბნის ძველ სასაფლაოზე. თარიღდება IX-X საუკუნეებით.

აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (12,4 x 10,8 მ), ნაგებია ქვიშაქვითა და ნატეხი ქვით, გამოყენებულია ტუფიც. შესასვლელი სამხრეთ კედელშია. აფსიდის ღერძზე ერთი სარკმელია, გვერდებზე ორი სწორკუთხა ნიში. საკურთხეველში შემორჩენილია კანკელის ფრაგმენტი. სამხრეთ კედელში ორი სარკმელია. დარბაზის გრძივი კედლები დანაწევრებულია პილასტრებით, რომლებზეც ეყრდნობა საბჯენი თაღები. პილასტრებს მარტივი პროფილის თაროსებრი კაპიტელები აქვთ.

ტაძარში კედლები შელესილია, გამოირჩევა მოხატულობის ორი ფენა. ქვედა ფენა ეკლესიის თანადროულია, ამ ფენიდან შემორჩენილია ფერადი ლაქები ჩრდილოეთი კედლის პირველ რეგისტრში და შარავანდედიანი ხელგაშლილი მამაკაცის ფიგურა სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთზე. მოხატულობის მეორე ფენა XII საუკუნის II ნახევარს მიეკუთვნება. საკურთხევლის კონქში გამოსახულია ვედრება. შუა რეგისტრში თორმეტი მოციქულის წელზედა გამოსახულებაა. ქვემოთ – ათი ეკლესიის მამისა და ორი დიაკვნის ფიგურა, საკურთხევლის სარკმლის თავზე მედალიონში ჩასმული ჯვარია გამოსახული, ქვემოთ – ხატი მანდილისაი, დარბაზის მოხატულობაც სამ რეგისტრად არის დაყოფილი: ერთი კამარაშია, ორი – კედლებზე. სახარების ციკლიდან, ძირითადად ზედა ორ რეგისტრში, შემორჩენილია: ჩრდილოეთ კედელზე – ხარება, ესაია, იერუსალიმს შესვლა, დასავლეთ კედელზე – მირქმა, დედანი მაცხოვრის საფლავთან, ჯოჯოხეთის წარტყვევნა. ამ ციკლის უკანასკნელი სცენა – ღვთისმშობლის მიძინება წარმოდგენილია ქვედა რეგისტრში, სამხრეთი კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთზე. ეკლესიის მფარველის, წმინდა გიორგის ცხოვრების ამსახველი ხუთივე სცენა მოხატულობის ქვედა რეგისტრშია: სამხრეთ კედლის დასავლეთ მხარეს – წმინდისა გიორგის ურმის თვალს შესვლა და წმინდისა გიორგისი ფოცხით ხვეტა, აქვეა სარკინოზის სასწაული, დასავლეთ კედელზე – ყრმის ტყვეობიდან დახსნის სასწაული. ამ კედლის ჩრდილოეთით დარჩენილ ვიწრო მონაკვეთზე გამოსახულია მეომრები წმინდა დემეტრე და წმინდა თევდორე. შემდეგი სცენა ლასია ქალაქის მოქცევა. ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილში – საკურთხეველთან; ამავე კედლის დასავლეთ მონაკვეთზე, შესასვლელი კარის პირდაპირ, საერო პირთა პორტრეტებია, კარის ლუნეტში წმინდა ივლიტას და წმინდა კვირიკეს წელზედა გამოსახულებებია. აფსიდისა და ეკლესიის კედლების მოხატულობის ქვემოთ, იატაკიდან 1,5 მ სიმაღლეზე, ფართო ორნამენტული ზოლია.

ფავნისის ეკლესიის მოხატულობას არ ახასიათებს მკაცრი არქიტექტონიკური აგება: რამდენადმე შესუსტებულია რეგისტრის ხაზის მაორგანიზებელი მნიშვნელობა, მას ჰკვეთენ ფიგურები, იგრძნობა სცენათა შერწყმის ტენდენცია, მხატვრობისათვის დამახასიათებელია ფორმათა მოქნილი ნახატი და დახვეწილი ფერადოვანი გამა (ოქროსფერი ოქრა, ვარდისფერი, მკვეთრი ცისფერი, იისფერი, წითელი, მოწითალო-ყავისფერი).

აღმოსავლეთ ფასადზე, სარკმლის ორივე მხარეს, წრეში ჩასმულია ორნამენტიანი ჯვრები. სარკმლის ზემოთ, ფრონტონის სიბრტყეში მოთავსებულ დიდი ზომის ქვიშაქვის სწორკუთხა ფილაზე გამოსახულია წრე და გველი. ფასადებზე კარ-სარკმლის საპირედ ქვიშაქვის გათლილი ქვებია გამოყენებული. ფასადების ლავგარდანი შედგენილია თაროსა და ლილვისაგან. ეკლესია გადახურულია კრამიტის ორფერდა სახურავით. ჩრდილოეთ კედელზე გასამაგრებლად ქვის საკმაოდ განიერი კედელია მიშენებული. სამხრეთ ფასადზე, მთელ სიგრძეზე მიშენებულია დაბალი, ცილინდრული კამარით გადახურული ეგვტერი (ძლიერ დაზიანებულია), რომელსაც ერთი სარკმელი ჰქონდა. აქ შემორჩენილი მოხატულობის ნაშთები მიეკუთვნება XIII ს-ის II ნახევარს.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები