ფალვარა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფალვარა (ოს. Фæлвæра) – წვრილფეხა საქონლის, უპირატესად ცხვრების მფარველი ღვთაება, ოსური პანთეონის ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა, რომლის სახელის წარმოთქმა, როგორც წესი, ქალებს ეკრძალებოდათ და მას „ცხვრების ღვთაებას“ (фысты дзуар) ან „წვრილფეხა საქონლის ღვთაებას“ (фысфосы бардуаг) უწოდებდნენ. ოსების წარმოდგენით, იგი კარიუხოხის მთაზე ცხოვრობს. ნართული ეპოსის მიხედვით, ფალვარა ნართების კეთილისმყოფელი მეგობარია, უზრუნველყოფს მათი საქონლის სიმრავლეს (ფალვარა ნართებს ჩუქნის არყის ხის ჯადოსნურ წკნელს, რომლის წყალობით მათი ბოსელი საქონლით მუდამ სავსეა). მას ნართები ხშირად „გულუხვ ფალვარას“ უწოდებენ. ზოგიერთი გადმოცემით, ფალვარას ჰყავს ვაჟი – ძუძუმარი (ბუძუმარი), რომელიც მზის ასულის – აზაუხანის ქმარია. ოსური მითოლოგიით, ფალვარა ყველაზე უწყინარი, კეთილი და გულმოწყალე ღვთაებაა (კარგ ადამიანზე ხშირად იტყვიან: „ეს ადამიანი ფალვარას ჰგავს“). ღვთაების კეთილშობილებაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ იგი ცხოველურ მსხვერპლს არ ითხოვს (იშვიათად სწირავენ ბატკანს). მის სახელობაზე ამზადებენ უსისხლო შესაწირს, ე. წ. „ძიქას“ (дзыкка – ახალი ყველისა და ფქვილისაგან მომზადებული ფაფისებრი კერძი). ფალვარას არ ჰყავს მტერი; თვით მგელთა უფალთან – თუთირთან არცთუ ცუდი დამოკიდებულება აქვს მას შემდეგაც კი, რაც ამ უკანასკნელმა ფალვარას მარცხენა თვალი დაუზიანა (სწორედ მარცხენა მხრიდან ეპარებიან მგლები ცხვრის ფარას). თუმცა უნდა ითქვას, რომ უწყინარი ფალვარას გაღიზიანება დაუშვებელია, რადგანაც განრისხებულმა შესაძლოა, საქონელს უმძიმესი დაავადება – ყომრინი შეჰყაროს.

ფალვარას სახელს უკავშირდება ოსური აგრარული კალენდრის ორი დღესასწაული. პირველი აღინიშნებოდა აღდგომის შემდგომ სამშაბათს (ამთავრებდა საერთოოსურ დღეობათა საგაზაფხულო ციკლს). დღეობამდე იკრძალებოდა ცეცხლთან ახლოს რძისა და რძის პროდუქტების მიდგმა. სადღეობოდ ამზადებდნენ „ძიქას“, ზოგან სწირავდნენ პირველშობილ კრავს, რომელსაც „საქონლის თავი“ ერქვა. იმართებოდა როგორც საოჯახო, ისე საერთო-სასოფლო ლოცვა-ნადიმი (ქუვდი), რომლის დროსაც უზენაესისა და ფალვარას სახელზე აღვლენილ საწესო მიმართვაში საქონლის გამრავლების სურვილს გამოხატავდნენ. ფალვარას საგაზაფხულო დღეობას მოუთმენლად ელოდნენ მწყემსები, რომლებსაც საამდღისოდ ყველა ოჯახი ყველსა და ყველიან ღვეზელებს უძღვნიდა. მწყემსები ცალკე აწყობდნენ ქუვდს, რომელსაც გარეშე პირი ვერ დაესწრებოდა. ფალვარას საშემოდგომო დღეობას ოსები აგვისტო-სექტემბერში აღნიშნავდნენ. ფალვარასთან დაკავშირებული წესები ახალ წელსაც სრულდებოდა. საახალწლოდ აცხობდნენ გველის ფორმის ღვეზელს, რომელიც ბოსელში მიჰქონდათ და მას საქონლის დაცვა-გამრავლებას შესთხოვდნენ. ფალვარას, როგორც ნაყოფიერების ღვთაებას, ზოგჯერ ხორი ფალვარას („პური ფალვარს“) უწოდებდნენ და საქონლის გამრავლებასთან ერთად პურეულის მოცემასაც ევედრებოდნენ.

ტერმინ Фæлвæра-ს ეტიმოლოგიის რამდენიმე ცდა არსებობს. მათგან მეცნიერთა დიდი ნაწილის მიერ გაზიარებულია თვალსაზრისი, რომლის თანახმად ოსური ტერმინი ქრისტიანული წმინდანების – ფლორასა და ლავრას სახელების შეერთებით არის მიღებული. მართალია, ლინგვისტური აზრით ეს ფაქტი არგუმენტირებულია, მაგრამ რელიგიის სპეციალისტები მას მაინც ეჭვქვეშ აყენებენ.


ლიტერატურა

  • Гатиев Б. Суеверия и предрассудки у осетин // ССКГ. IX. ТФ., 1876;
  • Абаев В. И. Избранные работы. Т. I. Религия. Фольклор. Литература. Владикавказ, 1990;
  • Калоев Б. А. Фалвара // Мифы народов мира. Т. II. М., 1982;
  • Кочиев К. К. Из истории скотоводческих культов осетин. Фалвара // ИЮОНИИ. 1985. Вып. XXIX;
  • Уарзиати В. Праздничный мир осетин. Владикавказ, 1995;
  • Чибиров Л. А. Осетинские народные праздники. Владикавказ, 1998;
  • Уарзиати В. С., Чибиров Л. А. Календарная и праздничная обрядность // Осетины. Серия «Народы и Культуры». Ответственные редакторы З. Б. Цаллагова, Л. А. Чибиров. М., 2012;
  • Дарчиев А. В. Эволюция функций божеств осетинского пантеона Фалвара и мыкалгабыра // Исторические, философские, политические и юридические науки, культурология и искусствоведение. Вопросы теории и практики. № 12 (38). Тамбов, 2013.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები