ფარსმანდუკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფარსმანდუკი

ფარსმანდუკი - Achillea millefoliumю ფარსმანდუკს ქართლ-კახეთში, ფშავში მელაკუდას, მელისკუდას ექაიან: ქიზიყში - თავყვითელას; ხევსურეთში - ციცასკუდას; მთიულეთში- მელგუნდას, თუშეთში - წყლულის ბალახს; მესხეთში, ჯავახეთმი, აჭარაში - ყვავისკუდას, ყვავკუდას, ყვაკუდას, ჩიჩქვის ბალახს; რაჭაში, იმერეთში - კრავიკუდას, ქორიკუდას; სამეგრელოში - ძურწას; ლეჩხუმში - თაგვიკუდას; საინგილოში - წყილი-ბალახს; სვანეთში - მეუღმურილს, მოხევეები კი მკერვალს, საჭრელას უწოდებენ.

ფარსმანდუკი მიეკუთვნება რთულყვავილოვანთა ოჯახს. ფარსმანდუკი მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, მხოხავი ფესურით, ღერო დაუტოტველია, 20-40 სმ სიმაღლის, მცირე ფოთლიანი, შებუსული, მონაცრისფრო-მომწვანო; კენწრულ ნაწილში თავდება რთული ყვავილედით - ფარით, რომლის წვრილ ტოტებზე აქვს პატარა ყვავილედები, კალათები, რომლებიც მოგრძო-კვერცხისებრია, სიგრძით 3-4 მმ, 5-7 კიდური თეთრი ყვავილით, რომლის შუაშიც მოთავსებულია მილისებრი თეთრი ყვავილები. კალათას საფარველი წაგრძელებული, მომწვანო, სიფრიფანა ფოთლებისგანაა შედგენილი. ყვავილობს ივნისიდან-ოქტომბრამდე. ფარსმანდუკის ფოთოლი და ყვავილი შეიცავს ეთერზეთებს, რომლის რაოდენობაც 0,8 % მდეა, მასში არის ცინეოლი, კარლოფილლენი და სხვ. ფარსმანდუკი სურნელოვანი მცენარეა.

საქართველოში გავრცელებულია თითქმის ყველგან, საძოვრებზე, მინდვრებში, ბუჩქნარებში, ტყეში, მედიცინაში გამოყენებულია სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ. მცენარეთა დაცვაში გამოიყენება ნაყენი და ნახარში, რისთვისაც ყვავილობისას აგროვებენ ფარსმანდუკის მიწისზედა ნაწილებს. ნაყენის დასამზადებლად იღებენ კარგად გამომშრალ დაქუცმაცებულ ნედლეულს 800 გ რაოდენობით, 30-40 წუთის განმავლობაში მოთუთქავენ მდუღარე წყალში, შემდეგ უმატებენ 10 ლიტრ წყალს და აჩერებენ 36 48 საათს. გამოწურავენ და ათავსებენ კარგად თავდახურულ ჭურჭელში. ნახარშის დასამზადებლად იღებენ გამომშრალ ნედლეულისა და წყალს. იგივე შეფარდებით, რაც გათვალისწინებულია ნაყენის დამზადებისას, შემდეგ ადუღებენ 30 წუთის განმავლობაში, სწრაფად გამოწურავენ და ცხელს ათავსებენ ჰერმეტულად თავდახურულ ჭურჭელში. ორივე შემთხვევაში გამოყენების წინ უმატებენ 20 გ საპონს. ნაყენი და ნახარში გამოიყენება ბუგრების, ღილველას, აბლაბუდიანი ტკიპას წინააღმდეგ.

სამკურნალოდ გამოიყენება მიწისზედა ყლორტები, შეგროვილი ყვავილობის პერიოდში, შეიცავს ფლავონოიდებს, ალკალოიდ ახილეინს, კუმარინებს, აკონიტის მჟავას, მწარე და მთრიმლავ ნივთიერებებს, ფისებს, ორგანულ მჟავებს, ინულინს, ასპარაგინს, მინერალურ მარილებს, ასკორბინის მჟავას, ფილოქინონს, კაროტინს, ქოლინს. თესლებში აღინიშნება 21 %¬მდე ცხიმზეთები. ფოთლებსა და ყვავილედებში აღინიშნება მოყვითალო-მწვანე ან ლურჯი შეფერილობის ეთრზეთები (0,85%), რომლის შემადგენლობაშია მონოტერპენოიდები (ცინეოლი, ქაფური, ტუიოლი), სესკვიტერპენოიდები – ახილინი, აცეტილბალხინოლიდი, კარიოფილენი, აზულენი, რთული ეთერები, ბორნეოლი, პინენი, ლიმონენი, ტუიონი, ბორნილაცეტატი. ეთერზეთების გარდა შეიცავს სალიცინის, ჭიანჭველას, ძმრისა და იზოვალერიანის მჟავებს, KC ვიტამინს. მცენარე ხასიათდება ანთების საწინააღმდეგო, ბაქტერიციდული, ანტიალერგიული და ჭრილობების შემახორცებელი მოქმედებით.

ფართოდ გამოიყენება როგორც სისხლდენის შემაჩერებელი და დამამშვიდებელი საშუალება შინაგანი და გარეგანი სისხლდენებისას (ცხვირიდან, საშვილოსნოდან, ფილტვებიდან, კუჭ-ნაწლავიდან, ჰემოროიდალური და სხვა), კოლიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი და სხვადასხვა სახის დაავადებებისას, შარდსადინარი გზების ანთებითი პროცესების დროს; არის შემკვრელი საშუალება კუჭის აშლილობისას. იხმარება ნაყენების, ნახარშებისა და ექსტრაქტების სახით. შედის მადის გასაუმჯობესებელ, კუჭისა და სასაქმებელ ნაკრებებში.

ხალხურ მედიცინაში ფარსმანდუკს იყენებენ თეთრად შლის, უძილობის, ათეროსკლეროზის, მალარიის, შარდკენჭოვანი და ღვიძლის ზოგიერთი დაავადების, შარდის შეუკავებლობის, დიათეზის, ნევრასტენიის, ისტერიის, გასტრიტის, კუჭ-ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების დროს; ჭრილობების შესახორცებლად და სისხლდენის შესაჩერებლად უხვი მენსტრუაციის შემთხვევაში.

ნედლი წვენი (შინაგანად) – ლაქტოგენური საშუალებაა, აფერხებს თირკმელებსა და ნაღვლის ბუშტში კენჭების წარმოქმნას; გამოიყენება ანემიის, სისხლდენის შესაჩერებლად სხვადასხვა სახის სისხლდენებისას, აწესრიგებს მენსტრუაციას და ხსნის ტკივილებს, შველის გულის ფრიალს, სისხლის მოზღვავებას და თავბრუსხვევას კლიმაქსის პერიოდში. გარეგანად იხმარება ძნელად შესახორცებელი ჭრილობების, ფურუნკულების, გამონაყრების სამკურნალოდ.

ა. როლოვის მიხედვით (1908) კავკასიის მცხოვრებლები ნედლი მცენარის წვენს, განსაკუთრებით გაზაფხულზე, იყენებდნენ ჭლექის საწინააღმდეგოდ.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები