შორაპნის ციხე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შორაპნის ციხის ნაშთი

შორაპნის ციხე – (ინგლ. Shorapani Castle), ანტიკური ხანის (ძვ. წ. VII - ახ. წ. V სს.) ციხესიმაგრე ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, დაბა შორაპნის ტერიტორიაზე, მდინარეების ყვირილასა და ძირულას შესართავში. წყაროებში პირველად მოხსენებულია ბერძენი ისტორიკოსისა და გეოგრაფის სტრაბონის შრომებში (ძვ. წ. I – ახ. წ. I სს.). XI საუკუნის ქართველი ისტორიკოსის ლეონტი მროველის ცნობით, ციხესიმაგრე ძვ.წ. III საუკუნის დასაწყისში ააგო ქართლის მეფე ფარნავაზ I-მა. სტრაბონისეული ცნობით, ციხესიმაგრე იმდენად დიდი იყო (დაახლოებით 25 ჰა), რომ მასში თავისუფლად ეტეოდა ქალაქის მოსახლეობა. VI საუკუნეში, ირან-ბიზანტიის ომის დროს, შორაპნის ციხე ხელიდან ხელში გადადიოდა. გვიანდელ ეპოქაშიც ეს ციხე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პუნქტი იყო. 1730 წელს ოსმალებმა დაიკავეს, 1770 წელს კი მეფე სოლომონ I-მა გაათავისუფლა.

გალავნის კედლის ნანგრევები

ანტიკურ პერიოდში შორაპანი იყო პუნქტი, სადაც სანაოსნო გზა მთავრდებოდა და სახმელეთო იწყებოდა. იგი ვაჭრებსა და მგზავრებს უზრუნველყოფდა ქარვასლებით, სურსათით, გადასაზიდი სახმელეთო ტრანსპორტით, სამჭედლო სახელოსნოებით, ბაზრითა და სხვ. ვარაუდობენ, რომ აქვე უნდა ყოფილიყო ნავმისადგომი, საბაჟო, უნდა ჰყოლოდათ მცველი რაზმიც, რადგან სავაჭრო გზით მტერსაც შეეძლო მოსვლა და მოყვარესაც. შორაპანი იყო დასავლეთ და აღმოსავლეთ ქვეყნებს შორის სავაჭრო ერთ-ერთი დამაკავშირებელი რგოლი.

შორაპნის ციხის ნანგრევებში შეიმჩნევა ორი ფენა: გვიან ფეოდალური – რიყის ქვის წყობა კირის ხსნარზე და ადრე ფეოდალური – უხეშად გათლილი კვადრების წყობა კირის ხსნარზე. კვადრების სამი-ოთხი რიგის შემდეგ მორიგეობს ხუთრიგიანი აგურის წყობა. ქვისა და აგურის მონაცვლეობიანი წყობა მიეკუთვნება VI საუკუნეს და იგი დამახასიათებელია ბიზანტიური იმპერიის პერიოდის რომაული არქიტექტურისათვის. ციხეს გარს ერტყა მძლავრი გალავანი ნაგები რიყის ქვითა და გამომწვარი აგურით კირის ხსნარზე, რომლის ნაშთი დღესაც შემორჩენილია. ციხე მდ. ყვირილას აუზს უკავშირდებოდა 60 მ სიგრძის გვირაბით. სასმელი წყლით მარაგდებოდა, მიწაში დაფლული, ორი სხვადასხვა დიამეტრის მქონე თიხის მილების წყალსადენით.

XX საუკუნის ბოლოს ჩატარებული არქეოლოგიური გათხრებით გამოვლენილია: ოთხკუთხა ბურჯისებრი კოშკი, იატაკის ფრაგმენტები, კიდევ უფრო ძველი ნაგებობების ნაშთები, წყლის ავზი, ადგილობრივი და უცხოური წარმოების თიხისა და მინის ჭურჭელი, ანტიკური ხანის ნაგებობათა ნანგრევები, რომლებიც ბრტყელი და ღარიანი კრამიტით ყოფილა დახურული, კოლხური ამფორები, ჭურჭელი, იმპორტული შავლაქიანი კერამიკული ნაკეთობანი და სხვ. გამოვლენილი არტეფაქტები ნათლად ადასტურებს შორაპნის ციხის დიდ სავაჭრო გზაზე მდებარეობასა და მის ეკონომიკურ და პოლიტიკურ მნიშვნელობას არა მარტო კოლხეთის, არამედ იბერიისთვისაც.

წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები