ძიუდო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ძიგორი კანო

ძიუდო – (იაპ. ძიუ – მოქნილი, მსუბუქი, დო – გზა). სპორტული ორთაბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახეობა, რომელშიც, გარდა გდებისა, ნებადართულია მტკივნეული და მახრჩობელა ილეთები.

სარჩევი

ისტორია

ძიუდო იაპონური ეროვნული ჭიდაობაა, რომელიც ჯიუ-ჯიცუს მრავალფეროვანი სისტემის საფუძველზე XIX საუკუნის მიწურულს შექმნა ახალგაზრდა პედაგოგმა და მეცნიერმა ძიგორო კანომ. ტერმინი „ჯიუ-ჯიცუ“ XVI საუკუნეში გაჩნდა, როგორც ხელჩართული ბრძოლის უკვე არსებულ სისტემათა გამაერთიანებელი სახელწოდება. ჯიუ-ჯიცუს სამურაების საბრძოლო მომზადებისთვის იყენებდნენ და დიდხანს გასაიდუმლოებული იყო. სტუდენტობის წლებში კი საბრძოლო ხელოვნებამ გაიტაცა. მან 1882 წელს ტოკიოში გახსნა ძიუდოს სკოლა „კოდოკანი“ (გზის წვდომის ტაძარი), რომელიც მრავალი ათეული წლის განმავლობაში ასრულებდა ძიუდოს უმთავრესი ცენტრის ფუნქციას და დღემდე განსაკუთრებული ავტორიტეტით სარგებლობს. კანომ, როგორც იაპონიის განათლების მინისტრის მრჩეველმა, არაერთხელ იმოგზაურა უცხოეთში, რათა პროპაგანდა გაეწია ძიუდოსთვის, ამასთან, შეესწავლა სხვა ხალხების პედაგოგიური და საბრძოლო ხელოვნება.

ძიგორი კანო შეგირდს ასწავლის მტკივნეული ილეთის შესრულების ტექნიკას

კანო და მისი მიმდევრები ათლეტთა ფიზიკურ წვრთნასთან ერთად დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ სულიერ აღზრდას და მორალურ-ესთეტიკურ ღირებულებებს, ძიუდო კი სწორედ ყოველმხრივ განვითარებულ-გაწონასწორებული ადამიანის აღზრდის საუკეთესო საშუალებად მიაჩნდათ. XX საუკუნის დამდეგს ძიუდო შეიტანეს იაპონიის სკოლების, სპეციალური და უმაღლესი სასწავლებლების სასწავლო პროგრამებში, არმიისა და პოლიციის სტრუქტურებში. იაპონელი ძიუდოისტები მსოფლიოს დიდ ქალაქებში მართავდნენ საჩვენებელ ბრძოლებს და სასწავლო ვარჯიშებს, სარბიელზე იწვევდნენ ადგილობრივ ფალავნებს.

წარწერის ტექსტი

კოდოკანის საუკეთესო ძიუდოისტთა მეშვეობით ძიუდო გაიცნეს საფრანგეთში, ინგლისში, იტალიაში, გერმანიაში და ევროპის სხვა ქვეყნებში, აგრეთვე ამერიკაში. თვით იაპონიაში ოფიციალური ეროვნული ჩემპიონატები რეგულარულად ტარდებოდა 1925 წლიდან, გამარჯვებულებს ზეიმს უმართავდნენ და განსაკუთრებული პატივისცემით ეპყრობოდნენ. 1938 წელს იაპონიის სათავეში მილიტარისტული ხელისუფლების მოსვლამ საგრძნობლად შეაფერხა ძიუდოს განვითარება. მხოლოდ ათი წლის შემდეგ განახლდა ეროვნული ჩემპიონატები, აღდგა იაპონიის ძიუდოს ფედერაცია. ძიუდო (სუმოსთან და კენდოსთან ერთად) კვლავ სავალდებულო სასკოლო დისციპლინად გამოცხადდა. პარალელურად ადგილობრივი მნიშვნელობის ტურნირები ტარდებოდა ევროპის რამდენიმე ქვეყანაშიც, რასაც საერთაშორისო შეჯიბრებები და კონტინენტის ოფიციალური ჩემპიონატი მოჰყვა. ევროპელთათვის ახლობელი და მისაღები აღმოჩნდა ძიუდოს ფილოსოფია და ორთაბრძოლის ხელოვნება, რომელიც ემყარება ოსტატობას და არა შიშველ ფიზიკურ ძალას. იაპონელები თვალისჩინივით უფრთხილდებოდნენ ძიუდოს ტრადიციებს, მკაცრად იცავდნენ საბრძოლო-სარიტუალო წესებს და სხვებისგანაც ამასვე მოითხოვდნენ. ცვლილებები უმთავრესად მოჭიდავეთა წონით კატეგორიებად დაყოფას ეხებოდა. თუ თავდაპირველად შეჯიბრებები მხოლოდ აბსოლუტურ კატეგორიაში იმართებოდა, 1963 წლიდან შემოიღეს 4 წონითი კატეგორია (68 კგ, 80 კგ, + 80 კგ და აბსოლუტური). მოგვიანებით წონები კიდევ რამდენიმეჯერ შეიცვალა. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის დაფუძნება (1951) კარგი წინაპირობა იყო საერთაშორისო ტურნირების მოწყობისა და ძიუდოს შემდგომი განვითარებისთვის. შინაურ შეჯიბრებებში დაოსტატებულ იაპონელ ძიუდოისტებს საშუალება მიეცათ უცხოელ მეტოქეებთანაც მოესინჯათ ძალა. თავდაპირველად დიდ ტურნირებში სწორედ იაპონელები იმარჯვებდნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც ძიუდომ ყველა კონტინენტზე მოიკიდა ფეხი, კონკურენციამ საგრძნობლად იმატა.

ძიუდოს ოლიმპიური დებიუტი ტოკიოში შედგა 1964 წელს. ტატამზე გამოვიდნენ 27 ქვეყნის წარმომადგენლები. მედლები გათამაშდა 4 წონით კატეგორიაში. პირველი ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ ტაკეჰიდე ნაკატანი (68 კმ, იაპონია), ისაო ოკანო (80 კმ, იაპონია), ისაო ინოკუმა (+80 კმ, იაპონია) და ანტონიუს ჰეესინკი (აბსოლუტური, ჰოლანდია). მეხიკოში (1968) ძიუდოისტებს არ უასპარეზიათ, მიუნხენის თამაშებიდან (1972) მოყოლებული კი ყველა ოლიმპიადაში მონაწილეობდნენ. ქალთა შორის 1992 წელს გამართულ პირველ ოლიმპიურ ტურნირში გაიმარჯვეს სესილ ნოვაკმა (48 კგ, საფრანგეთი), ალმუდენა მუნოსმა (52 კგ, ესპანეთი), მირიამ ბლასკომ (56 კგ, ესპანეთი), კატერინა ფლორიმ (61 კგ, საფრანგეთი), ოდალის რევემ (66 კგ, კუბა), კიმ მი ჯუნმა (72 კგ, სამხრეთ კორეა), ჩჟუან სიაო იანმა (+72 კგ). 2020 წლის ოლიმპიურ თამაშების პროგრამას დაემატა შერეული გუნდური ტურნირი.

ძიუდო საქართველოში

ანზორ კიკნაძე და ფარნაოზ ჩიკვილაძე ტოკიო 1964 წელი

ძიუდო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და წარმატებული სპორტის სახეობაა საქართველოში. ქართველი მოჭიდავეები ძიუდოისტთა შეჯიბრებაში პირველად გამოვიდნენ 1957 წელს, როცა სსრ კავშირისა და უნგრეთის გუნდების ამხანაგური შეხვედრა გაიმართა. მაშინ საბჭოთა კავშირში ძიუდოს სპორტული ჯგუფები ჯერ კიდევ არ იყო და ნაკრებში სამბისტები შეიყვანეს, მათ შორის – ბიძინა მაზიაშვილი, გურამ სიმონიშვილი, შალვა დაუშვილი და ოთარ შინჯიკაშვილი. ორი წლის შემდეგ გდრ-ის გუნდთან გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში მონაწილეობდნენ ანზორ კიკნაძე, დურმიშხან ბერუაშვილი და ოთარ შინჯიკაშვილი. ქართველმა სპორტსმენებმა ყველა ბრძოლა მოიგეს. სპეციალისტებმა პირველად სწორედ მაშინ მიაქციეს ყურადღება ქართული ჭიდაობისა და ძიუდოს ილეთების მსგავსებას. ქართველ მოჭიდავეთა ოსტატობა კიდევ ერთხელ გამოჩნდა 1962 წელს, როცა თბილისში ჩამოვიდა საფრანგეთის ეროვნული ნაკრები. იმავე წელს საბჭოთა გუნდის შემადგენლობაში ევროპის პირველი ჩემპიონები გახდნენ ანზორ ქიბროწაშვილი და ანზორ კიკნაძე.

წარწერის ტექსტი

აქედან იღებს სათავეს ძიუდოს ქართული სკოლის მიღწევები ოფიციალურ საერთაშორისო შეჯიბრებებში. იმ დროისთვის ძიუდო უკვე ოლიმპიურ სახეობად აღიარეს და მისი განვითარება პრიორიტეტულ საქმედ გამოცხადდა. საქართველოში ძიუდოში ვარჯიშის მრავალი მსურველი გამოჩნდა, ქართული ჭიდაობიდან მოსულ ფალავნებს ეიოლებოდათ იაპონური ჭიდაობის დაუფლება. მწვრთნელებმაც სწრაფად აუღეს ალღო ახალ საქმეს და ჯერ თბილისში, მერე კი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ძიუდოს ათობით ჯგუფი ჩამოაყალიბეს.

საქართველოს დიუდოისტთა ნაკრები და მათი მწვრთნელები

თბილისში წარმატებით მუშაობდნენ ქრისტეფორე ნინიაშვილი და ბიძინა მაზიაშვილი, ქართლში – გურამ პაპიტაშვილი და გივი ზაუტაშვილი. პაპიტაშვილმა გორის პედაგოგიურ ინსტიტუტში გახსნა ძიუდოს სექცია, რომელიც ქართული ძიუდოს ერთ-ერთ ცენტრად იქცა. გორში აღიზარდნენ ევროპის, ოლიმპიური თამაშებისა და მსოფლიოს პირველი ჩემპიონები: ანზორ ქიბროწაშვილი, შოთა ჩოჩიშვილი და თემურ ხუბულური. ძიუდომ ფეხი მოიკიდა ახმეტაში, კასპში, ქარელში, მესტიაში, ლენტეხში, ქუთაისში, საგარეჯოში, დუშეთში, გარდაბანში. საქართველოს უძლიერეს ფალავნებს სისტემატურად იწვევდნენ სსრკ ნაკრებში, ამ გუნდის წევრთა უმრავლესობას ხშირად ქართველები შეადგენდნენ.

ძიუდოს ქართული სკოლა თავად იაპონელებმა აღიარეს. მათ ჯერ საფუძვლიანად შეისწავლეს ქართული ჭიდაობა, შემდეგ კი ქართველი მწვრთნელები პრაქტიკული მეცადინეობების ჩასატარებლად იაპონიაში მიიწვიეს.

ქართულმა ძიუდომ რამდენიმე თაობა გამოიცვალა. თითოეულს თავისი ლიდერები და ჩემპიონები ჰყავდა. პირველი თაობიდან გამოირჩეოდნენ ანზორ კიკნაძე, ანზორ ქიბროწაშვილი და ფარნაოზ ჩიკვილაძე. საერთაშორისო სარბიელზე მათ მიერ მოპოვებული პირველი გამარჯვებები დანარჩენებისთვის მაგალითისა და სტიმულის მიმცემი გამოდგა. 1970-იან წლებში საქართველოს ნაკრებში ახალი ლიდერები გამოჩნდნენ, თავად ეს ნაკრები კი საუკეთესო იყო მთელს საბჭოთა კავშირში.

შოთა ჩოჩიშვილი, გივი ონაშვილი, გურამ გოგოლაური, შენგელი ფიცხელაური, რამაზ ხარშილაძე, თემურ ხუბულური, ჯიბილო ნიჟარაძე, ამირან მუზაევი, შოთა ხაბარელი, დავით ბოდაველი, ოლეგ ზურაბიანი – ამ ფალავნებმა არაერთი გამარჯვება მოიპოვეს ოლიმპიურ თამაშებში, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებში. ძიუდოს განვითარებას ხელი შეუწყო თბილისის ტრადიციულმა საერთაშორისო ტურნირმა (ტარდება 1970 წლიდან), რომელშიც მსოფლიოს უძლიერესი მოჭიდავეები მონაწილეობდნენ. სწორედ ამ ტურნირზე აიდგეს ფეხი კობა კურტანიძემ, ამირან ტოტიკაშვილმა, გიორგი თენაძემ, აკაკი კიბორძალიძემ და სხვა ცნობილმა ძიუდოისტებმა. მათთვის განსაკუთრებით წარმატებული გამოდგა 1989 წელი, როცა კურტანიძე და ტოტიკაშვილი მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ, კიბორძალიძემ ვერცხლის მედალი აიღო, თენაძემ კი – ბრინჯაოსი.

ლონდონის ოლიმპიური თამაშები. ლაშა შავდათუაშვილი

შემდეგ დიდ სარბიელზე გამოჩნდნენ დავით ხახალეიშვილი, გიორგი ვაზაგაშვილი, სოსო ლიპარტელიანი, გიორგი რევაზიშვილი, ნესტორ ხერგიანი, ალექსი დავითაშვილი, ივერი ჯიქურაული, დავით მარგოშვილი, დავით ქევხიშვილი, ზურაბ ზვიადაური. ხახალეიშვილმა გაერთიანებული გუნდის შემადგენლობაში ბარსელონის ოლიმპიური თამაშები მოიგო და მისი ამ გამარჯვების აღსანიშნავად ოლიმპიადების ისტორიაში პირველად აღიმართა საქართველოს დროშა. 4 წლის შემდეგ, ატლანტაში დამოუკიდებელი საქართველოს სახელით პირველი ოლიმპიური მედალი (ბრინჯაო) მოიპოვა ლიპარტელიანმა, 2004 წელს კი ზვიადაური დამოუკიდებელი საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში პირველი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.

2000-იან წლებში, როცა საქართველოს ნაკრებს ოლიმპიური ჩემპიონი შოთა ხაბარელი ხელმძღვანელობდა, გარდა პირადი ტურნირებისა, ჩვენმა ძიუდოისტებმა არაერთ წარმატებას მიაღწიეს ევროპისა და მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატებში, რამაც კიდევ უფრო გაზარდა ძიუდოს ქართული სკოლის ავტორიტეტი. მომდევნო წლების შედეგებიდან განსაკუთრებით გამოსაყოფია ირაკლი ცირეკიძის და ლაშა შავდათუაშვილის წარმატება. ცირეკიძემ 2007 წელს მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო, მომდევნო წელს – ოლიმპიური თამაშები (ცირეკიძე ერთადერთი ქართველი ძიუდოისტია, რომელიც ორივე უმაღლეს ტიტულს ფლობს). შავდათუაშვილი 20 წლის ასაკში, ლონდონში (2012) ოლიმპიურ ოქროს მედალს დაეუფლა, 4 წლის შემდეგ კი რიო დე ჟანეიროში ბრინჯაოს მედალი მიიღო.

2014 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა ავთანდილ ჭრიკიშვილი, 2018 წელს – გურამ თუშიშვილი. ევროპულ და მსოფლიო ტატამზე გამოირჩნენ ზაზა კედელაშვილი, ამირან პაპინაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი, ზურაბ ტატალაშვილი, ზებედა რეხვიაშვილი, უშანგი მარგიანი, ბექა ღვინიაშვილი, ადამ ოქრუაშვილი და სხვები. განსაკუთრებით სტაბილურად გამოდის 2016 წლის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი ვარლამ ლიპარტელიანი, რომელმაც ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე არაერთი მედალი მოიპოვა.

წესები

საერთაშორისო შეჯიბრებები იმართება დარბაზში, სპეციალურ კვადრატულ ხალიჩაზე – ტატამზე, რომელიც მზადდება ელასტიკური, დრეკადი მასალისგან და აქვს სწორი ზედაპირი. ტატამის საერთო ზომებია 14X14 მ, უშუალოდ საჭიდაო ზონისა – 10X10 მ. გარე 4-მეტრიანი პერიმეტრი უსაფრთხო ზონაა.

სპორტსმენებს აცვიათ სამოსი (ძუდოჯი), რომელიც შედგება ტილოს ქურთუკისა (უვაგი) და შარვლისაგან (ცუბონი). კიმონო ლურჯი და თეთრი ფერისაა და იკვრება შესაბამისი ფერის ქამრით (ობი). მეტოქეები ტატამზე ფეხშიშველა გადიან.

შესაბამისი მოგებიანი ქულებით ფასდება დგომში გდებები, შებოჭვა, მახრჩობელა და მტკივნეული ილეთები.

დგომში გდებები ფასდება: ა) ვაზა-არით (ნახევარი გამარჯვება) და ბ) იპონით (წმინდა გამარჯვება).

ვაზა-არი ენიჭება შემტევ („ტორი“) ძიუდოისტს, რომლის აქტივობის შედეგად დაცვით პოზიციაში მყოფი მეტოქე („უკე“) ეხება ტატამს გვერდულად, არასრული ზურგით ან ერთდროულად საჯდომით და 2 ზედა სახსრით. 2 ვაზა-არი იპონის ტოლფასია („ვაზა-არი ავასაძე იპონ”).

იპონი ენიჭება შემტევს, რომლის აქტივობის შედეგად მისი მეტოქე ზურგით ეხება ტატამს ან გადაგორდება ტატამზე სრული ზურგით.

ქვეჭიდში ფასდება: ა) შებოჭვა (ოსაე კომი), ბ) მახრჩობელა (შემე ვაზა) ილეთი და ბ) მტკივნეული (კვან სუსუ ვაზა) ილეთი.

შებოჭვა იწყება იმ მომენტიდან, როდესაც შემტევი ძიუდოისტი სრულად აკონტროლებს ტატამზე ზურგით დაწოლილი მეტოქის ტანს და/ან ერთ კიდურს. თუ შებოჭვა გრძელდება 10-19 წამის განმავლობაში, ფასდება ვაზა-არით, 20 წამის განმავლობაში – იპონით.

მახრჩობელა ილეთი შესრულებულად ითვლება და შემტევს იპონით გამარჯვება ენიჭება, თუ საძილე არტერიებზე განხორციელებული შეტევის შედეგად მეტოქე გრძნობას კარგავს ან იძულებულია დანებდეს („მაიტა“).

მტკივნეული ილეთი ასევე ფასდება იპონით და კეთდება იდაყვის სახსარზე, როდესაც დაცვით პოზიციაში მყოფი ძიუდოისტი იძულებულია დანებდეს ხელის ტატამზე დარტყმით ან შეძახილით – „მაიტა.“

ბრძოლის წესების დარღვევისა და პასიურობისთვის მოჭიდავეს ეძლევა: ა) შენიშვნა (შიდო – შეესატყვისება კოკა-ს); ბ) გაფრთხილება (ჩუი – შეესატყვისება იუკო-ს); გ) ოფიციალური გაფრთხილება (კეი-კოკუ – შეესატყვისება ვაზარს); დ) დისკვალიფიკაცია (ჰანსოკუ-მაკე – შეესატყვისება იპონ-ს).

ძიუდოისტი დამარცხებულად ცხადდება: ა) მეტოქისთვის განზრახ ტრავმის მიყენების ან ყველა ისეთი ქმედების გამო, რაც ეწინააღმდეგება ძიუდოს სპორტულ სულს („ჰანსოკუ მაკე“); ბ) ერთ შეხვედრაში ერთბაშად სამი შედარებით მსუბუქი დარღვევის („შიდო“) შემთხვევაში.

შეხვედრა გრძელდება 4 წუთს (წმინდა დრო). ძირითადი დროის თანაბარი ქულებით ან შეფასების გარეშე (გაფრთხილებების რაოდენობის მიუხედავად, გარდა „ჰანსოკუ მაკეთი“ დასჯისა) დასრულების შემთხვევაში, გამარჯვებულის გამოსავლენად ინიშნება დამატებითი დრო პირველ მოპოვებულ ქულამდე („ოქროს ქულა“). შეხვედრას სჯიან მსაჯი ტატამზე და ორი გვერდითი მსაჯი. ტატამის მსაჯი აფასებს ილეთებს, აფიქსირებს წესების დარღვევას და გამოავლენს გამარჯვებულს. გვერდით მსაჯებს უფლება აქვთ დაადასტურონ ან უარყონ ტატამის მსაჯის გადაწყვეტილება ხმათა უმრავლესობის წესით.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები