წყალბურთი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

წყალბურთი − (ინგლ. Waterpolo). გუნდური თამაში წყალში ბურთით.

„წყლის ფეხბურთი“, „წყლის რაგბი“ - თავდაპირველად ასე მოინათლა ინგლისის საკურორტო ქალაქ ბორნმუთის ნიჩბოსანთა კლუბის წევრების მიერ გამოგონილი თამაში, რომელსაც ამჟამად ჩვენებურად წყალბურთი, ინგლისურად კი ვატერპოლო, ანუ „წყლის პოლო“ ჰქვია.

სარჩევი

ისტორია

1960-იანი წლების თბილისის „დინამოა” მელბურნის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი ნოდარ გვახარის წვრთნიდა, გუნდში კი სხვებთან ერთად თამაშობდნენ რომის ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორები - გივი ჩიქვანაია(პირველ რიგში, მარცხნიდან მეორე) და ლერი გოგოლაძე (მეორე რიგში მარცხნიდან მეორე)

1869 წელს ნიჩბოსანთა ვარჯიშის დროს წყალში სალაღობოდ გაჩაღებულმა ფეხბურთის ბურთით თამაშმა მალე ლონდონშიც ჩააღწია, სადაც ჯერ ადგილობრივ მოცურავეთა კლუბებში გავრცელდა, 1877 წელს შოტლანდიაში პირველი მარტივი წესებიც შეიმუშავეს. მაშინ თითოეულ გუნდში 11-11 კაცი თამაშობდა. სათამაშო ტერიტორიისა და კარების საზღვრები დროშებით იყო მონიშნული, მეკარეები კი აუზის კიდესთან ან ღია წყლის პირას იდგნენ და წყალში მხოლოდ მეტოქის სახიფათო შეტევისას ხტებოდნენ. სწორედ ამ წესებით და ფეხბურთის ბურთით ჩატარდა 1874 წელს ლონდონში პირველი ოფიციალური მატჩი წყალბურთში, ათ წელიწადში კი „წყლის ფეხბურთის ასოციაციის“ წევრებმა პირველი ჩემპიონატიც გამართეს.

წარწერის ტექსტი

პირველი საერთაშორისო შეხვედრა 1890 წელს მოეწყო და ინგლისური წესებით ჩატარებულ მატჩში მასპინძლები მეზობელ შოტლანდიელებთან 0:4 დამარცხდნენ. ასევე წარუმატებელი საპასუხო სტუმრობის შემდეგ ინგლისელებმა თავიანთი და შოტლანდიური წესების შერწყმა და იმავე შოტლანდიელების მიერ შექმნილი ახალი, წყალბურთისთვის უფრო მოხერხებული ბურთით თამაში გადაწყვიტეს. ახალი წესები ოფიციალურად 1892 წელს გაფორმდა ლივერპულში.

XIX საუკუნის ბოლოს წყალბურთმა ბრიტანეთის საზღვრები გადალახა. იგი სწრაფად გავრცელდა ევროპის ქვეყნებსა (უნგრეთი, გერმანია, საფრანგეთი, ბელგია) და აშშ-ში (წყალბურთელთა პირველი ამერიკული გუნდი 1888 წელს ბოსტონში ჩამოაყალიბა ცურვის ინგლისელმა ინსტრუქტორმა ჯონ რობინსონმა), რის გამოც სპორტის ეს სახეობა 1900 წლის პარიზის II ოლიმპიური თამაშების პროგრამაშიც შეიტანეს. ამის მიუხედავად, სხვადასხვა ქვეყანაში მიღებული წესების სხვადასხვაობის გამო, საერთაშორისო მატჩები ხშირად უთანხმოებას და მონაწილეთა შორის კონფლიქტს იწვევდა. მაგალითად, აშშ-ში ჩამოყალიბებული წესები (გამოქვეყნდა 1891 წლის 28 თებერვალს) გაცილებით ძალისმიერი თამაშის საშუალებას იძლეოდა, რაც ადგილობრივ მაყურებელს მოსწონდა (ზოგჯერ აშშ-ის ჩემპიონატის მატჩებს ნიუ-იორკის „მედისონ სქვეარ გარდენში“ 14 ათასამდე კაცი ესწრებოდა), მაგრამ სხვა ქვეყნების გუნდებთან შეხვედრას შეუძლებელს ხდიდა. ამიტომაც არ ჩავიდა აშშ-ის ნაკრები პარიზის ოლიმპიადაზე (ინგლისური წყალბურთი ქალიშვილების თამაშია, ჩვენ კი კაცურ სპორტს მივდევთო, – თქვა გუნდის კაპიტანმა), ხოლო მომდევნო, სენტ-ლუისის თამაშებზე ჩასულმა ევროპულმა გუნდებმა წესების გაცნობის შემდეგ ტურნირში მონაწილეობაზე უარი თქვეს. შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი ცურვის საერთაშორისო ფედერაციამ იპოვა, როცა 1911 წელს თავის წევრ ქვეყნებს „ინგლისური წესებით“ თამაში მოსთხოვა და ამით ხელი შეუწყო მთელ მსოფლიოში წყალბურთის კიდევ უფრო გავრცელებას. 1926 წელს ცურვის საერთაშორისო ფედერაციაში შეიქმნა წყალბურთის კომიტეტი, რომელიც ამჟამად 160-მდე წევრს აერთიანებს. იმავე წელს გაიმართა ევროპის - პირველი ჩემპიონატი — პირველიცა და მომდევნო ოთხი ჩემპიონატიც უნგრეთის ნაკრებმა მოიგო. XX საუკუნის დასაწყისიდან წყალბურთში ქალებიც ჩაებნენ. მართალია, 1920-იან წლებში გავრცელებულმა აზრმა, რომ სპორტის ეს სახეობა ქალების ჯანმრთელობას ზიანს აყენებდა, ქალთა წყალბურთის განვითარება ოდნავ შეაფერხა, მაგრამ 1950-იან წლებში როზმერი დაუსონის თაოსნობით იგი კვლავ აღორძინდა და მალე მეტად პოპულარულიც გახდა აშშ-ში, სადაც 1961 წელს ქვეყნის პირველი ჩემპიონატი გაიმართა.

ოლიმპიურ თამაშებზე წყალბურთის დებიუტი 1900 წელს პარიზში შედგა. ოთხგუნდიანი ტურნირი ბრიტანელების გამარჯვებით დამთავრდა – ოქროს მედლები ქვეყნის სახელით მოასპარეზე მანჩესტერის მოცურავეთა კლუბის წევრებმა მოიპოვეს. 1904 წელს სენტ-ლუისში, სადაც მხოლოდ მასპინძელთა სამი გუნდი თამაშობდა, გამარჯვება ნიუ-იორკელებს დარჩათ. მომდევნო ოლიმპიადებზე (1908, 1912, 1920) ისევ ბრიტანელები იმარჯვებდნენ, შემდეგ კი ოლიმპიურ ტურნირებს ძირითადად აღმოსავლეთ ევროპის გუნდები იგებდნენ. განსაკუთრებით გამოირჩეოდა უნგრეთის ნაკრები, რომელმაც ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული ცხრაჯერ მოიპოვა.

წყელბურთი სქრთველოში

ვლადიმერ ისელიძემ საბჭოთა კავშირის ნაკრებთან ერთად 1976 წელს მონრეალის ოლიმპიადაზე ითამაშა (VIII ადგილი)

წყალბურთი საქართველოში XX საუკუნ 20-იანი წლების დასაწყისში გაიცნეს. პირველი შეჯიბრება 1927 წელს გაიმართა ბათუმში წყალჯომარდობის დღესასწაულის პროგრამით. იმ პერიოდში წყალბურთს ზღვის სანაპიროზე მოწყობილ წყალჯომარდობის სადგურებში თამაშობდნენ (ბათუმში, ფოთში, სოხუმში, მოგვიანებით - თბილისში). ამ სახეობის შემდგომი გავრცელება საცურაო აუზების მშენებლობას უკავშირდება.

პირველი წყალბურთელები იყვნენ მოცურავეები, მათ შორის საქართველოს მრავალგზის რეკორდსმენები – პეტრე მშვენიერაძე, ნოდარ გვახარია და პეტრე ბრეუსი. მშვენიერაძე მალე მოსკოვის „დინამოში გადავიდა, შემდეგ კი, სსრკ ნაკრებში ჩაირიცხა და მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი წყალბურთელის სახელიც მოიპოვა განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ცნობილი მოცურავის, წყალბურთელისა მწვრთნელ-ორგანიზატორის ლუკა იოაკიმიდის ღვაწლი საქართველოში წყალბურთის განვითარებაში. მისი თაოსნობით სპორტსაზოგადოება „დინამოში“ გაიხსნა ხურვის წყალბურთის ჯგუფები. მოგვიანებით დინამოელმა წყალბურთელებმა თვალსაჩინო წარმატებები მოიპოვეს საკავშირო და საერთაშორისო სარბიელზე. თბილისის „დინამო“ არაერთხელ იყო სსრკ ჩემპიონატის პრიზიორი, ცალკეული წყალბურთელები კი - დიდი ტურნირების მედალოსნები. პირველი თაობის წარმომადგენელთა შორის უნდა გამოვყოთ ნოდარ გვახარია. მან პირველმა მოიპოვა ოლიმპიური თამაშებისა (2956, ბრინჯაო) და ევროპის ჩემპიონატის (1958 ბრინჯაო) მედლები. პირველს მიენიჭა სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდება (1960). საბჭოთა ნაკრების შემადგენლობაში ევროპულ და ოლიმპიურ სარბიელზე თავი გამოიჩინეს ლერი გოგოლაძემ, გივი ჩიქვანაიამ და მიხეილ გიორგაძემ, რომელიც 1982 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

საქართველოს გუნდებლა პირველი საერთაშორისო მატჩი გამართეს 1958 წელს თბილისში გდრ-ის მეორე ნაკრებთან. პირველ შეხვედრაში იმარჯვა თბილისის „დინამომ“ (4:2), მეორეში თბილისის „ბურევესტნიკი“ დამარცხდა (5:6), მესამე მატჩი კი საქართველოს ნაკრებმა მოიგო (4:0). მოგვიანებით პოპულარობა მოიპოვა თბილისის საერთაშორისო ტურნირმა, რომელშიც სხვადასხვა დროს მონაწილეობდნენ იტალიის, ესპანეთის, გფრ-ის, იუგოსლავიის, რუმინეთის, საბერძნეთის , სსრ კავშირის, აშშ-ის, კუბის ნეკრები გუნდები. ამ ტურნირებში ქართველმა წყალბურთელებმა 5-ჯერ დაიკავეს საპრიზო ადგილები. ამის გარდა, საქართველოს სახელით მოთამაშე თბილისის „დინამომ“ სსრკ ხალხთა სპარტაკიადებში 3-ჯერ ვერცხლის (1956, 63, 79) და 2-ჯერ (1959, 67) ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო 1979 წელს მოპოვებული მეორე საპრიზო ადგილი, როცა ამ ტურნირში უცხოეთის გუნდებიც გამოდიოდნენ (იუგოსლავია, უნგრეთი, რუმინეთი). სხვადასხვა დროს დინამოელთა გუნდში გამოირჩეოდნენ ზურაბ ჩაჩავა, ბორის მეგედი, ვლადიმერ გოიაშვილი, ირაკლი სხირტლაძე, ვასილ სანაძე, ომარ მიმინოშვილი, მურთაზ გულედანი, ვლადიმერ ისელიძე, ნოდარ კურტანიძე, დავით რურუა გელა ტუკვაძე და სხვები.

დამოუკიდებლობის პირველ წლებში საქართველოში წყალბურთის განვითარება მნიშვნელოვნად შეფერხდა. იშვიათად ტარდებოდა შეჯიბრებები. ჩვენი ახალგაზრდული გუნდი უკრაინის ღია ჩემპიონატში გამოდიოდა და იქ იმაღლებდა ოსტატობას. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და წყალბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობის ინიციატივით 2008 წელს შემუშავდა და ამოქმედდა წყალბურთის განვითარების გრძელვადიანი პროგრამა. აშენდა თანამედროვე საწყლოსნო კომპლექსი, განახლდა შეჯიბრებები, ჩამოყალიბდა ეროვნული და ასაკობრივი ნაკრები გუნდები, რომლებიც ჩაებნენ ოფიციალურ საერთაშორისო ტურნირებში. ჩვენმა ნაკრებმა სამჯერ დაძლია ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი და ფინალურ ტურნირში იასპარეზა.

წესებს

წყალბურთი გუნდური თამაშია. თითოეულ გუნდში თამაშობს 7-7 წყალბურთელი (სათადარიგოთა ჩათვლით — 11-11). მოთამაშეთა მიზანია საკუთარი კარის დაცვა და მეტოქის კარში ბურთის გატანა. შეჯიბრებები ტარდება 50-მეტრიან აუზში. უშუალოდ სათამაშო მოედნის ზომებია 30X20 მ (ქალებისთვის – 25X17 მ), ხოლო აუზის სიღრმე — სულ მცირე 2 მ. აუზი დაყოფილია ფერადი ქერქელაჭებით გავლებული რამდენიმე წარმოსახვითი ხაზით. ცენტრალური ხაზი თეთრი ფერისაა, 2-მეტრიანი ხაზი – წითელი, 4-მეტრიანი — ყვითელი, ხოლო 7-მეტრიანი – მწვანე. კარი თეთრად არის შეღებილი, მისი ზომებია 3X0,9. ბურთი წყალგაუმტარი მასალისაგან მზადდება. მისი გარშემოწერილობაა 68-71 სმ, წონა — 400-450 გ.

მატჩის მონაწილეებს საცურაო ტრუსები აცვიათ. ერთი გუნდის მოთამაშეებს თეთრი ფერის ქუდები ახურავთ, მეორისას კი – ცისფერი. მეკარეები წითელი ქუდებით თამაშობენ, ნომრები ქუდებზე აწერიათ. თამაში შედგება ოთხი 8-8-წუთიანი პერიოდისგან (წმინდა - პირველი და მესამე შესვენება – 2 წთ ორე შესვენება — 5 წთ. შეცვლათა - დენობა შეზღუდული არ არის.

შეხვედრის დაწყების წინ გუნდები საკუთარი კარის ხაზზე ეწყობიან. ამ დროს ბურთი მოედნის ცენტრში, სპეციალურ ტივტივაზე დევს. მსაჯის სასტვენის ხმაზე ტივტივა იძირება, ბურთი კი წყლის ზედაპირზე რჩება. ორივე გუნდიდან ყველაზე სწრაფი მოთამაშე ბურთის ხელში ჩასაგდებად ცენტრისკენ გაცურდება. ვინც ბურთს იხელთებს, პირველი ის შეუტევს. თავდამსხმელებს შეტევის დასასრულებლად, ანუ ბურთის კარში სატყორცნელად 30 წამი ეძლევათ. თუ ამ დროის განმავლობაში ტყორცნა ვერ მოახერხეს, ბურთი მეტოქეებს გადაეცემათ და შეტევას ახლა ისინი წამოიწყებენ. ბურთი გატანილად ითვლება მაშინ, როცა მთლიანად გადაკვეთს კარის ხაზს. მოთამაშეები მთელი შეხვედრის განმავლობაში წყლის ზედაპირზე უნდა ტივტივებდნენ, აუზის ფსკერზე დგომა და ბორტების შეხება ეკრძალებათ. აკრძალულია ბურთზე ორივე ხელით შეხაბა (გარდა მეკარისა) ბურთის წყალქვეშ გაჩერება, უბურთო მეტოქეზე თავდასხმა, ხელის ან ფეხის კვრა. პენალტი ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ თამაშის წესები დაცვის 4-მეტრიან ზონაში დაირღვა. იმარჯვებს ის გუნდი, რომელიც მეტოქის კარში მეტ გოლს გაიტანს.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები