ოიდიპოსი კოლონოსში (სოფოკლეს ტრაგედია)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
(წყარო)
ხაზი 29: ხაზი 29:
  
 
=== წყარო ===
 
=== წყარო ===
* მსოფლიო თეატრის ოსტორია წიგნი I
+
* [[მსოფლიო თეატრის ოსტორია წიგნი I]]
 
[[კატეგორია:ძველბერძნული თეატრი]]
 
[[კატეგორია:ძველბერძნული თეატრი]]
 
[[კატეგორია:ანტიკური ტრაგედია]]
 
[[კატეგორია:ანტიკური ტრაგედია]]

11:28, 14 ივნისი 2023-ის ვერსია

„ოიდიპოსი კოლონოსში“ - ძველი ბერძენი დრამატურგის სოფოკლეს ტრაგედია.

„ოიდიპოსი კოლონოსში“ თებეს ციკლის ჩვენამდე მოღწეული უკანასკნელი პიესა - დრამატურგთა შეჯიბრზე 401 წელს (სოფოკლეს გარდაცვალების შემდეგ) იქნა წარმოდგენილი. ეს პიესა ოიდიპოსის ისტორიის ეპილოგია წარმოადგენს. უსინათლო მეფე უმცროს ქალიშვილთან - ანტიგონესთან ერთად, რომელმაც მისი გამყოლობა იტვირთა, კოლონოსში ჩადის. კოლონოსი – ათენის გარეუბანში მდებარე პატარა ქალაქია, სადაც სოფოკლე დაიბადა. ისევე, როგორც ესქილესორესტეა“, ოიდიპოსის ისტორიაც ატიკისა და ათენის მიწაზე სრულდება. ეს გარემოება სოფოკლეს საშუალებას აძლევს, კიდევ ერთხელ გასუვას ხაზი ათენის კულტურულ უპირატესობას თებესთან მიმართებაში, ღვთაებრივი და ადამიანური სამართლიანობისა და თავისუფლების პრინციპებთან მის სიახლოვეს.

პიესაში მოვლენები შემდეგნაირად ვითარდება: კოლონოსში ოიდიპოსს მეორე ქალიშვილი ისმენე ჩამოაკითხავს და ორაკულის ნათქვამს გააცნობს, რომლის თანახმადაც ოდიპოსი იმ ქვეყნის მფარველი გახდება, სადაც აღესრულება. თუ თებემ მისი შინ დაბრუნება ვერ მოახერხა, დაღუპვა ელის. ამის შესახებ იციან კრეონმა და მისმა ვაჟებმა, ეტეოკლემ და პოლინიკემ. კრეონი კოლონოსში ჩამოდის, რათა ოიდიპოსი ნებითა თუ ძალით თებეში წაიყვანოს ქალაქის საკეთილდღეოდ. მაგრამ თავის ვაჟებსა და თებელებზე განაწყენებული ოიდიპოსი არც კრეონს მიჰყვება და არც პოლინიკეს, რომელიც ძმასთან განხეთქილების გამო არგოსში გაიქცა. ოიდიპოსს ათენის სტუმართმოყვარე და ბრძენი მმართველი თესევსი ექომაგება. სწორედ ათენი აღმოჩნდება ის ადგილი, სადაც ევმენიდების ჭალაში ოიდიპოსი სასწაულებრივად აღესრულება და ადგილის წმინდა გმირად – ჰეროსად იქცევა.

პიესის პროლოგში ოიდიპოსი სახელოვანი მეფე კი არა ბრმა და უსახლკარო მოხუცია. მოახლოებული სიკვდილის ჟამს ის თავისი აღსასრულის ადგილს მოადგა, როგორც აპოლონისგან ჰქონდა ნაწინასწარმეტყველები. ტრაგედიაში აღარ დგას ოიდიპოსის ბრალეულობის საკითხი. მეტიც, ის თითქოს სიწმინდის შარავანდედითაა მოსილი. ადამიანებში მოწიწებას იწვევს მისი ტანჯვა და სიმამაცე. ოიდიპოსმა მარადისობის ზღურბლს მიაღწია, მას მიწიერი დიდება აღარ აღელვებს, ამჯერად ის მსაჯულისა და მომავალი მფარველის სტატუსით გვევლინება. მისი ღირსება და ღირებულება ღმერთებმა და ადამიანებმა აღიარეს. კოლონოსში ჩამოსული ოიდიპოსი აღარც ძალმოსილი მმართველია, როგორც „ოიდიპოს მეფის“ დასაწყისში და აღარც სასოწარკვეთილი და უბედურებით გატეხილი ადამიანი, როგორც იმავე ტრაგედიის დასასრულს. მისივე თქმით, ტანჯვამ და განსაცდელმა მას მოთმინება ასწავლა. თავდაპირველად მან და ანტიგონემ არ იციან, თუ სად აღმოჩნდნენ. როდესაც შეიტყობენ, რომ კოლონოსში არიან, ოიდიპოსი ხვდება, რომ მისი ცხოვრება მალე დასრულდება, რადგან მან დანიშნულების ადგილს მიაღწია. მას აღარ სტანჯავს ჩადენილი დანაშაულის განცდა, რადგან სიბრძნის ახალ საფეხურზე ასულმა გააცნობიერა ადამიანთა ბედისწერის კანონზომიერებანი. „... უდანაშაულო ვარ!/ ეს ღმერთების სურვილი იყო...“, ეუბნება ის მის წასაყვანად ჩამოსულ კრეონს.

როდესაც კრეონი ოიდიპოსს თებეში დაბრუნებაზე ნებით ვერ დაითანხმებს, ძალას მიმართავს, თავის რაზმს ანტიგონესა და ისმენეს შეაპყრობინებს, რათა უგამყოლოდ დარჩენილი მეფე დანებდეს. მაგრამ ათენელები კრეონს ძალადობის ნებას არ მისცემენ. აქ იკვეთება ტრაგედიის ეთიკური და ჰუმანური არსი. კრეონი განცვიფრებულია, რომ კოლონოსელთა ქორო ლტოლვილებს ექომაგება, ოიდიპოსი ხომ გაუგონარ დანაშაულებათა წყებით წაბილწული ადამიანია – მამის მკვლელი და დედის ქმარი. ის არწმუნებს თესევსსა და ქოროს, რომ ათენის მიწაზე თვითნებობა მხოლოდ იმიტომ გაბედა, რომ დარწმუნებული იყო, ათენის არეოპაგი ასეთ მოხეტესა და მაწანწალას ქვეყანაში ცხოვრების ნებას არ დართავდა. თუმცა ქოროს აზრით, მოგზაური სუფთაა და მიუხედავად მისი განსაცდელის დამღუპველობისა, დახმარებას იმსახურებს. ტრაგედიის მესამე სტასიმში ქორო ადამიანის სიცოცხლის საზრისზე მღერის, მისი აზრით, ის აჯობებდა, ადამიანი საერთოდ რომ არ იბადებოდეს, რადგან ცხოვრება ყველას მძიმე განსაცდელს უმზადებს, რომელსაც ვერავინ აიცილებს თავიდან, ხოლო ყველა დაბადებულის საბოლოო ხვედრი სიკვდილია.

თესევსი, ათენის მმართველი, თავიდანვე მოწიწებითა და პატივისცემით ხვდება ოიდიპოსს და მზად არის, ყველანაირი დახმარება აღმოუჩინოს. ოიდიპოსს ბედისწერაში ის დანაშაულს კი არა ბედის განსაცდელს ხედავს. თავადაც უცხო მხარეში გაზრდილს მრავალი სახიფათო თავგადასავალი გადახდა თავს. თესევსმა იცის, რომ მხოლოდ ადამიანია და სამეფო ღირსება სხვაზე აღმატებულ უფლებებს არ ანიჭებს.

თებესაგან განსხვავებით, ათენის სამეფო ის ადგილი აღმოჩნდება, სადაც ოიდიპოსის ხვედრი კი არ აშინებთ, არამედ თანაგრძნობით და გაგებით ეკიდებიან. ისინი ჭეშმარიტი სამართლისა და სიბრძნის პრინციპებთან გაცილებით უფრო ახლოს დგანან და სტუმართმოყვარეობისა და ადამიანური თანაგრძნობის კანონებს პატივს სცემენ. ამიტომაც, ოიდიპოსი თავისი ცხოვრების ბოლო საფეხურზე, უკვე ათენს „ეკუთვნის“ და არა თებეს, სფინქსის, ზედაპირული ცალმხრივი ცოდნის ქალაქს, რადგან მხოლოდ ათენია მზად გაიგოს და მიიღოს ის, როგორც ადამიანის მიწიერი ბედისწერის სიმბოლო. ისევე, როგორც ესქილეს „ორესტეა“, ოიდიპოსის ისტორიაც ათენში სრულდება, როგორც ბერძნული სულიერების ევოლუციის უმაღლეს წერტილში

ოიდიპოსის ფინალური აპოთეოზის დადგომამდე სოფოკლეს მოქმედებაში ოიდიპოსის პოლინიკესთან შეხვედრის ეპიზოდი შემოაქვს. ოიდიპოსს სურს საძულველ შვილს თავი აარიდოს, მაგრამ თესევსისა და ანტიგონეს თხოვნით პოსეიდონის საკურთხეველთან მაინც ხვდება ვაჟს. ეტეოკლეს მიერ თებედან გაძევებული პოლინიკე, როგორც უფროსი ვაჟი, სამართლიანობის აღდგენას ესწრაფვის. არგოსს თავშეფარებულმა მან მეფე ადრასტეს ქალიშვილზე იქორწინა და ახლა ჯარით აპირებს თებეზე გალაშქრებას და ტახტზე ასვლას. ის მამისაგან ითხოვს თანადგომასა და მხარდაჭერას, რადგან მასავით დაჩაგრულად და გაძევებულად მიაჩნია თავი. ოიდიპოსი ვაჟის თხოვნას არ შეიწყნარებს, მეტიც, ის ორივეს – ეტეოკლესა და პოლინიკეს წყევლის და მომავალ შეტაკებაში ერთმანეთის ხელით დაცემას უწინასწარმეტყველებს. ანტიგონე შეეცდება პოლინიკეს გადაწყვეტილება შეაცვლევინოს, მაგრამ ვერაფერს გააწყობს.

ოიდიპოსი ვაჟების მიმართ შეუწყნარებელია. ის პოლინიკეს მამის მკვლელს უწოდებს, რადგან არც პოლინიკემ და არც ეტეოკლემ არაფერი იღონეს უმწეო მამის გადასარჩენად და სასიკვდილოდ გასწირეს ის, ანტიგონესა და ისმენესაგან განსხვავებით. მაშინ, როდესაც თავად ოიდიპოსი ბედისწერას იმიტომ ეურჩებოდა, რომ თავისი მშობლებისათვის უნებლიე ვნება არ მიეყენებინა და ამის გამო სამეფოსა და დიდებაზე თქვა უარი, ეტეოკლემ და პოლინიკემ მამის მიმართ მცირედი თანადგომაც არ გამოიჩინეს, ქალაქიდან გააძევეს და ძალაუფლებისათვის ბრძოლა დაიწყეს. განბრძობილი ოიდიპოსი დისტანცირებულად უცქერს მათ ბედისწერას. შეიძლება ითქვას, რომ მისი წყევლა და წინასწარმეტყველება კიდევ ერთი შესაძლებლობაა პოლინიკესთვის, რომ არჩევანი გააკეთოს და ძმათამკვლელი ომი არ წამოიწყოს. თუმცა პოლინიკე თავისი ბედისწერის შესახვედრად მიდის.

თავის ბედისწერისკენ მიემართება ოიდიპოსიც, ტანჯვით განბრძობილი ათენის მფარველად უნდა გარდაისახოს. მისი სიკვდილის საიდუმლოებას მხოლოდ თესევსი იხილავს. მაცნეს თქმით, თესევსის გარდა, არავინ იცის, როგორ „გაქრა“ ოიდიპოსი, მოკვდავთა შორის გამორჩეული.

ტრაგედიაში სოფოკლეს პოლიტიკური, ეთიკური და ფილოსოფიური მსოფლმხედველობაა ასახული. თესევსის სახით ის ჭკვიან, მამაცსა და დემოკრატ მეფეს წარმოგვიდგენს. კოლონოსის მცხოვრებლები შემწყნარებელი და ღირსეული მოქალაქეების მაგალითს ქმნიან. მმართველსა და მოქალაქეებს შორის თანხმობა სუფევს. შეიძლება ითქვას, რომ ტრაგედიის ათენი იდეალური ქალაქის ნიშნებსაც კი იძენს ნაწარმოებში.

თამარ ბოკუჩავა


იხილე აგრეთვე

სოფოკლეს ტრაგედიები

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები